• Geo
  • Eng
03.07.2015
დინამო 2:1 გაბალა - მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

დინამო არენაზე დასრულებული შეხვედრის შემდეგ, რომელშიც დინამო თბილისმა აზერბაიჯანული გაბალა 2:1 დაამარცხა, გაიმართა ტრადიციული მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია. ჟურნალისტების წინაშე გია გეგუჩაძე და რომან გრიგორჩუკი წარსდგნენ.

გია გეგუჩაძე: მოკლედ ვიტყვი- ჩემი აზრით ნაადრევია ეს ტაში, თუმცა დიდი მადლობა ბიჭების დაფასებისთვის. დღევანდელი მოგება არ ნიშნავს, რომ შემდეგ ეტაპზე ვართ. ძალიან რთული თამაში იყო, თან ამასთან ერთად ათნი დავრჩით მოედანზე და ამან უფრო გაართულა შეხვედრის მიმდინარეობა. თუმცა კაცნაკლულებმა გავიტანეთ ორი გოლი და ეს იმაზე მეტყველებს, რომ ბრძოლისუნარიანი გუნდი ყალიბდება. შედეგში თავისი დიდი წვლილი შეიტანა ალექსანდრე იაშვილის გამოსვლამ. მადლობა ბიჭებს და გულშემატკივარს. გაბალა საკმაოდ კარგი გუნდია, თუმცა ჩვენი ბიჭების დამსახურებაა, რომ ბოლომდე არ მისცეს მეტოქეს საშუალება, რომ თავისი ფეხბურთი ეთამაშათ.

რომან გრიგორჩუკი: ველოდებოდი ჩემი გუნდისგან უკეთესს თამაშს. შემიძლია ვთქვა, რომ პირველ ტაიმში ცუდად გამოვიყურებოდით. გუშინაც აღვნიშნე, რომ შეთამაშება სჭირდება ჩვენს გუნდს. პირველ ტაიმში იმდენს ვიბრძოდით ბურთის ართმევაზე, რომ ალბათ ამან სამი თამაშის ენერგია წაიღო. მე დარწმუნებული ვარ ეს გუნდი უკეთესი იქნება, მთავარია ამ პროცესში და შეხვედრებში მოვიგოთ. გვქონდა მომენტები, მაგრამ სამწუხაროდ ვერ გამოვიყენეთ. მეტოქემ კაცნაკლულმა გაგვიტანა. მათ კარგად ითამაშეს კონტრშეტევაზე და ჩემმა ფეხბურთელებმა იმ მომენტებში სერიოზული შეცდომები დაუშვეს. მთავარია მეორე შეხვედრაში იგივე შეცდომები არ დაუშვათ. პროცენტულად ვერ დავახასიათებ, თუმცა შანსები გვაქვს და ამისთვის დიდი ბრძოლა მოგვიწევს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024