დასრულებული სუპერთასის შემდეგ, რომელშიც დინამო თბილისმა გორის დილას ვახტანგ ჭანტურიშვილის გოლით 1:0 აჯობა, გაიმართა ტრადიციული მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია. ჟურნალისტების წინაშე გია გეგუჩაძე და უჩა სოსიაშვილი წარდგნენ.
გია გეგუჩაძე: დინამოს გულშემატკივარს ვულოცავ მორიგ ტიტულს. თამაშს დადებითად შევაფასებ. ვფიქრობ ლამაზი და სანახაობრივი მატჩი იხილა გულშემატკივარმა. ორივე გუნდი ცდილობდა ხარისხიანი ფეხბურთის ჩვენებას. დინამო ახალგაზრდებით დაკომპლექტებული გუნდია, დილა კი გამოცდილი ფეხბურთელებით და ეს ფაქტორი მოქმედებდა, მაგრამ საბედნიეროდ ეს მომენტი დავძლიეთ. რაც შეეხება პირველობას, ჯერ ორი ტურია გასული და ადრეა საჩემპიონო კონკურენტებზე საუბარი.
უჩა სოსიაშვილი: დაძაბული მატჩი გაიმართა და ორივე გუნდი ცდილობდა შემტევი თამაშის ჩვენებას. კარგი იქნება ხშირად თუ გაიმართება მსგავსი მატჩები. დღეს წარმატებულ გამოსვლას ვგეგმავდით, მაგრამ სამწუხაროდ დავმარცხდით. რამდენიმე მომენტი ვერ გამოვიყენეთ. იმედია ამის რეაბილიტაციას ჩემპიონატში შევძლებთ.