პარასკევს 11 სექტემბერს, მარტვილის მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონი ეროვნული პირველობის მეოთხე ტურის შეხვედრას უმასპინძლებს. ადგილობრივი მერანი დინამო თბილისს დაუპირისპირდება.
11 სექტემბერს დინამოს თავის ისტორიაში 10 ოფიციალური თამაში აქვს გამართული. 7 შეხვედრა თბილისელთა გამარჯვებით დასრულდა, ორი მატჩი წააგეს დინამოელებმა და ერთხელაც დაუზავდნენ მეტოქეს. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი 19/9 მტკვრისპირელთა სასარგებლოდ.
1952 წელს დინამო მოსკოვის ლოკომოტივთან დამარცხდა 1:2. გოლი ავთანდილ ჭკუასელმა გაიტანა. 1963 წელს ლენინგრადში ზენიტთან მატჩი ფრედ 2:2 მორჩა. ზაურ კალოევმა გაუტანა ზენიტელებს, ერთი გოლი კი ზავოდნოვმა საკუთარ კარში ჩაჭრა. 1982 წელს დინამომ დნეპროპეტროვსკელებს 3:1 აჯობა. გრიგოლ ცაავამ, ალექსანდრე ჩივაძემ და ვიტალი დარასელიამ გაუტანეს დნეპრს. ოთხი წლის შემდეგ თენგიზ სულაქველიძის და რევაზ ჩელებაძის გოლებით დინამომ ალმა ათის კაირათს 2:0 მოუგო.
1992 წელს თბილისელებმა მინიმალური ანგარიშით 1:0 აჯობეს ზუგდიდის ოდიშს. გოლი რეზო არველაძის ანგარიშზეა. 1999 წელს იმავე ანგარიშით ვიმარჯვეთ ვიტ ჯორჯიასთან. რატი ალექსიძემ ითამაშა შედეგიანად. 2002 წელს ვიტალი დარასელიამ და გიორგი ანჩაბაძემ გამოიჩინეს თავი. დინამომ ბოლნისის სიონს 2:0 მოუგო. ორი წლის შემდეგ მტკვრისპირელებმა 4 უპასუხო გოლი გაუტანეს ფოთის კოლხეთს. გოლები დავით კვირკველიამ, მიხეილ კაკალაძემ, ბორის გონჩაროვმა და ლევან მელქაძემ გაიტანეს. 2010 წელს ისევ ფოთის კოლხეთი და გამარჯვება 3:1. ლევან ხმალაძე, ალექსანდრე კოშკაძე და დავით მუჯირი შედეგიანი დარტყმების ავტორები. 2014 წელს რუსთავში ჩატარებული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 3:0 დასრულდა.