• Geo
  • Eng
21.08.2015
დინამომ თბილისური დერბი მოიგო

დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრა გაიმართა. თბილისის ლოკომოტივმა დინამოს უმასპინძლა. დედაქალაქური დერბი საინტერესოდ წარიმართა და გია გეგუჩაძის გუნდის გამარჯვებით 4:1 დასრულდა.

მატჩი, რომელშიც დინამოელებმა მიყოლებით მეორე შეხვედრაში გაიტანეს 4 გოლი, სახელმწიფო ჰიმნით და ეროვნული დროშის აღმართვით გაიხსნა. შეხვედრა ორივე გუნდმა აქტიურად დაიწყო და უკვე მე- 6 წუთზე გიორგი დიასამიძემ მასპინძლები დააწინაურა. მე- 17 წუთზე გიორგი თევზაძემ შორეული და უზუსტესი დარტყმით სადებიუტო გოლი გაიტანა და სტატუს ქვო აღადგინა 1:1. თამაში აქტიურად გაგრძელდა, დინამოელებმა შეუტიეს და გოლიდან 10 წუთში გიორგი ქვილითაია შეიჭრა ლოკომოტივის საჯარიმოში. იგი კონსტანტინე ღაღანიძემ წესის დარღვევით შეაჩერა, მსაჯმა კი პენალტის ნიშნულისკენ მიუთითა და ღაღანიძე მოედნიდან გააძევა. თერთმეტმეტრიანი დარტყმა მათე ცინცაძემ უნაკლოდ შეასრულა და დინამო დააწინაურა. შეხვედრის 37- ე წუთზე დინამოელებმა კიდევ ერთხელ აიღეს ლოკომოტივის კარი. შედეგიანი კომბინაცია ჯაბა ჯიღაურმა დაასრულა, რომელსაც ფაქტიურად ცარიელ კართან გიორგი თევზაძემ გადააწოდა ბურთი. მატჩის მეორე ნახევარი ოდნავ დაბალ რიტმში წარიმართა. ლოკომოტივი ბრძლობდა, თუმცა მასპინძლებს დაეტყოთ კაცნაკლული ყოფნა და ძირითადად დინამოს შეტევებს იგერიებდნენ. 64- ე წუტზე აღსანიშნავია ლაშა პარუნაშვილის ძლიერი დარტყმა, რომელიც ლოკომოტივის კარის ხარიხამ მოიგერია. რამდენიმე წუთში პარუნაშვილი ისევ ძლიერად ურტყავდა, ბურთი კი ოდნავ აცდა მიზანს. კარგი მომენტი ჰქონდა დავით ვოლკოვს. იგი ერთი ერთზე აღმოჩნდა ლოკომოტივის კიპერთან, თუმცა ვერ აჯობა ლაზარე კუპატაძეს. დინამოელებმა კიდევ ერთი გოლი მატჩის მიწურულს 84- ე წუთზე გაიტანეს. ალექსანდრე იაშვილმა ჩააწოდა საჯარიმოში, ბურთთან პირველი ზაზა ჭელიძე აღმოჩნდა და თავით მანაც სადებიუტო გოლი გაიტანა დინამოს ფორმით. საბოლოოდ აღარაფერი შეცვლილა და დინამომ ზედიზედ მეორედ იმარჯვა, 6 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა.

მომავალ მატჩს თბილისელები 25 აგვისტოს ჩაატარებენ. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დინამო თბილისი და გორის დილა საქართველოს 2015 წლის სუპერთასს გაითამაშებენ. შეხვედრა 20.00 საათზე დაიწყება.

ლოკომოტივი  1:4  დინამო

გოლი: 1:0 დიასამიძე 6’  1:1 თევზაძე 17’  1:2 ცინცაძე (პენ) 28’  1:3 ჯიღაური 37’  1:4 ჭელიძე 84’

გაფრთხილება: უბილავა 15’  იაშვილი 45’  ქიქავა 53’ 

გაძევება: ღაღანიძე 27’

ლოკომოტივი: კუპატაძე, ღაღანიძე, გეთიაშვილი, გავაშელიშვილი, დიასამიძე (ჩიხლაძე 70), კიკნაძე (არდაზიშვილი 57), ხიდეშელი, ქიქავა, ბენაშვილი, უბილავა, სამურკასოვი (ქანთარია 77)

დინამო: ბეგაშვილი, ტვილდიანი, გველესიანი, ჭელიძე, თევზაძე, ცინცაძე (ჯანელიძე 55), პარუნაშვილი, ჯიღაური, კიტეიშვილი (ჭანტურიშვილი 62), იაშვილი, ქვილითაია (ვოლკოვი 70)

მსაჯი: ლ. სილაგავა

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024