დინამოსა და გერმანულ ბრემენის ვერდერს შორის მიღწეულია სატრანსფერო შეთანხმება, რომლის თანახმადაც ამ სეზონიდან ჩვენი კლუბის ახალგაზრდა ფეხბურთელი გიორგი პაპუნაშვილი ვერდერის შემადგენლობაში ითამაშებს, სატრანსფერო კონტრაქტი მოიცავს სასყიდლიან იჯარას გამოსყიდვის უფლებით. ბუნდესლიგის გუნდის გარდა, სხვადასხვა ქვეყნიდან იყო კიდევ რამოდენიმე კონკრეტული წინადადება - კლუბმა საფეხბურთო თვასაზრისით, მოთამაშისა და გუნდისთვის ყველაზე კვალიფიციური და სანდო ვარიანტი აირჩია.
გერმანიის 4 გზის ჩემპიონს ამჟამად გუნდის ვეტერანი ვიქტორ სკრიპნიკი წვრთნის. უკრაინელი სპეციალისტი კლუბის სტრუქტურაში 2004 წლიდან მუშაობს, 2014 წლიდან კი, როგორც მთავარი მწვრთნელი.
გიორგი პაპუნაშვილი დინამოში 2011 წლიდან ირიცხება, ხოლო მისი დებიუტი ძირითად შემადგენლობაში 2013 წლის 30 ნოემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე- ცხინვალის წინააღმდეგ შედგა. დინამოს ათიანმა 2013-15 წლებში ლურჯი მაისურით ჯამში 47 მატჩი ჩაატარა და 20 გოლის გატანა შეძლო.
გაცნობებთ, რომ აღნიშნული შეთანხმება მიღწეულ იქნა კლუბებს შორის საკმაოდ საინტერესო და მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, რაც მყარ საფუძველს იძლევა, რომ მსგავსი სახის თანამშრომლობა მომავალში არამარტო პირველი გუნდის, არამედ აკადემიების დონეზეც გაგრძელდება.
გიორგის ყოველივე კარგს ვუსურვებთ და მისი წარმატების გვეიმედება!
ს.კ. დინამო თბილისი