• Geo
  • Eng
01.07.2015
მატჩისწინა პრესკონფერენცია

დღეს დინამო არენას საპრესკონფერენციო დარბაზში მატჩისწინა პრესკონფერენცია გაიმართა. ჟურნალისტების წინაშე  თბილისის მთავარი მწვრთნელი- გია გეგუჩაძე, გუნდის ნახევარმცველი- მათე ცინცაძე და გაბალას მთავარი მწვრთნელი- რომან გრიგორჩუკი წარდგნენ.

გია გეგუჩაძე:  მოგესალმებით, იგრძნობა ჟურნალისტების და ფეხბურთის გულშემატკივრების ინტერესი მოახლოებულ თამაშთან დაკავშირებით. ყველანი მოლოდინში ვართ, მე ყველა ქართულ გუნდს მინდა ევროთასებზე წარმატება ვუსურვო. რაც შეეხება დინამოს, ჩვენ გავიარეთ მოსამზადებელი ეტაპი. მზადება დავიწყეთ თბილისში, შემდეგ შეკრება გავიარეთ სლოვენიაში, იქ გავმართეთ სამი თამაში, უკვე 5 დღეა რაც თბილისში ვართ და ვემზადებით. შეკრებამ საბოლოო ჯამში კარგად ჩაიარა. სამწუხაროდ ხვალ ტრავმების გამო ოთარ კაკაბაძე და დავით ვოლკოვი დაგვაკლდება. დანარჩენი ყველა ჯანმრთელია და მატჩის მოლოდინშია. მეტოქეზე გარკვეული წარმოდგენა გვაქვს, თუმცა ეხლანდელი გაბალა ცოტა სახეცვლილია და ახალი ფეხბურთელებითაა შევსებული. ვფიქრობ დაბალანსირებული გუნდია, კვალიფიციური ფეხბურთელებით დაკომპლექტებული და არ იქნება იოლი თამაში. ჩემი აზრით ჩვენი ახალწვეულების ინტეგრირება მოხდა გუნდათ, თუმცა რამდენად საკმარისად ამას უკვე ვიხილავთ თამაშებზე.

მათე ცინცაძე: წარმატებები მინდა ვუსურვო ყველა ქართულ კლუბს ევროასპარეზზე. დინამო ახალწვეულებით შეივსო, ვფიქრობ შევთამაშდით, დანარჩენი კი დროის ფაქტორია. ნაყოფიერი შეკრება გავიარეთ. ხალხს ვპირდებით, რომ 100% დავიხარჯებით და ვიბრძოლებთ. სხვა დანარჩენი თამაშზე გამოჩნდება.

 

რომან გრიგორჩუკი: ყველას მოგესალმებით. უამრავი ადამიანია შეკრებილი დარბაზში და ეს რა თქმა უნდა სასიამოვნოა. დინამოს საკმაოდ კვალიფიციური მწვრთნელი ჰყავს, ვიცი მისი შედეგები და პატივს ვცემ. რა შემიძლია ვივარაუდო?! ჩვენი მიზანია, რომ გავიდეთ შემდეგ ეტაპზე. ვხვებით, რომ სერიოზული ოპონენტი გვყავს, ვეცდებით ორივე თამაშის ჯამში საჩვენოდ დავასრულოთ პაექრობა. გვაქვს საკმაო ინფორმაცია დინამოზე. უმეტესი რა თქმა უნდა გასული სეზონი ინფორმაციაა და ვიცით, რომ ფეხბურთელებიც შეიცვალა გუნდში. შემიძლია ვთქვა, რომ მომწონს დინამოს დღევანდელი სტილი. დარწმუნებული ვარ ხვალ მაყურებელი ნახავს საინტერესო ფეხბურთს. ჩვენს გუნდში როტაცია მოხდა სეზონის ბოლოს. განახლებულია გაბალა და ერთად უნდა მოვახერხოთ შეთამაშება. მესმის, რომ მცირე დრო გვაქვს ამისთვის, მაგრამ მაინც ვფიქრობ ჩვენ სერიოზული სამუშაო შევასრულეთ ორგანიზაციის მხრივ. ბევრი გამოცდილი მოთამაშე დავიმატეთ და ეს მაძლევს იმის საბაბს, რომ ვივარაუდო- გუნდი მარტივად შეთამაშდება. ხვალ ალბათ საუკეთესო ხარისხი არ გვექნება, მაგრამ ვითამაშებთ რეზულტატზე.

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024