25 ივნისს ჩვენს აკადემიაში დინამოს საფეხბურთო სკოლების შემაჯამებელი საზაფხულო ფესტივალი ჩატარდა, რომელშიც 2011-2012 და 2013-2014 წელს დაბადებულ ფეხბურთელთა 16 გუნდი მონაწილეობდა.
დინამოს და ბრიჯის ასაკობრივი გუნდების გარდა ფესტივალში მონაწილეობა პროექტში ჩართული რეგიონების - ტყიბულის, თერჯოლის, ქარელის, ახალგორის, დმანისის, ერედვის, კასპის და დუშეთის გუნდებმაც მიიღეს (სულ ორასამდე ფეხბურთელი).
ფესტივალს მოწვეული სტუმრების სტატუსით ესწრებოდნენ - ახალგორის, კასპის, დმანისის, ერედვის, დუშეთის და ტყიბულის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები. ასევე მცხეთა-მთიანეთის ფეხბურთის რეგიონალური ფედერაციის პრეზიდენტი და პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლები.
დინამოს ფესტივალი 2023-ის მხარდამჭერი გახლდათ ონლაინ მაღაზია - ისურვე, რომელმაც ყველა მონაწილე გუნდს სხვა და სხვა სახის სავარჯიშო ინვენტარი გადასცა.
თავად დინამოს საფეხბურთო ფილიალების პროექტი რეგიონებში, გულისხმობს 6-12 წლამდე ბავშვების წვრთნას დინამოს აკადემიაში დანერგილი მეთოდოლოგიით, მწვრთნელების გადამზადებას აკადემიაში წელიწადში 2-ჯერ, საწვრთნელი პროცესების მონიტორინგს ადგილზე, საუკეთესო ფეხბურთელების სტაჟირებას დინამოს აკადემიაში წელიწადში 2-ჯერ, რეგიონალური ტურნირებისა და ფესტივალების ორგანიზებას და რეგიონალური ნაკრები გუნდების შექმნას.
ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს დუშეთის, ყაზბეგის, ჩხოროწყუს, სენაკის, ხარაგაულის, თერჯოლის, მესტიის, ბაღდადის, ხონის, ახალგორის და ერედვის მუნიციპალიტეტებთან.