• Geo
  • Eng
27.11.2015
დინამო - გურია | მატჩამდე

საქართველოს XXVII ეროვნული ჩემპიონატის მეცამეტე ტურის შეხვედრას, დინამოელები ლანჩხუთში, ადგილობრივ გურიასთან გამართავენ. მატჩი ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე 14.00 საათზე დაიწყება და ტრადიციულად, შეხვედრის ვიდეო და ტექსტურ რეპორტაჟს ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ გვერდი შემოგთავაზებთ.

 

 

ჩვენი მეტოქე

1926 წელს ქალაქ ლანჩხუთში დაარსებული საფეხბურთო კლუბის თავდაპირველი სახელწოდება- კიმი იყო. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გუნდმა არსებობა შეწყვიტა და 1952 წელს საფეხბურთო ცხოვრებას კიმის ნაცვლად- კოლმეურნე დაუბრუნდა. 1960 წლის შემდეგ კი გუნდი დღევანდელი სახელწოდებით ასპარეზობს. საკლუბო ფერები ყვითელსა და მწვანეშია გადაწყვეტილი. ლანჩხუთის გურიამ პირველ მნიშვნელოვან წარმატებას 1961 წელს მიაღწია. გურულებმა რესპუბლიკის პირველობაზე იმარჯვეს და ანალოგიური შედეგი 1966 და 1971 წლებშიც გაიმეორეს. ლანჩხუთელმა ფეხბურთელებმა საქართველოს თასის გათამაშებაზე ზედიზედ ორჯერ – 1965 და 1966 წლებში იმარჯვეს, იგივე ტიტული გუნდმა 1971 წელსაც მოიპოვა. გურიამ შოთა შავგულიძის სახელობის თასის გათამაშება წარმატებით დაასრულა 1977 წელს. სსრკ საფეხბურთო ჩემპიონატის B დივიზიონში ლაჩხუთის გურია პირველად 1967 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მეტოქე გუნდებისთვის მეტად უხერხულ და ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბდა. B დივიზიონში პირველი ადგილის დაკავების შემდეგ, გურიამ 1986 წელს სსრკ უმაღლეს საფეხბურთო დივიზიონში განაგრძო ასპარეზობა. 1990 წლის შემდეგ, დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, ლანჩხუთის გურია პირველი გუნდი გახდა, საქართველოს თასის პირველ გათამშებაზე წარმატებას, რომ მიაღწია. ლანჩხუთელი ფეხბურთელები 1999 წლამდე სტაბილურად ასპარეზობდნენ საქართველოს უმაღლეს ლიგაში, თუმცა აღნიშნულ წელს გუნდი პირველ ლიგაში დაქვეითდა. 2012/2013 სეზონში კი გურიამ საქართველოს პირველი ლიგის A ჯგუფის გათამაშებაში პირველი ადგილი დაიკავა და უმაღლეს ლიგას ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა.

 

 

მწვრთნელი და გურია

2015 წლის სექტემბრიდან ლანჩხუთის გურიას თავკაცად კახა გოგიჩაიშვილის ნაცვლად, გია ჩხაიძე დაინიშნა. დღეისათვის ჩხაიძის გუნდი 12 ჩატარებული მატჩიდან დაგროვებული 9 ქულით სატურნირო ცხრილის მე- 13 ადგილზე იმყოფება.

 

 

... დინამომდე

გურიამ 2015/2016 სეზონი ბოლნისის სიონთან ფრედ 1:1 ნათამაშები მატჩით გახსნა. თასის 1/16 ფინალის პირველ მატჩში ლანჩხუთელებმა სამეგრელოს 7 უპასუხო გოლი გაუტანეს. შემდეგ გურია შუქურასთან დამარცხდა 1:2 და თასის საპასუხო მატჩში ფრედ 1:1 ითამაშა სამეგრელოსთან. ამას მოჰყვა სამი უპასუხო ბურთით გამარჯვება საპოვნელასთან და იმავე ანგარიშით მარცხი თბილისის ლოკომოტივთან. თასის მერვედფინალის პირველ დაპირისპირებაში გურია 0:2 დამარცხდა ბოლნისის სიონთან. შემდეგ იყო უგოლო ფრე საბურთალოსთან და 0:2 წაგება მარტვილის მერანთან. 2:0 დაამარცხეს ლანჩხუთელებმა ზუგდიდი და 0:5 დამარცხდნენ გორის დილასთან. ზედიზედ ორი ფრე ერთნაირი ანგარიშით 1:1- ბათუმის დინამოსთან და თასის საპასუხოში ბოლნისის სიონთან. ბოლო 3 მატჩი გურულებმა წააგეს. შესაბამისად- ქუთაისის ტორპედოსთან 1:2, იმავე ანგარიშით ცხინვალთან და 0:5 საჩხერის ჩიხურასთან.

 

 

დინამო - გურია

დინამოელებს ეროვნულ ასპარეზზე ლანჩხუთელთა წინააღმდეგ 27 მატჩი აქვთ გამართული. ურთიერთშეხვედრებში დინამოელები დიდ უპირატესობას ფლობენ – 20 მოგება, 4 ფრე და 3 მარცხი. ბურთების შეფარდებაც 78/19 ჩვენი გუნდის სასარგებლოდაა.

დედაქალაქელებმა გურია ექვსბურთიანი სხვაობით ოთხჯერ დაამარცხეს. ჩვენმა გუნდმა სამჯერ 6:0 მოუგო გურულებს. 1992 წლის 27 აგვისტოს შოთა არველაძის პოკერს ორი გოლი არჩილ არველაძემ და გელა ინალიშვილმა მიამატეს. 1994 წლის 1 ოქტომბერს შოტა არველაძემ ჰეთ თრიქი შეასრულა, არჩილ არველაძემ დუბლი და ერთი გოლიც გიორგი დემეტრაძემ გაიტანა. 1998 წლის 12 მაისს ლევან ხომერიკმა და დავით მუჯირმა გაუტანეს გურულებს 2-2 გოლი. თითოჯერ თავის გამოჩენა კი გივი დიდავამ და მიხეილ აშვეთიამ მოახერხეს. 1999 წლის 15 მაისს, დინამომ გურია 7:1 დაამარცხა. აღნიშნულ დაპირისპირებაში სამი ბურთი მიხეილ აშვეთიამ გაიტანა, თოთო გოლი კი პაატა ჯინჭარაძის, გიორგი კიკნაძის, რატი ალექსიძის და შოთა ჩომახიძის ანგარიშზეა. 1994 წლის 2 აპრილს თბილისელებმა ხუთი უპასუხო გოლით იმარჯვეს. გოლები გაიტანეს: ალექსანდრე იაშვილმა, მიხეილ ყაველაშვილმა, გოჩა ჯამარაულმა, ზაზა რევიშვილმა და გელა ინალიშვილმა.

უკანასკნელი მატჩი დინამოსა და გურიას შორის 2015 წლის 17 მაისს ლანჩხუთში გაიმართა. აღნიშნული შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. გოლები ვახო ჭანტურიშვილმა და გიორგი პაპუნაშვილმა გაიტანეს.

 

დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

დისკვალიფიკაციის გამო, ხვალინდელ შეხვედრას დინამოს ბრაზილიელი ცენტრალური მცველი- რენე ფერეირა გამოტოვებს.

 

 

გურია vs დინამო - მსაჯი

საქართველოს XXVII ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მეცამეტე ტურის შეხვედრას ლანჩხუთის გურიას წინააღმდეგ- ბაკურ ნინუა განსჯის. ბაკურ ნინუას ასისტენტობას ზ. ფიფია და გ. ელიკაშვილი გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს კი პ. მაჭარაძე შეასრულებს.

უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც ბაკურ ნინუამ იმსაჯა 7 ივნისს, საქართველოს ჩემპიონატის მეორე ლიგაში გამართული არაგვი 5:3 იბერია გახლდათ, სადაც მატჩის მონაწილე ფეხბურთელებს ორი ყვითელი და ერთი წითელი ბარათი უჩვენა.

ჩვენი გუნდის მონაწილეობით ბაკურ ნინუამ ბოლოს 2014 წლის 17 აგვისტოს იმსაჯა. სიონის წინააღმდეგ დინამო არენაზე გამართულ შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა. მატჩის მთავარმა არბიტრმა სამი ყვითელი ბარათი უჩვენა ფეხბურთელებს.

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის ბაკურ ნინუას მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

ბაკურ ნინუა (31 წლის)

===========================================

უმაღლესი ლიგა - 38 თამაში / 124 ყვითელი / 4 წითელი / 7 პენალტი

პირველი ლიგა - 63 თამაში / 179 ყვითელი / 9 წითელი / 13 პენალტი

მეორე ლიგა – 34 თამაში / 108 ყვითელი / 8 წითელი / 11 პენალტი

საქართველოს თასი - 14 თამაში / 38 ყვითელი / 4 წითელი / 1 პენალტი

 

 

გურია - სავარაუდო შემადგენლობა

ჩვენი ვარაუდით, ხვალინდელ მატჩში ლანჩხუთელთა სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:

დაუშვილი - მჭედლიშვილი, ხიზანეიშვილი, ნოზაძე, ქურდაძე - მოსიაშვილი, მაისურაძე, რეხვიაშვილი, კილაძე - ბახია, ვ. წილოსანი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024