• Geo
  • Eng
22.12.2015
ლელომ პირველი წრე შეაფასა

სპორტულმა გამოცემა ლელომ დასრულებული პირველი წრე შეაჯამა, შეაფასა და საშუალედო ნომინანტები დაასახელა.

გამოცემამ საუკეთესო მწვრთნელად ჩვენი გუნდის დამრიგებელი- გია გეგუჩაძე დაასახელა. მისი ხელმძღვანელობით დინამომ ამ სეზონში ყველა ასპარეზზე 20 ოფიციალური მატჩი გამართა, საიდანაც 18 მათგანში იმარჯვა, ერთი ფრე ითამაშა და ერთხელ დამარცხდა. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 49/14.

პირველი წრის საუკეთესო ნახევარმცველი გახდა- ჯაბა ჯიღაური. თბილისელმა ნახევარმცველმა მაღალი შედეგიანობა აჩვენა და 10 გოლის გატანა მოახერხა.

ნომინაციაში საუკეთესო თავდამსხმელი, პირველ ადგილზე დინამოს კაპიტანი- ალექსანდრე იაშვილი დასახელდა. თავის მშობლიურ კლუბში დაბრუნებულმა ვეტერანმა უკვე 9 საგოლე გადაცემის გაკეთება მოასწრო.

სეზონის აღმოჩენად ლელომ ლურჯ-თეთრი გუნდის ბომბარდირი- გიორგი ქვილითაია დაასახელა. ახალგაზრდა ფორვარდი ჩვენს გუნდს ამ ზაფხულში შეუერთდა და პირველ წრეში მაღალი შედეგიანობა, 15 გატანილი გოლი დააფიქსირა.

ნომინაციაში საუკეთესო ახალგაზრდა იმარჯვა- მათე ცინცაძემ. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდული სამეული მთლიანად დინამოელებით დაკომპლექტდა (ოთარ კაკაბაძე, ოთარ კიტეიშვილი). მათე ცინცაძემ, რომელიც  სტაბილური ასპარეზობით გამოირჩევა, ამ სეზონში ყველაზე მეტი დრო- 1600 წუთი გაატარა მოედანზე.

პირველი წრის საუკეთესო ლეგიონერის წოდება დინამოს ბრაზილიელმა ცენტრალურმა მცველმა- რენე ფერეირამ მოიპოვა. რენემ მთელი წრე სტაბილურად მაღალ დონეზე ჩაატარა.

2015/2016 სეზონის პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელად გამოცემამ- ალექსანდრე იაშვილი დაასახელა. მეორე პოზიცია კი- ჯაბა ჯიღაურს ერგო.

ლელომ პირველი წრის სიმბოლური ნაკრებიც დაასახელა, რომელშიც 5 ფეხბურთელი დინამო თბილისიდანაა. დაცვის ხაზში- ოთარ კაკაბაძე და რენე ფერეირა. ნახევარდაცვაში- ჯაბა ჯიღაური, ხოლო შეტევაში- ალექსანდრე იაშვილი და გიორგი ქვილითაია. სიმბოლური გუნდის მთავარ მწვრთნელად- გია გეგუჩაძე დასახელდა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024