დღეს სლოვენიის ქალაქ კიდრიჩევოში დინამოელებმა მეორე სპარინგ მატჩი გამართეს. თბილისელთა მეტოქე სლოვენიის პირველობის მესამეადგილოსანი დომჟალე გახლდათ. მატჩი, რომელიც ძლიერი წვიმის თანხლებით წარიმართა, დინამოელთა გამარჯვებით 3:1 დასრულდა.
გია გეგუჩაძემ შეიძლება ითქვას ორი განსხვავებული შემადგენლობით ათამაშა თბილისელები. პირველი ტაიმი დინამოელებმა საკმაოდ აქტიურად და შედეგიანად ჩაატარეს. სათამაშო ინიციატივა პირველივე წუთებიდან მოიპოვეს და მეტოქეს სამი გოლიც გაუტანეს. ანგარიში მე- 6 წუთზე ალექსანდრე იაშვილმა ტექნიკური დარტყმით გახსნა. დინამოს ვეტერანს საგოლე პასი გიორგი ქვილითაიამ გადააწოდა. 8 წუთის შემდეგ ასისტენტის როლში თავად იაშვილი გახლდათ. ბურთი გიორგი პაპუნაშვილმა მიიღო და ორამდე გაზარდა დინამოს უპირატესობა. 33- ე წუთზე ჩვენი გუნდის კარში პენალტი დაინიშნა. ლიბორ ჰრდლიჩკამ ზუსტად ითამაშა და ბურთი კუთხურზე მოიგერია. პირველი ტაიმის ბოლო წუთზე ამჯერად დინამომ მიიღო თერთმეტმეტრიანი დარტყმის შესრულების უფლება, რომელიც ზუსტად გამოიყენა მათე ცინცაძემ და 3:0 გახადა ანგარიში. პენალტი კი ალექსანდრე იაშვილის ლამაზ თამაშს და უზადო ტექნიკის დემონსტრირებას მოჰყვა. მეორე ტაიმში დინამოს შემადგენლობაში გიორგი გველესიანის გარდა ყველა ფეხბურთელი შეიცვალა. 66- ე წუთზე დავით ვოლკოვმა ითამაშა კარგად, მისი დარტყმული კი მეტოქის კიპერმა კუთხურზე მოიგერა. დინამოელთა მომდევნო ორი შეტევაც საკამოდ სახიფათო გამოდგა. შემდეგ საბა ლობჟანიძე არტყავდა ძლიერად, მაგრამ მეკარემ იყოჩაღა. 82- ე წუთზე მეტოქემ მოახერხა ერთი გოლის გატანა. საბოლოოდ მატჩი დინამოს გამარჯვებით 3:1 დასრულდა. მომდევნო სპარინგს თბილისელები 23 ივნისს რუმინული პეტროლულის წინააღმდეგ გამართავენ.
დინამო 3:1 დომჟალე
გოლი: 1:0 იაშვილი 6’ 2:0 პაპუნაშვილი 14’ 3:0 ცინცაძე (პენ) 45’ 3:1 ალვირი (82)
დინამო: ჰრდლიჩკა (ბეგაშვილი 46), გველესიანი, ჭელიძე (ჯაფიაშვილი 72), კაკაბაძე (ტვილდიანი 46), თოთაძე (გურული 51), ცინცაძე (ჯანელიძე 58), ჯიღაური (პარუნაშვილი 46), კიტეიშვილი (ლობჟანიძე 46), პაპუნაშვილი (ჭანტურიშვილი 46), იაშვილი (არაბული 46), ქვილითაია (ვოლკოვი 46)
დომჟალე: მილიჩი, ჰორიცი, ჩრნიცი, შიშიჩი, ჰორვატი, დობროკოლიცი, ბალკოვეცი, ეტეროვიჩი, მაიერი, კოუსი, კეიტა