• Geo
  • Eng
28.07.2015
დინამოს პრეზიდენტის კომენტარი გიორგი პაპუნაშვილის ტრანსფერთან დაკავშირებით

დინამო თბილისის შემტევი გიორგი პაპუნაშვილი ბრემენის ვერდერის ფეხბურთელი გახდა. ტრანსფერთან დაკავშირებით კომენტარი ჩვენი კლუბის პრეზიდენტმა და ვერდერის ახალწვეულმა გააკეთეს.

კლუბის პრეზიდენტი - რომან ფიფია:

მსგავსი სახის ტრანსფერები ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ფეხბურთის მომავლისათვის. პაპუნაშვილის პრეცენდენტი ევროპაში ჩვენი ფეხბურთის იმიჯს საგრძნობლად წაადგება - ეს უნდა იყოს სტიმული ნებისმიერი დინამოელისთვის და აკადემიის ახალგაზრდებს უნდა გაუმძაფრდეთ იმის განცდა, რომ მათი თამაში და შრომა შეუმჩნეველი არ დარჩება.

ბევრი იყო დაინტერესებული, თუმცა არჩევანი ბრემენის ვერდერზე შევაჩერეთ - მართალია, ფინანსურად ვერდერზე უკეთესი წინადადებებიც გვქონდა, მაგრამ ვთვლით, რომ ის ფეხბურთის დონე და ცხოვრების რიტმი რაც გერმანიაშია, ახალგაზრდა მოთამაშის განვითარებისთვის საუკეთესო წინაპირობაა.

გიორგის წარმატება მინდა ვუსურვო ცხოვრების ახალ ეტაპზე და იმედი მაქვს ბუნდესლიგაშიც ისეთივე წარმატებით ითამაშებს, როგორც ეროვნულ ასპარეზზე.

გიორგი პაპუნაშვილი:

დინამოში შესანიშნავი 5 წელი გავატარე და აქედან 2 პირველ გუნდში. დინამო ერთი დიდი ოჯახია და ჩემთვის ძნელი და ემოციურია აქედან წასვლა. თუმცა, ვერდერში ასპარეზობა ჩემს კარიერაში ახალი ეტაპი იქნება და მაინტერესებს ჩემი შესაძლებლობები ბუნდესლიგის დონეზე გამოვცადო.

ასევე, მინდა მოკლედ მივმართო ჩვენი აკადემიის ბავშვებს და ვუთხრა, რომ რაც შეიძლება მეტი იშრომონ იმისათვის, რომ ასახელონ დინამო თბილისი და საქართველო. მონდომება და თავდადება ფუჭად არ ჩაივლის, რაშიც გარკვეულწილად ჩემმა მაგალითმაც დამარწმუნა.

მადლობას ვუხდი აქ გატარებული წლებისთვის ყველა დინამოელს - კლუბის პრეზიდენტს ბატონ რომან ფიფიას, თანაგუნდელებს, მწვრთნელებს და დინამოს ქომაგებს, როემლებიც მოედანზე თუ მოედნის გარეთ ყოველთვის მხარში მედგნენ და მამხნევებდნენ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი წარმატება ყველა დინამოელს გაუხარდება და მათ თანადგომას გერმანიაშიც ვიგრძნობ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024