დღეს დინამო არენაზე უეფას ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ შეხვედრაში დინამო თბილისმა აზერბაიჯანულ გაბალას უმასპინძლა. მეტად დაძაბული და საინტერესო მატჩი თბილისელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
მატჩის დებიუტში სტუმრებმა კუთხური მოაწოდეს, რაფაელის თავით დარტყმულს კი ლიბორ ჰრდლიჩკა აგილზე დახვდა. ამის შემდეგ შეიძლება ითქვას დინამოს 35 წუთი სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობა ჰქონდა. დინამოელებმა არაერთი კუთხური მოაწოდეს, თუმცა უშედეგოდ. ოთარ კიტეიშვილი და ჯაბა ჯიღაური ურტყავდნენ ბეზოტოსნის კარისკენ სახიფათოდ. 37- ე წუთზე გიორგი პაპუნაშვილის დარტყმის შემდეგ გაბალას კარი გოლისგან ძელმა გადაარჩინა. მომდევნო შეტევაში კი უკვე ზაზა ჭელიძემ გადაარჩინა მასპინძელთა კარი. 44- ე წუთზე რიკარდინიუმ ააცილა ახლო მანძილიდან. პირველი ნახევარი ასეც დასრულდა. მეორე ტაიმი კი დინამოელთათვის არც ისე კარგად დაიწყო. 51- ე წუთზე მთავარმა მსაჯმა მოედნიდან გიორგი გველესიანი გააძევა. დინამოელებს ფაქტიურად მთელი მეორე ნახევრის კაცნაკლულად ჩატარებამ მოუწია. 61- ე წუთზე დინამო არენა ოვაციებით შეეგება ალექსანდრე იაშვილის დაბრუნებას დედაქალაქურ კლუბში, მან გიორგი ქვილითაია გამოცვალა. შეიძლება ითქვას, რომ დინამოს ვეტერანის გამოჩენამ დიდი როლი ითამაშა დღევანდელ გამარჯვებაში. ასევე აღსანიშნავია ბრაზილიელი რენე ფერეირას თამაში, რომელიც საკმაოდ კარგად ჩაერთო პაექრობაში. 64- ე წუთზე მასპინძლებმა მოახერხეს ანგარიშის გახსნა. გიორგი პაპუნაშვილის პასი ზუსტი დარტყმით ჯაბა ჯიღაურმა დააგვირგვინა. სამ წუთში ალექსანდრე იაშვილის სოლო გარღვევას სახიფათო დარტყმა მოჰყვა, მაგრამ მეკარემ იყოჩაღა და კუთხურზე მოიგერია ბურთი. იქიდან ჩამოწოდებულს ლაშა თოთაძე თავით გზავნიდა კარში, მაგრამ ისევ მეკარემ ივარგა. 74- ე წუთზე გაბალას კაპიტანმა- ჯავიდ ჰუსეინოვმა ზუსტი და ძლიერი დარტყმით წონასწორობა აღადგინა 1:1. 4 წუთში საჯარიმო დარტყმა დაინიშნა გაბალას კარში, მათე ცინცაძემ ტექნიკურად შეასრულა საჯარიმო, ბურთი კი სტუმართა კარის ხარიხამ მოიგერია. 84- ე წუთზე ლიბორ ჰრდლიჩკამ ძლიერი დარტყმით შეიყვანა ბურთი თამაშში, ლაშა პარუნაშვილმა თავით დაუგდო გიორგი პაპუნაშვილს, ამ უკანასკნელმა კი მაღალ სისწრაფეზე აჯობა დამცველს და ლამაზი გოლით მატჩის საფინალო შედეგი დააფიქსირა. 2:1 თბილისელთა სასარგებლოდ.
საპასუხო მატჩი გაბალაში 9 ივლისს შედგება.
დინამო 2:1 გაბალა
გოლი: 1:0 ჯიღაური 64’ 1:1 ჰუსეინოვი 74’ 2:1 პაპუნაშვილი 83’
გაფრთხილება: ფლორესკუ 36’ ვერნიდუბი 69’ თოთაძე 79' იაშვილი 81’
გაძევება: გველესიანი 51’
დინამო: ჰრდლიჩკა, ტვილდიანი, გველესიანი, ჭელიძე, თოთაძე, ცინცაძე, ჯიღაური, ჭანტურიშვილი (პარუნაშვილი 78), პაპუნაშვილი, კიტეიშვილი (რენე 53), ქვილითაია (იაშვილი 61)
გაბალა: ბეზოტოსნი, ფლორესკუ (სადიღოვი 71), ჰუსეინოვი, გაი, რიკარდინიუ, დაშდამიროვი (დოდო 73), ვერნიდუბი, აბასოვი, რაფაელი, ანტონოვი, ზენჟოვი
მსაჯი: როი რეინშრეიბერი (ისრაელი)