კვირას 6 დეკემბერს დინამო თბილისი საქართველოს ჩემპიონატის მე- 14 ტურის მატჩს გამართავს. თბილისელები საკუთარ არენაზე ბოლნისის სიონს მიიღებენ. მატჩი 18.00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი უზრუნველყოფს.
დღემდე ამ გუნდებს შორის ეროვნულ ასპარეზზე 55 შეხვედრა გაიმართა. ურთიერთშეხვედრებში დინამოელთა უპირატესობა აშკარაა – 44 მოგება, 4 ფრე და 7 მარცხი. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდებაც დედაქალაქელთა სასარგებლოდ 133/28 არის.
დედაქალაქელმა ფეხბურთელებმა 44 გამარჯვებიდან მეტოქე 17 შეხვედრაში დიდი ანგარიშით დაამარცხეს. აქედან აღსანიშნავია 1996 წელს გამართული მატჩი, რომელშიც ჩვენმა გუნდმა ბოლნისის სიონს 8:0 მოუგო. პოკერი გიორგი დემეტრაძემ შეასრულა, დუბლი ლევან ცქიტიშვილის ანგარიშზეა, ხოლო თითო გოლი ალექსანდრე იაშვილმა და ლევან ხომერიკმა გაიტანეს. ჩვენმა ფეხბურთელებმა სიონის კარში ამდენივე გოლი გაიტანეს 1998 წელსაც, თუმცა საპასუხოდ ერთი გოლი მიიღეს და დაპირისპირება დინამოს გამარჯვებით – 8:1 დასრულდა. ლევან ხომერიკმა, რატი ალექსიძემ და გიორგი შენგელიამ ორ-ორი გოლი გაუტანეს სიონს. თითო ზუსტი დარტყმა ლევან ცქიტიშვილის და გიორგი მიქაძის ანგარიშზეა. ყველაზე დიდი სხვაობით დინამომ ბოლნისის სიონი 2000 წელს დაამარცხა, ჩვენმა გუნდმა მეტოქეს 9:0 სძლია. დინამო არენაზე გამართულ მატჩში რობერტ ზირაქიშვილმა და გიორგი მიქაძემ ჰეთ თრიქი შეასრულეს. დუბლი დავით დათვაძემ გაიფორმა და ერთი გოლიც სანდრო გადელიამ შეაგდო.
დინამო თბილისისა და ბოლნისის სიონის უკანასკნელი დაპირისპირება 2015 წლის 1 მარტს შედგა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული მატჩი სიონის გამარჯვებით ანგარიშით 2:1 დასრულდა. ერთადერთი გოლი ბოლნისელთა კარში მათე ცინცაძემ გაიტანა.