• Geo
  • Eng
07.11.2015
დინამო - კოლხეთი | მატჩამდე

საქართველოს XXVII ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მეთერთმეტე ტურის შეხვედრას დინამო თბილისი ფოთის კოლხეთის წინააღმდეგ გამართავს. დაპირისპირება დინამო არენაზე 18.00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი უზრუნველყოფს.

 

 

ჩვენი მეტოქე

სკ ფოთის კოლხეთი 1913 წელს დაარსდა და 1978 წლამდე გუნდი- კოლხიდას სახელით ასპარეზობდა. საშინაო შეხვედრებს გუნდი ფაზისის სტადიონზე ატარებს, რომლის ტევადობაც 7500 მაყურებელზეა გათვლილი. გუნდის ფერები ცისფერ-თეთრშია გადაწყვეტილი. კოლხეთმა 1978 და 1988 წლებში მოიგო საქართველოს რეგიონალური ჩემპიონატი. კოლხეთი-1913-ის სახელით მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი გათამაშების (1990) გახსნით მატჩში, თბილისის იბერიას წინააღმდეგ. საუკეთესო შედეგი საქართველოს უმაღლეს ლიგაში კოლხეთს 1993-1994 და 1996-1997 წლებში ჰქონდა, როდესაც გუნდმა მე-2 ადგილი დაიკავა. მესამეზე გავიდა გუნდი 1994-1995, 1995-1996 და 1997-1998 სეზონებში. 2013/2014 სეზონში კოლხეთმა პირველ ლიგაში (A ზონა) მეორე ადგილი დაიკავა და უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა.

 

 

მწვრთნელი და კოლხეთი

2015 წლის ოქტომბრიდან ფოთის კოლხეთის მთავარ მწვრთნელად ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთის სპეციალისტი- გელა სანაია მუშაობს. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა სამი მატჩი ჩემპიონატში ჩაატარა და სამივეში იმარჯვა, ხოლო თასზე დინამო თბილისთან დამარცხდა. კოლხეთი მიმდინარე სეზონში 10 ჩატარებული მატჩიდან 13 დაგროვილი ქულით, ცხრილში მე- 9 ადგილს იკავებს.

 

 

დინამომდე

27- ე ეროვნული პირველობა ფოთელებმა გორში 0:2 მარცხით გახსნეს. თასის 1/16 ფინალის პირველ მატჩში იმავე ანგარიშით კოლხეთმა ტყიბულის მეშახტეს მოუგო. 0:1 მარცხი ბოლნისის სიონთან და თასის საპასუხო დაპირისპირებაში ისევ სათავისო 2:0 მეშახტესთან. შემდეგ ფოთელებმა ჩემპიონატში 0:2 წააგეს ბათუმის დინამოსთან და 1:0 მოიგეს ქობულეთის შუქურასთან. თასის მერვედფინალის პირველ პაექრობაში დინამო არენაზე ჩვენმა გუნდმა 1:0 აჯობა კოლხეთს. იგივე ანგარიშით მოიგეს თბილისელებმა საპასუხო მატჩიც. კოლხეთი ასევე 0:1 დამარცხდა ქუთაისის ტორპედოსთან და 0:0 ითამაშა თერჯოლის საპოვნელასთან. შემდეგ იყო მარცხი ცხინვალთან 1:5 და მიჯრით სამი მოგება. შესაბამისად- 4:0 თბილისის ლოკომოტივთან, 1:0 საჩხერის ჩიხურასთან და 1:0 საბურთალოსთან.

 

 

დინამო - კოლხეთი | ურთიერთშეხვედრები

გუნდების დაპირისპირება სათავეს პირველი ჩემპიონატის პირველი ტურიდან იღებს. ფოთელებთან დინამოს ეროვნულ ჩემპიონატში 53 მატჩი აქვს ჩატარებული, საიდანაც თბილისელებმა 35 შემთხვევაში იმარჯვეს, 11 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო 7 მატჩი ფოთელთათვის აღმოჩნდა წარმატებული. ბურთების შეფარდება 117/37 დინამოს სასარგებლოდ. ყველაზე უხვგოლიანი და ასევე ყველაზე დიდი სხვაობით მოპოვებული გამარჯვება-  ანგარიშით 6:1, 1998 წლის 30 ნოემბერით თარიღდება. კოლხთა დასამახსოვრებელი გამარჯვება კი მეხუთე ჩემპიონატის მეთვრამეტე სათამაშო დღეს დაფიქსირდა. 1994 წლის 18 ივნისს ფოთელებმა ანგარიშით 5:1 დაამარცხეს დინამო. ჩვენმა გუნდმა მეტოქე დიდი ანგარიშით 4:0 ხუთჯერ დაამარცხა. ანგარიშით 5:0 კი დინამოს ოთხი შეხვედრა აქვს მოგებული. ერთი გასვლაზე და სამიც შინ.

ეროვნულ ჩემპიონატში ბოლოს ეს გუნდები ერთმანეთს ამა წლის 22 მარტს ლანჩხუთში დაუპირისპირდნენ. შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. ბოლოს კი დინამო და კოლხეთმა ისევ ლანჩხუთში ითამაშეს. 27 ოქტომბერს გამართული საქართველოს თასის მერვედფინალის საპასუხო მატჩი გიორგი ქვილითაიას გოლით დინამომ 1:0 მოიგო.

 

დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

ხვალინდელ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო კოლხეთის ფეხბურთელი- მერაბ გიგაური დააკლდება.

 

 

დინამო - კოლხეთი | მსაჯი

ჩვენი გუნდის შეხვედრას ფოთის კოლხეთის წინააღმდეგ- გოგა კიკაჩეიშვილი განსჯის. მას ასისტენტობას . უკლება და . კუპატაძე გაუწევენ. სათადარიგო მსაჯის ფუნქციებს კი . ხარიტონაშვილი შეასრულებს.

ბოლო შეხვედრა, რომელიც იმსაჯა გოგა კიკაჩეიშვილმა, 27 ოქტომბერს საქართველოს თასზე გამართული ზუგდიდი 0:1 დილა გახლავთ. მთავარმა არბიტრმა შეხვედრის მიმდინარეობისას სამ ფეხბურთელს უჩვენა ყვითელი ბარათი.

ჩვენი გუნდის მონაწილეობით ეროვნულ ჩემპიონატში გოგა კიკაჩეიშვილმა უკანასკნელად 2015 წლის 20 სექტემბერს იმსაჯა. იმ შეხვედრაში თბილისელებმა ზუგდიდს 3:1 მოუგეს. აღნიშნულ შეხვედრაში გოგა კიკაჩეიშვილმა სამჯერ გააფრთხილა ფეხბურთელები.

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის გოგა კიკაჩეიშვილის მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

გოგა კიკაჩეიშვილი (დაბადების თარიღი: 1991 წლის 31 აგვისტო)

===========================================

უმაღლესი ლიგა - 37 თამაში / 141 ყვითელი / 7 წითელი / 5 პენალტი

პირველი ლიგა – 80 თამაში / 309 ყვითელი / 28 წითელი / 23 პენალტი

მეორე ლიგა – 34 თამაში / 100 ყვითელი / 4 წითელი / 16 პენალტი

საქართველოს თასი - 12 თამაში / 33 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი

 

 

კოლხეთის სავარაუდო შემადგენლობა

ჩვენი ვარაუდით, ხვალინდელ მატჩში ფოთელთა სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:

სეფიაშვილი - ქებურია, კილასონია, ჩაკვეტაძე, თევზაძე - ლემონჯავა, გოგონაია, კოშკაძე, პოლიულიახი, კვარაცხელია - სიჭინავა

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024