დინამო თბილისი საქართველოს XXVII ეროვნული ჩემპიონატის მეცხრე ტურის შეხვედრას საფეხბურთო კლუბ ცხინვალის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 23 ოქტომბერს თბილისში, დინამო არენაზე 18.00 საათზე დაიწყება. დაპირისპირების პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა ჩვენი კლუბის ვებ გვერდზე შეგეძლებათ.
ჩვენი მეტოქე
ცხინვალის საფეხბურთო კლუბმა, რომელიც 1936 წელს დაარსდა, არსებობის მანძილზე რამდენჯერმე შეიცვალა სახელწოდება. კლუბი სპარტაკის სახელით ასპარეზობდა საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატში და თასის გათამაშებაზე, ამიერკავკასიისა და სხვა და სხვა ზონების შეჯიბრებებში მონაწილეობდა. საბჭოთა პერიოდში ცხინვალის სპარტაკის საუკეთესო სეზონი 1987 წლით თარიღდება – ცხინვალელმა ფეხბურთელებმა საქართველოს საბჭოთა თასის გათამაშება ტრიუმფით დაასრულეს, სპარტაკმა ფინალურ შეხვედრაში ოზურგეთის მერცხალს 1:0 სძლია. საქართველოს დამოუკიდებელ საფეხბურთი ჩემპიონატებში ცხინვალის კლუბი თავდაპირველად (1990–2003 წლებში) ლიახვის სახელით ასპარეზობდა, 2003–2007 წლებში გუნდი ცხინვალის სახელით გამოდიოდა. 2007 წლიდან გუნდს კვლავ სპარტაკი ეწოდება, ხოლო 2015 წლიდან დაიბრუნეს ძველი სახელწოდება და კლუბს ცხინვალი დაერქვა. დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, ცხინვალისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი 2014-15 წლების სეზონი გამოდგა, ჩვენმა მომავალმა მეტოქემ ჩემპიონატში მეოთხე ადგილი დაიკავა და საქართველოს დავით ყიფიანის თასის გათამაშების ნახევარფინალში იასპარეზა. ცხინვალი არსებობის მანძილზე პირველად მოხვდა ევროთასებზე. უეფას ევროპა ლიგაზე თავისთვის სადებიუტო ასპარეზობის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ცხინვალი რუმინულ ბოტოშანს დაუპირისპირდა და ორი მატჩის ჯამში 2:4 დამარცხდა.
სამაჩაბლოში განვითარებული ცნობილი მოვლენების შემდეგ, გუნდმა დისლოკაციის ადგილი შეიცვალა და საშინაო შეხვედრებს ცხინვალის ნაცვლად გორში ატარებდა, თუმცა უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული ცხინვალი საშინაო შეხვედრებს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო სტადიონზე მართავს.
მწვრთნელი და სპარტაკი
ცხინვალის მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2013 წლის ნოემბრიდან ქართველი ფეხბურთის სპეციალისტი- კახა კაჭარავა მუშაობს. წინა სეზონი გუნდმა 53 ქულით მეოთხე ადგილზე დაასრულა (საუკეთესო შედეგი კლუბის ისტორიაში). მიმდინარე ტურნირში რვა ჩატარებული მატჩიდან ჩვენი მომავალი მეტოქე დაგროვილი 16 ქულით მეხუთე ადგილზე იმყოფება.
დინამომდე...
ცხინვალმა მიმდინარე ჩემპიონატი საბურთალოსთან 1:2 მარცხით გახსნა. ამას მიჯრით ორი მოგება მოჰყვა- მარტვილის მერანთან 3:2 და ზუგდიდთან 5:1. შემდეგ ცხინვალმა გორის დილასთან სამი უპასუხო ბურთით წააგო, ხოლო თასის მერვედფინალის პირველ მატჩში ჩვენი მომავალი მეტოქე 1:3 დამარცხდა ქობულეთის შუქურასთან. ცხინვალმა მომდევნო სამი მატჩი მიჯრით მოიგო. 3:2 დინამო ბათუმთან, 3:1 ქუთაისის ტორპედოსთან და 5:1 ფოთის კოლხეთთან. დინამომდე ბოლო მატჩი ცხინვალმა საჩხერის ჩიხურასთან ფრედ 1:1 დაასრულა.
დინამო vs ცხინვალი
23 ოქტომბერს დინამო თბილისი უმაღლესი ლიგის მეცხრე ტურის შეხვედრაში, დინამო არენაზე საფეხბურთო კლუბ ცხინვალს დაუპირისპირდება. შეხვედრა 18.00 საათზე დაიწყება.
ურთიერთშეხვედრებში დინამოელთა უპირატესობა აშკარაა. ეროვნულ ჩემპიონატში დინამო და ცხინვალი ერთმანეთს 19- ჯერ დაუპირისპირდნენ 13 მოგება, 4 ფრე და 2 მარცხი. 45 გატანილი ბურთის საპასუხოდ მიღებული 15 გოლი - ასეთია დედაქალაქელთა მონაგარი.
ცხინვალთან ურთიერთშეხვედრებში დინამომ პირველი მარცხი ოცდამეერთე ჩემპიონატის ოცდამეათე ტურში განიცადა. 2010 წლის 18 აპრილს ჩატარებული შეხვედრა, ჩვენი მეტოქის სასარგებლოდ ანგარიშით 2:1 დასრულდა. მტკვრისპირელებმა დიდი ანგარიშით რამდენჯერმე იმარჯვეს. გასვლაზე გორში ორჯერ დაამარცხეს ცხინვალი ანგარიშით 3:0. 2007 წლის 15 სექტემბერს მეცხრამეტე ჩემპიონატის მეხუთე ტურში და 2008 წლის 29 ნოემბერს მეოცე ჩემპიონატის მეცამეტე ტურში. თბილისში კი 2009 წლის 16 აგვისტოს ოცდამეერთე ჩემპიონატის პირველ ტურში დინამომ გამანადგურებელი ანგარიშით 5:0 აჯობა მეტოქეს. ასევე დიდი ანგარიშით იმარჯვა დინამომ ამ გუნდების შარშანდელ საჩემპიონატო დაპირისპირებაში. 24 ოქტომბერს დინამო არენაზე ჩვენმა გუნდმა 6:1 მოუგო ცხინვალს. გიორგი პაპუნაშვილის ჰეთ თრიქს თითო გოლი ლაშა პარუნაშვილმა, ირაკლი ძარიამ და მათე ცინცაძემ მიამატეს.
უკანასკნელი მატჩი დინამოსა და ცხინვალს შორის 24 აპრილს გაიმართა და ცხინვალელთა გამარჯვებით 4:1 დასრულდა. ერთადერთი გოლი დინამოელთაგან მათე ცინცაძის ანგარიშზეა.
დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები
ხვალინდელ შეხვედრაში დისკვალიფიკაციის გამო ფეხბურთელები არ დააკლდება.
დინამო vs ცხინვალი – მსაჯი
საქართველოს ჩემპიონატის მეცხრე ტურის შეხვედრას, რომელსაც ჩვენი გუნდი ცხინვალის წინააღმდეგ გამართავს– ლაშა სილაგავა განსჯის. მას ასისტენტობას დ. გაბისონია და ლ. თოდრია გაუწევენ. სათადარიგო მსაჯის ფუნქციებს კი გ. ავაზაშვილი შეასრულებს.
უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც ლაშა სილაგავამ იმსაჯა 18 ოქტომბერს, ეროვნულ ჩემპიონატში გორის დილასა და ლანჩხუთის გურიას დაპირისპირება გახლავთ, რომელშიც გორელებმა 5:0 იმარჯვეს. სილაგავამ მატჩის მონაწილე ფეხბურთელებს ექვსი ყვითელი ბარათი უჩვენა.
ჩვენი გუნდის მონაწილეობით ლაშა სილაგავამ ბოლოს 3 ოქტომბერს იმსაჯა ბათუმის დინამოს წინააღმდეგ 1:0 დასრულებულ შეხვედრაში, მატჩის მთავარ არბიტრს აღნიშნულ მატჩში ფეხბურთელები არ გაუფრთხილებია.
ლაშა სილაგავა
დაბადების თარიღი: 1976 წლის 27 ივლისი
===========================================
უმაღლესი ლიგა - 155 თამაში / 528 ყვითელი / 22 წითელი / 25 პენალტი
პირველი ლიგა - 9 თამაში / 29 ყვითელი / 0 წითელი / 5 პენალტი
საქართველოს თასი - 27 თამაში / 75 ყვითელი / 2 წითელი / 2 პენალტი
საქართველოს სუპერთასი - 2 თამაში / 6 ყვითელი / 1 წითელი / 0 პენალტი
უეფა. ჩემპიონთა ლიგა. საკვალიფიკაციო ეტაპი – 2 თამაში / 7 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი
უეფა. ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი – 4 თამაში / 21 ყვითელი / 1 წითელი / 2 პენალტი
უეფა. ევროპა ლიგა. საკვალიფიკაციო ეტაპი - 5 თამაში / 36 ყვითელი / 4 წითელი / 2 პენალტი
უეფა.ევროპის ჩემპიონატი U21.საკვალიფიკაციო ეტაპი - 4 თამაში / 8 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი
უეფა.ევროპის ჩემპიონატი U19.საკვალიფიკაციო ეტაპი - 6 თამაში / 30 ყვითელი / 1 წითელი / 2 პენალტი
საერთაშორისო ამხანაგური მატჩი – 1 მატჩი / 5 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი – 1 თამაში / 7 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი
მალტის ჩემპიონატი – 1 თამაში / 4 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი
ცხინვალის სავარაუდო შემადგენლობა
ჩვენი ვარაუდით ხვალინდელ დაპირისპირებაში, ცხინვალელთა სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:
ნადირაძე - კაკუბავა, ბაჩიაშვილი, ქარდავა, ჯაფარიძე - ლექვთაძე, მაისაშვილი, მახარობლიძე, ივანიშვილი - კაჭარავა, შულაია