• Geo
  • Eng
05.11.2015
8 ნოემბერი დინამოს ისტორიაში

კვირას 8 ნოემბერს დინამო თბილისი ეროვნული ჩემპიონატის მეთერთმეტე ტურის შეხვედრაში ფოთის კოლხეთს უმასპინძლებს. დაპირისპირება 18.00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი უზრუნველყოფს.

8 ნოემბერს დინამო თბილისს თავის ისტორიაში 10 ოფიციალური მატჩი აქვს გამართული. 6 მოგება, 2 ფრე და 2 მარცხი. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი 23/10 თბილისელთა სასარგებლოდ.

1964 წელს მტკვრისპირელებმა შოთა იამანიძის, სლავა მეტრეველის და ილია დათუნაშვილის გოლებით იაროსლავის შინიკს 3:1 მოუგეს. ორი წლის შემდეგ დინამომ 2:2 ითამაშა ტაშკენტში პახტაკორთან. გოლები შოთა იამანიძემ და ვლადიმერ ბარქაიამ გაიტანეს. მომდევნო სეზონში ილია დათუნაშვილის გოლით დონეცკის შახტიორს 1:0 ვაჯობეთ. 1972 წელს თბილისელებმა მინსკელ თანაკლუბელებს უმასპინძლეს და ორი უპასუხო გოლი გაუტანეს. თავი ვახტანგ ჭელიძემ და გოჩა გავაშელმა გამოიჩინეს. 1980 წელს ჩვენმა გუნდმა ერევნის არარატი დიდი ანგარიშით დაამარცხა. ოთხი უპასუხო გოლიდან ორი რამაზ შენგელიას ანგარიშზეა. თითო გოლიც ერევნელებს ალექსანდრე ჩივაძემ და დავით ყიფიანმა გაუტანეს. მომდევნო წელს დინამომ 5:0 სიმფეროპოლის ტავრიას მოუგო. დუბლი რევაზ ჩელებაძემ შეასრულა. დანარჩენი გოლები კი ზაურ სვანაძემ, რამაზ შენგელიამ და გოჩა ჯოხაძემ გაიტანეს. 1982 წელს ერევანში არარატთან დაპირისპირება ფრედ 1:1 მორჩა. მეზობლებს გოლი ამ ჯერზეც რამაზ შენგელიამ გაუტანა. 1987 წელს თბილისელები კიეველ თანაკლუბელებთან 1:3 დამარცხდნენ. უკრაინელებთან თავის გამოჩენა თემურ ქეცბაიამ მოახერხა.

1990 წელს დინამო გალში, ადგილობრივ მზიურთან დამარცხდა. 2:3 წაგებულ შეხვედრაში დუბლი გია გურულმა მიითვალა. 2004 წელს თბილისელებმა ზესტაფონს უმასპინძლეს და ისევ დუბლი. ჯაბა დვალმა გაიტანა ორი გოლი და დინამომ 2:0 მოიგო.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024