• Geo
  • Eng
14.06.2015
გიორგი ჯანელიძე - დღევანდელ დინამოს შეუძლია შემტევი და ლამაზი ფეხბურთის ჩვენება

დინამოელები შეკრებაზე თეორიულ და ტაქტიკურ წვრთნას, ფიზიკურ დატვირთვას და ბურთთან ვარჯიშებს უნაცვლებენ. ჩვენი კლუბის ვებ გვერდი დინამოს შემტევ ნახევარმცველთან- გიორგი ჯანელიძესთან ინტერვიუს გთავაზობთ.

გიორგი ჯანელიძე - უკვე რამდენიმე დღეა შეკრებაზე ვართ. პირობები ზუსტად ისეთია, როგორიც შეეფერება სპორტული თვალსაზრისით საუკეთესოდ მომზადებას. მშვიდი გარემო, დასვენება, სავარჯიშოდ იდეალური პირობები. უმეტესად ჩვენი ვარჯიშები ბურთთან ერთად მიმდინარეობს და ვფიქრობ გუნდის შესათამაშებლად ეს მნიშვნელოვანია. ევროსეზონის დაწყებამდე უახლოესი მატჩი 15 ივნისს გვაქვს შკენდიასთან და იქ პირველი მონახაზებიც გამოჩნდება.

ჩემს თამაშს რაც შეეხება, ძალიან გამიხარდა და თვითრწმენაც დამიბრუნდა თასის ფინალის შემდეგ. როდესაც ვგრძნობ ესეთ ნდობას მეც ორმაგად ვინდომებ და ვიხარჯები. დინამოს დღევანდელი შემადგენლობა საკმაოდ ძლიერად მიმაჩნია. დარწმუნებული ვარ მალე შევთამაშდებით და კარგ გუნდად ჩამოვყალიბდებით. ვფიქრობ შეთამაშება და ურთიერთგაგება უმნიშვნელოვანესია მოედანზე მყოფი ფეხბურთელებისთვის. დღეს გუნდში ისეთი კონტიგენტია, რომ მცველების ჩათვლით ყველას შეუძლია შემტევი და ლამაზი ფეხბურთის ჩვენება.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024