20 წლის ფორვარდი დავით ვოლკოვი აპრილში გამოჩნდა ძირითად გუნდში. სამი მატჩი ჩაატარა და აქედან ორი უმნიშვნელოვანესი გოლიც გაიტანა. დათო დინამოსთან ერთად იმყოფება შეკრებაზე და გუნდის მომავალს საკამოდ ოპტიმისტურად უყურებს.
დავით ვოლკოვი: ორი სეზონია, რაც დინამოში ვარ. ჯერ მეორე გუნდის შემადგენლობაში გამოვდიოდი, შემდეგ კი დუბლებში. გაზაფხულზე სანაკრებო შესვენებაზე, დუბლების რამდენიმე ფეხბურთელი მთავარ გუნდთან ერთად გვავარჯიშეს და პირველი მატჩიც თასზე ვითამაშე, სადაც გოლიც შევაგდე. ეს ვფიქრობ მნიშვნელოვანი მომენტი იყო ჩემთვის. შემდეგ იყო თასის ფინალი და უზომო სიხარული.
დინამოს წევრობა უდიდესი პასუხისმგებლობაა, ზეწოლაც მეტია და შესაბამისად შეცდომის უფლებაც ფაქტიურად არ გაქვს. შეკრება კარგად მიმდინარეობს. ტრავმების გარეშე და საინტერესოდ. ყველანი მონდომებულები ვართ და ბოლომდე ვიხარჯებით. გუნდში რამდენიმე ახალწვეულია. ვარჯიშებზეც და თამაშებზეც ყველა ბოლომდე იხარჯება და დარწმუნებული ვარ, რომ საკმაოდ კარგი გუნდი ჩამოყალიბდება. ცალკე მინდა აღვნიშნო ალექსანდრე იაშვილის თამაში, რომლის სახითაც გუნდი საკმაოდ გაძლიერდა. მისგან უამრავი რამის სწავლა შეიძლება და მისი შემყურე ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელს მოტივაცია უორმაგდება. ორი მატჩი ჩავატარეთ შეკრებაზე და პროგრესიც გამოჩნდა. მეორე დაპირისპირებაში უფრო ზუსტად შევასრულეთ სამწვრთნელო დავალება და შედეგიც შესაბამისი მივიღეთ. ეს მზადება პირველ რიგში ევროპა ლიგაზე ჩვენს ასპარეზობას ემსახურება, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ეროვნული ჩემპიონატიც. დინამომ პირველობა მესამე ადგილზე დაასრულა და ეს ორმაგად გვავალდებულებს მომავალი ჩემპიონატში ოქროს მედლებისთვის ბრძოლას. მადლობა მინდა მოუხადო ჩვენს ერთგულ გულშემატკივარს, რომელიც ყველა შეხვედრაში გვერდით გვიდგას. შევეცდებით გავახაროთ და მათთან ერთად ვიზეიმოთ წარმატება.