პირველ რიგში ყველა დინამოელის სახელით მივესალმები საფეხბურთო კლუბ გაბალას - მის წარმომადგენლებს, მოთამაშეებსა და გულშემატკივრებს - ჩვენს მეგობრებს მეზობელი ქვეყნიდან. გაბალა ღირსეული მეტოქეა და ჩვენთვის დიდი პატივია აზერბაიჯანელი სტუმრების მიღება - დინამომ თავის ისტორიაში პირველი მატჩი ხომ სწორედ ბაქოელ თანაკლუბელებთან გამართა.
ეს ჩვენთვის ახალი სეზონის პირველი ოფიციალური მატჩია და ყველანი დიდი ინტერესით ველოდებით 2 ივლისის შეხვედრას - ევროთასები ყოველთვის განსხვავებული ხიბლითა და ატმოსფეროთი გამოირჩევა. ახალი სეზონის წინ წარმატება მინდა ვუსურვო ყველა დინამოელს - პირველი გუნდის მოთამაშეებს, დუბლიორებს და განსაკუთრებით აკადემიის აღსაზრდელებს, ვისზეც ჩვენი გუნდის მომავალი დგას.
ბევრი დაუვიწყარი ევროპული საღამო ახსოვს დინამო არენას და იმედია დღევანდელი დაპირისპირებაც სწორედ ერთ-ერთი მათგანი იქნება.
დინამო თბილისის პრეზიდენტი - რომან ფიფია