• Geo
  • Eng
24.09.2015
დილა vs დინამო - ურთიერთშეხვედრები

შაბათს, 26 სექტემბერს საქართველოს XXVII ჩემპიონატის მეექვსე ტურის შეხვედრაში, დინამო თბილისი გორის დილას დაუპირისპირდება. მატჩი გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 16.00 საათზე დაიწყება. ტრადიციულად, დაპირისპირების პირდაპირ ეთერს და ტექსტურ რეპორტაჟს ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი შემოგთავაზებთ.

ეროვნული ასპარეზზე ეს გუნდები ერთმანეთს 53- ჯერ შეხვედრიან. ურთიერთშეხვედრებში დინამოს უპრეცენდენტო უპირატესობა აქვს. 41 შემთხვევაში გამარჯვება თბილისელებს დარჩათ, 11 შეხვედრა ფრედ  დასრულდა და 1 თამაში გორელებმა მოიგეს. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდება ჩვენი გუნდის სასარგებლოდ 143/26 არის.

ყველაზე დიდი ანგარიშით დინამომ 2005 წლის 2 აპრილს იმარჯვა. XVI ჩემპიონატის ოცდამეექვსე ტურში გამართული შეხვედრა 9:0 დასრულდა. ასევე ცხრა ბურთი გავიდა 1993 წლის 16 ნოემბერს ჩატარებულ მატჩში. V ჩემპიონატის მეთხუთმეთე სათამაშო დღეს თბილისელებმა 7 ბურთი გაიტანეს, გორელთა 2 გოლის საპასუხოდ. აღსანიშნავია, რომ სამ–სამჯერ დაფიქსირდა ხუთბურთიანი სხვაობა- 6:1 და 5:0, ხოლო ოთხ–ოთხჯერ შეხვედრა დასრულდა ანგარიშით 4:1 და 4:0 . ფრედ ჩატარებული შეხვედრებიდან ხუთი მატჩი უგოლოდ, ხოლო ორ-ორი შეხვედრა კი ანგარიშით 2:2 და 1:1 დასრულდა.

უკანასკნელად საქართველოს ჩემპიონატში დინამო თბილისი გორის დილას 2015 წლის 3 აპრილს დაუპირისპირდა. მატჩი თბილისში, დინამო არენაზე გაიმართა და საყაიმო ანგარიშით- 2:2 დასრულდა. ვახო ჭანტურიშვილმა დუბლი შეასრულა აღნიშნულ მატჩში.

ერთი თვის წინ ეს გუნდები ერთმანეთს საქართველოს სუპერთასის მოსაგებად დაუპირისპირდნენ. 25 აგვისტოს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული ფინალი დინამოს გამარჯვებით 1:0 დამთავრდა. გოლი გორელთა კარში ამ ჯერზეც ვახო ჭანტურიშვილმა გაიტანა. 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024