• Geo
  • Eng
11.09.2015
დინამომ მერანი დიდი ანგარიშით დაამარცხა

დღეს მარტვილში მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონმა საქართველოს პირველობის მეოთხე ტურის მატჩს უმასპინძლა. ადგილობრივი მერანი დინამო თბილისს დაუპირისპირდა.

მატჩის დებიუტში ორივე გუნდი შეეცადა მოედნის ცენტრში უპირატესობის მოპოვებას. დინამოელებმა ეს უკეთ მოახერხეს და სათამაშო უპირატესობაც მოიპოვეს. მთელი ტაიმი საშუალო ტემპში გაგრძელდა მეტნაკლებად სახიფათო მომენტებით. პირველი ნახევრის ბოლო წუთზე კი ალექსანდრე იაშვილმა საჯარიმოში ტექნიკური მოძრაობით ჩამოიცილა მცველი, ბურთი გიორგი ქვილითაიას გადააწოდა, რომელმაც ზუსტი თაური დარტყმით ანგარიში გახსნა.

მეორე ნახევარი თბილისელებმა აქტიურად დაიწყეს და 56- ე წუთზე ისევ ალექსანდრე იაშვილის ზუსტი გადაცემით გიორგი ქვილითაიამ მეორედ აიღო მასპინძელთა კარი 0:2. ათიოდე წუთში დინამოელებმა მწვავე შეტევა განახორციელეს. პეტრ სევასტიანენკომ მიყოლებით მოიგერია ოთარ კიტეიშვილის და ვახო ჭანტურიშვილის დარტყმები. შეხვედრა მთლიანად დედაქალაქელთა უპირატესობიტ გაგრძელდა. 76- ე წუთზე მათე ცინცაძემ საჯარიმოს კიდიდან ზუსტი დარტყმით მერანის კარში მესამე გოლი გაიტანა. ხუთ წუთში მასპინძლებმა ლაშა ჯღამაიას კარგი თამაშის წყალობით ორ ბურთამდე შეამცირეს სხვაობა 1:3. 88- ე წუთზე მასპინძელთა კარი ჯაბა ჯიღაურის დარტყმის შემდეგ ძელმა იხსნა. შეხვედრის ბოლო წუთზე ჯერ ვახო ჭანტურიშვილის დარტყმა მოიგერია ძელმა, ხოლო დამატებაზე ჯაბა ჯირაურმა ითამაშა, მეკარემ ვერ შეიმაგრა ბურთი და საფინალო ანგარიში 1:4 დაფიქსირდა. დინამომ მიყოლებით მეოთხე მატჩი მოიგო და მიყოლებით ოთხი გოლი გაიტანა. შემდეგ მატჩს თბილისელები 16 სექტემბერს საქართველოს თასზე გამართავენ. დინამო 1/8 ფინალში ფოთის კოლხეთს მიიღებს.

მერანი  1:4  დინამო

გოლი: 0:1 ქვილითაია 45’  0:2 ქვილითაია 56’  0:3 ცინცაძე 76’  1:3 ჯღამაია 81’  1:4 ჯიღაური 90’

გაფრთხილება: ჭელიძე 63’  ჯღამაია 64’  ხორგუაშვილი 66’

მერანი: სევასტიანენკო, პაჭკორია, შალიკაშვილი, რუხაია, ციცხვაია (წურწუმია 68), შალამბერიძე (პაპადოპულოსი 75), ხორგუაშვილი, აშორტია (გოგოლიძე 46), ჯღამია, კუტალია, ციცხვაია

დინამო: ბეგაშვილი, კაკაბაძე (ტვილდიანი 46), რენე, ჭელიძე, თევზაძე, ცინცაძე, პარუნაშვილი, ჯიღაური, ჭანტურიშვილი, იაშვილი (კიტეიშვილი 61), ქვილითაია (არაბული 77)

მსაჯი: ა. ბასლეჰლო

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024