• Geo
  • Eng
15.06.2015
პირველი სპარინგი შკენდიასთან

დინამოელებმა სლოვენიურ შეკრებაზე პირველ სპარინგ მატჩი გამართეს. თბილისელთა მეტოქე მაკედონიის უმაღლესი ლიგის მესამე ადგილოსანი- შკენდია გახლდათ. შეხვედრა როგატეცის სპორტული კომპლექსის მოედანზე ჩატარდა.

თამაშამდე ფეხბურთელებმა წუთიერი დუმილით თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. დინამოელებმა მატჩი შავი სამკლაურებით ჩაატარეს. გია გეგუჩაძის გუნდმა შეკრების პირველი მატჩი საკმაოდ აქტიურად დაიწყო. მთლიანად შეხვედრა დინამიურ რიტმში წარიმართა. ჩვენი გუნდი მთელი შეხვედრის მანძილზე ფლობდა ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას, არაერთი სახიფათო მომენტიც შექმნეს დინამოელებმა მეტოქის კართან, თუმცა მათი რეალიზება ვერ მოახერხეს. სპარინგის დებიუტში, მე- 8 წუთზე ლაშა პარუნაშვილის სახიფათო დარტყმა მეტოქის კარის ძელმა მოიგერია. შემდეგ საბა ლობჟანიძემ და ბაჩანა არაბულმა შექმნეს სახიფათო მომენტები. ტაიმის შუაში შკენდიას ფეხბურთელმა ძლიერად და სახიფათოდ დაარტყა, თუმცა გიორგი ბეგაშვილმა ზუსტად ითამაშა და კუთხურზე მოიგერია ბურთი. მეორე ნახევარი დინამომ უფრო აქტიურად ჩაატარა. გია გეგუჩაძემ ცვლილებებიც განახორციელა. ოთარ კიტეიშვილმა და ალექსანდრე იაშვილმა მეტი სიმწვავე შემატეს თბილისელთა შეტევებს. 65- ე წუთზე კუთხურის შემდეგ გიორგი გველესიანის სახიფათო თაური მოიგერია მეტოქის მეკარემ. ხუთ წუთში შეცვლაზე შემოსული დავით ვოლკოვი გავიდა პირისპირ იოვანოვსკისთან, თუმცა მეკარეს ვერ აჯობა. ვახო ჭანტურიშვილის სახიფათო დარტყმულიც მოიგერია მეტოქის მეკარემ და ძელმა ერთად. 83- ე წუთზე მეტოქე გოლისგან უკვე მესამედ იხსნა ძელმა. ამჯერად ზურაბ ჯაფიაშვილს არ გაუმართლა. კიტეიშვილის ძლიერი დარტყმული მეკარემ უკუაგდო, ხოლო 87- ე წუთზე ნახევარდაცვაში დაშვებული შეცდომა მეტოქემ შედეგიანად გამოიყენა და ლიამამ მატჩში ერთადერთი გოლიც გაიტანა. ბოლო წუთზე კიტეიშვილი აქტიურობდა, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი არაზუსტი გამოდგა.

შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღიათ გიორგი კულუას, ლაშა თოთაძეს, მათე ცინცაძეს, გიორგი პაპუნაშვილს და გიორგი ჯანელიძეს (მცირე ტრავმა). შემდეგ სპარინგს დინამოელები 19 ივნისს კიდრიჩევოში, სლოვენიური დომჟალეს წინააღმდეგ გამართავენ.

დინამო 0:1 შკენდია

დინამო: ბეგაშვილი (ჰრდლიჩკა 46), გველესიანი, ჭელიძე, ტვილდიანი (ჯაფიაშვილი 58), გურული (კაკაბაძე 46), პარუნაშვილი, ჯიღაური, ლობჟანიძე (კიტეიშვილი 58), ჭანტურიშვილი, არაბული (იაშვილი 46), ქვილითაია (ვოლკოვი 58)

შკენდია: იოვანოვსკი, ტოდოროვსკი, პოლოჟანი, ცუცული, ჯელილი, უსეინი, ალიმი, ტოტრე, ჯუფო, ჯუნიორი, კიროვსკი

სათადარიგო: აზიზი, ნუჰი, ბოიკუ, ფეტაჰი, ლიამა, ტაიპი, მურატი, იმერი, ასანი, ბეიტულაი, დემირი, ადილი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024