ლანჩხუთში ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე საქართველოს პირველობის მეცამეტე ტურის მატჩი ჩატარდა. სატურნირო ცხრილში მეცამეტე ადგილზე მყოფმა გურიამ, გათამაშების ლიდერ დინამო თბილისს უმასპინძლა.
მატჩი გუნდებმა აქტიურად დაიწყეს და საწყის წუთებში ორი მეტნაკლებად სახიფათო შეტევა გაცვალეს. ტაიმი ასევე მაღალ ტემპში და საკმაოდ ხისტად გაგრძელდა. თბილისელთა შემადგენლობაში სადებიუტო მატჩი დინამოელთა ახალგაზრდა მცველმა- დავით კობოურმა ჩაატარა, რომელიც დაცვის მარცხენა ფლანგზე ირჯებოდა. მე- 60 წუთზე საჯარიმოში არსებული არეულობით ქვილითაიამ ისარგებლა, ზუსტადაც დაარტყა, თუმცა მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა. ექვს წუთში ოთარ კაკაბაძემ შეირბინა მეტოქის საჯარიმოში, მის დარტყმულს კი სიძლიერე დააკლდა და რობერტ იმერლიშვილმა იხსნა კარი. მომდევნო შეტევაში უკვე ლიბორ ჰრდლიჩკამ იყოჩაღა, როცა ერთი ერთზე გასულ თავდამსხმელს ბურთი ფეხიდან აართვა. შეხვედრის 70- ე წუთზე დინამოელთა სწრაფი შეტევა ფლანგიდან ოთარ კაკაბაძის ჩაწოდებით და გიორგი ქვილითაიას გოლით დაგვირგვინდა. 87- ე წუთზე ბაჩანა არაბულის აქტიურობა დაგვირგვინდა გოლით. კონსტანტინე ხიზანეიშვილი ავტოგოლის ავტორი გახდა 0:2. საბოლოოდ აღარაფერი შეცვლილა და არასახარბიელო მდგომარეობაში მყოფ მოედანზე ჩატარებული ხისტი მატჩი დინამოელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.
შემდეგ მატჩს გია გეგუჩაძის გუნდი 2 დეკემბერს ქუთაისში გამართავს. საქართველოს თასის ¼ ფინალის პირველი დაპირისპირება რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე შედგება.
გურია 0:2 დინამო
გოლი: 0:1 ქვილითაია 70’ 0:2 ხიზანეიშვილი ს.კ. 87’
გაფრთხილება: ნოზაძე 26’ წილოსანი 42’ ზოზულია 72’
გურია: იმერლიშვილი, გელაშვილი, ჩადუნელი (კობერიძე 60), ქურდაძე, ხიზანეიშვილი, ზოზულია, ნოზაძე, მოსიაშვილი (წერეთელი 89), წილოსანი (ზაქრაძე 72), ბახია, ჯიქია
დინამო: ჰრდლიჩკა, კაკაბაძე, გველესიანი, გურული, კობოური, ცინცაძე, ჯიღაური, ლობჟანიძე (არაბული 46), კიტეიშვილი, ჭანტურიშვილი, ქვილითაია (ვოლკოვი 82)
მსაჯი: ბ. ნინუა