• Geo
  • Eng
10.07.2015
დინამო თბილისის განცხადება

პირველ რიგში მადლობა გვინდა გადავუხადოთ ყველა გულშემატკივარს, რომელიც გუშინ თბილისიდან გაბალში დინამოს მხარდასაჭერად ჩავიდა და გუნდს მთელი 90 წუთის მანძილზე მხარში ედგა და მათაც, ვინც საქართველოდან გვქომაგობდა.

არ შეგვიძლია არ გამოვეხმაუროთ გუშინ გაბალას ცენტრალურ სტადიონზე მომხდარ ფაქტებს, რომელთა დროული აღკვეთა, თბილისური მატჩისგან განსხვავებით ადგილობრივმა სამართალდამცვამა ორგანოებმა სამწუხაროდ ვერ შესძლეს.

90 წუთის მანძილზე სტადიონზე რთული ვითარება იყო და მატჩის მიმდინარეობა მუდმივი საფრთხის ქვეშ იდგა, რასაც ხელს უწყობდა მაყურებელთა უკონტროლო ჯგუფების პროვოკაციული ქმედებები. მატჩის მსვლელობისას გამოჩნდა ქვეყნისა და კლუბის შეურაცხმყოფელი დროშები, რომლებიც უეფას დელეგატის მითითებისა და ჩამორთმევის შემდეგ კიდევ ორჯერ დაბრუნდა ტრიბუნაზე. ასევე, მეორე ნახევრის დასაწყისში მოედნის აღმოსავლეთ მხარეს დაწვეს საქართველოს ეროვნული დროშა, ხოლო მატჩის შემდეგ ადგილბრივმა ქომაგებმა ჩაამსხვრიეს თბილისელ გულშემატკივართა ავტობუსის მინები.

ზემოხსენებულ ფაქტებზე არსებობს ფოტო და ვიდეო მასალები, რაც უეფას სადისციპლინო კომიტეტს გაეგზავნება. იმედი გვაქვს, რომ ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო გუშინ მომხდარ მოვლენებს სრული სიმკაცრით მოეკიდება. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მეტოქე გუნდის ხელმძღვანელობაც ადეკვატურ შეფასებას მისცემს და დაგმობს გუშინდელ ქმედებებს.

ასევე, მადლობა გვინდა გადავუხადოთ მოთამაშეებს, რომლებმაც აღნიშნული რთული სათამაშო ფონის და ზედიზედ მეორე მატჩში კაცნაკლულობის მიუხედავად, ბოლომდე იბრძოლეს და ყველაფერი გააკთეს იმისათვის, რომ დინამო შემდეგ ეტაპზე გასულიყო.

იმედი გვაქვს, რომ მომავალში მსგავსი ხასიათის ინციდენტების წახალისება არ მოხდება და ჩვენი მეზობელი ქვეყნის წარმომადგენლებთან შეჯიბრებები სპორტულ პრინციპებს არ გასცდება.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024