გაბალას ცენტრალურ სტადიონზე უეფას ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო მატჩი შედგა. ადგილობრივმა გაბალამ დინამო თბილისს უმასპინძლა. პირველი მატჩის შემდეგ, რომელშიც დინამომ 2:1 აჯობა გაბალას, მასპინძლებს მხოლოდ მოგება აძლევდათ ხელს. შეხვედრამ გაბალას ტერიტორიული უპირატესობით ჩაიარა. სტადიონი ბოლომდე შეივსო მასპინძელთა მხარდასაჭერად, თუმცა არც დინამო დარჩენილა გულშემატკივრების გარეშე, რომელბიც თბილისიდან ჩამოვიდნენ და მთელი დაპირისპირების მანძილზე გულმხურვალედ უჭერდნენ მხარს საყვარელ კლუბს. პირველ ტაიმში რამდენიმე ნახევრად სახიფათო მომენტს თუ არ ჩავთვლით 45- ე წუთზე სადიღოვის მიერ თავით დარტყმული ბურთია აღსანიშნავი. ლიბორ ჰრდლიჩკამ ზუსტად ითამაშა და განმუხტა სიტუაცია. დინამოელებმა რამდენჯერმე საკმაოდ მწვავე კონტრშეტევა განახორციელეს, მაგრამ უშედეგოდ. მეორე ნახევრის დასაწყისში გიორგი პაპუნაშვილის დრიბლინგს მისივე სახიფათო დარტყმა მოჰყვა, თუმცა ოდნავ არაზუსტი, მანამდე კი ფლორესკუს ჰქონდა საკმაოდ სახიფათო მომენტი. 66- ე წუთზე თბილისელთა შეტევა გოლით დაგვირგვინდა, მაგრამ მსაჯმა გიორგი ქვილითაია დააჯარიმა და გოლი არ ჩათვალა. 5 წუთში მთავარმა არბიტრმა ისევე , როგორც პირველ შეხვედრაში, ეხლაც 10 კაცით დატოვა დინამო. მოედნიდან ლაშა თოთაძე გააძევეს. 76- ე წუთზე გიორგი პაპუნაშვილმა ითამაშა კარგად, მისი ძლიერად დარტყმული ბურთი კი მასპინძელთა მეკარემ კუთხურზე მოიგერია. მატჩის ბოლო წუთებზე თამაში არჩილ ტვილდიანმა ვეღარ განაგრძო და გია გეგუჩაძეს მეორე იძულებითი ცვლილების გაკეთება მოუწია. 88- ე წუთზე გაბალას შეტევა ზენჟოვმა გოლით დაასრულა. დინამოელები მთელი ძალებით წინ წავიდნენ, მაგრამ კონტრშეტევაზე ვეღარ მოასწრეს გადმოწყობა და მსაჯის მიერ დამატებული დროის მესამე წუთზე ანტონოვმა მეორედ აიღო თბილისელთა კარი და საბოლოო შედეგიც დააფიქსირა.
გაბალა 2:0 დინამო
გოლი: 1:0 მამადოვი 88’ 2:0 ანტონოვი 90+3’
გაფრთხილება: ვერნიდუბი 37’ ფლორესკუ 48’ ჰუსეინოვი 53’
გაძევება: თოთაძე 71’
გაბალა: ბეზოტოსნი, რიკარდინიუ, ვერნიდუბი, აბასოვი (დაშდემიროვი 86), რაფაელი, ფლორესკუ (დოდო 77), სადიღოვი (მამადოვი 81), ჰუსეინოვი, გაი, ზენჟოვი, ანტონოვი
დინამო: ჰრდლიჩკა, თოთაძე, რენე, ჭელიძე, ტვილდიანი (ჯანელიძე 84), ცინცაძე, ჯიღაური, ჭანტურიშვილი, პაპუნაშვილი, იაშვილი (კიტეიშვილი 61), ქვილითაია (გურული 74)
მსაჯი: ამორი დელერიუ (საფრანგეთი)