დღეს თბილისში, დინამო არენაზე დედაქალაქური დერბი გაიმართა, რომელშიც დინამომ საბურთალოს უმასპინძლა. გია გეგუჩაძის გუნდმა უმაღლესი ლიგის დებიუტანტს ოთხი უპასუხო გოლით აჯობა. თამაშამდე ლიდერბეთმა და ლელომ ალექსანდრე იაშვილს, როგორც წლის დაბრუნება სამახსოვრო პრიზი გადასცეს.
დინამომ ინიციატივა მატჩის დებიუტშივე ხელთ იგდო და უკვე მე- 8 წუთზე მათე ცინცაძემ უზადო თერთმეტმეტრიანი დარტყმით გახსნა ანგარიში. პენალტი გიორგი თევზაძის მიერ საჯარიმო დარტმას მოჰყვა, რომელიც გიორგი ხარაიშვილმა ხელით მოიგერია. 22- ე წუთზე ოთარ კაკაბაძემ ჩააწოდა შეტევის მარჯვენა ფრთიდან და გიორგი ქვილითაიამ დინამოს ფორმით პირველი ოფიციალური გოლი გაიტანა 2:0. შუა ტაიმში აღსანიშნავია ცინცაძის სახიფათო საჯარიმო დარტყმა, რომელიც აკრობატულ ნახტომში ბექა ქურდაძემ მოიგერია. პირველი ნახევრის ბოლოს სათამაშო რიტმი გათანაბრდა, მაგრამ აღარაფერი შეცვლილა. მეორე ტაიმი სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს. ჯაბა დვალი უტევდა სახიფათოდ დინამოს კარს. 53- ე წუთზე გიორგი ქვილითაიას გადაცემის შემდეგ ვახო ჭანტურიშვილი შეიჭრა საბურთალოს საჯარიმოში და ტექნიკური დარტყმით 3:0 გახადა ანგარიში. ხუთ წუთში შეცვლაზე შემოსულმა ბაჩანა არაბულმა ითამაშა კარგად, ბურთი დინამოს კაპიტანს გადააწოდა და ალექსანდრე იაშვილმაც მორიგი გოლი გაიტანა. დარჩენილ დროში აღსანიშნავია ნოდარ იაშვილის ძლიერი დარტყმა და გიორგი ბეგაშვილის ეფექტური სეივი. ასევე ალექსანდრე იაშვილს მართებდა დუბლის შესრულება, თუმცა ბოლო წამს მეტოქის მცველმა იმარჯვა. საბოლოოდ დინამომ 4:0 მოიგო და განიმტკიცა ლიდერობა.
დინამო მეოთხე ტურის მატჩს მარტვილში, ადგილობრივი მერანის წინააღმდეგ 11 სექტემბერს ჩაატარებს.
დინამო 4:0 საბურთალო
გოლი: 1:0 ცინცაძე (პენ) 8’ 2:0 ქვილითაია 22’ 3:0 ჭანტურიშვილი 53’ 4:0 იაშვილი 58’
გაფრთხილება: ხარაიშვილი 8’ ჭანტურიშვილი 44’ ნ. იაშვილი 44’ მარგველაშვილი 78’ ჯიღაური 82' არაბული 90+2'
დინამო: ბეგაშვილი, კაკაბაძე, რენე, გველესიანი, თევზაძე, ცინცაძე (ჯანელიძე 60), პარუნაშვილი, ჭანტურიშვილი, კიტეიშვილი (ჯიღაური 66), ა. იაშვილი, ქვილითაია (არაბული 55)
საბურთალო: ქურდაძე, მამულაშვილი, მარგველაშვილი, ჩაბრაძე, ალთუნაშვილი, ხარაიშვილი (სოფრომაძე 60), ფანცულაია (ბიძინაშვილი 60), გოშთელიანი, ნადარაია, დვალი (კოხრეიძე 62), ნ. იაშვილი
მსაჯი: გ. ყრუაშვილი