ნიონში ჩატარებული წილისყრის შედეგებით გაირკვა, რომ დინამო თბილისის მეტოქე ევროპა ლიგის 2015/2016 სეზონის პირველ ეტაპზე აზერბაიჯანის გაბალა იქნება, რომელმაც დასრულბულ ეროვნულ პირველობაზე 54 ქულით მესამე ადგილი დაიკავა. პირველი მატჩი 2 ივლისს თბილისში, დინამო არენაზე გაიმართება და 20.00 საათზე დაიწყება. მეორე შეხვედრას გაბალა 9 ივლისს უმასპინძლებს.
საფეხბურთო კლუბი გაბალა 1995 წელს ჩამოყალიბდა და თავდაპირველად გოი გიოლის სახელით გამოდიოდა. 2005 წლიდან გუნდს დაერქვა გილანი, ხოლო 2007 წლიდან ასპარეზობს დღევანდელი სახელით. საშინაო მატჩებს ჩვენი მომავალი მეტოქე გაბალას ცენტრალურ სტადიონზე ატარებს, რომლის ტევადობაც 3500 მაყურებელზეა გათვლილი. გუნდის ფერები წითელ და შავშია გადაწყვეტილი. გაბალა სპორტულ კლუბს წარმოადგენს, სადაც ფეხბურთის გარდა ასევე გაერთიანებულია ძიუდოს, სროლის, კრივის, კარატეს და ტაეკვონდოს სექციები.
გაბალამ 2013/2014 სეზონში აზერბაიჯანის თასის ფინალში ითამაშა, სადაც ბაქოს ნეფთჩისთან პენალტების სერიაში დამარცხდა. წელს კი გუნდმა პირველად ისტორიაში ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. შარშან გაბალას დებიუტი ჰქონდა ევროთასებზე. გუნდმა ევროპა ლიგის პირველ რაუნდში ბოსნიურ შიროკი ბრიეგთან ორი მატჩის ჯამში 0:5 დათმო.
ამა წლის 1 იანვრიდან გაბალას უკრაინელი ფეხბურთის სპეციალისტი- რომან გრიგორჩუკი თავკაცობს. მოსამზადებელი შეკრება გაბალამ თურქეთში გაიარა. ერზურუმის 21 წლამდელებს 2:1 აჯობა ჩვენმა მომავალმა მეტოქემ. შემდეგ 10:0 დაამარცხეს ქვედალიგელი აშკალესფორი. გუშინ კი გაბალამ ბაქოს ინტერს მოუგო სპარინგ შეხვედრაში 1:0.