• Geo
  • Eng
19.09.2015
დინამო VS ზუგდიდი – მატჩამდე

საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრას ჩვენი გუნდი დინამო არენაზე საფეხბურთო კლუბ ზუგდიდის წინააღმდეგ გამართავს. დაპირისპირება 18.00 საათზე დაიწყება და მის რეპორტაჟს დინამოს ვებ გვერდი შემოგთავაზებთ.

 

 

ჩვენი მეტოქე

ზუგდიდის სფეხბურთო ისტორია სათავეს XX საუკუნიდან იღებს და მას შემდეგ ამ ქალაქის სახელით არაერთ გუნდს უთამაშია. 1990 წლიდან საქართველოს დამოუკიდებელ საფეხბურთო ჩემპიონატში ქალაქ ზუგდიდს ჯერ საფეხბურთო კლუბი ოდიში წარმოადგენდა, შემდეგ კი- დინამო. ჩვენ ქვეყანაში მომხდარი სამოქალაქო ომისა და მომდევნო პერიოდში განვითარებული მოვლენების შემდეგ, ზუგდიდური გუნდი ქართულ საფეხბურთო ელიტას დაემშვიდობა. 2007/2008 წლის სეზონში, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, უმაღლეს ლიგაში ზუგდიდური კლუბი- მგლები ასპარეზობდა. 2008 წელს უმაღლესლიგელი მგლებისა და პირველლიგელი ბაიას გაერთიანების შემდეგ ჩემპიონატში გამოსვლა ზუგდიდურმა კლუბმა- ბაიას სახელით განაგრძო. 2012 წელს ჩვენმა მომავალმა მეტოქემ სახელწოდება კიდევ ერთხელ შეიცვალა და ამჯერად ზუგდიდის სახელით გამოდის.

 

 

მწვრთნელი და ზუგდიდი

2014 წლის ოქტომბრიდან ზუგდიდურ კლუბს რამაზ მუმლაძის ნაცვლად, სათავეში- ბესიკ შეროზია ჩაუდგა. გასული პირველობა ზუგდიდმა მე- 12 ადგილზე დაასრულა. 30 მატჩიდან 8 მოგება, 9 ფრე და 13 მარცხი. გუნდმა გაიტანა 24 გოლი და საკუთარ კარში მიიღო მიიღო 45. საბოლოოდ ზუგდიდელებმა 33 ქულა დააგროვეს. ამ სეზონში კი გუნდმა 4 ჩატარებული შეხვედრიდან 3 დათმო და 1 ფრედ ითამაშა.

 

 

დინამომდე

2015/2016 წლების სეზონი ზუგდიდმა ბათუმის დინამოსთან 0:5 მარცხით გახსნა. შემდეგ ზუგდიდელებმა თასის 1/16 ფინალში იმერეთს აჯობეს 2:1, რასაც ფრე 1:1 მიაყოლეს ქუთაისის ტორპედოსთან. თასის საპასუხო შეხვედრა ასევე ფრედ 0:0 დასრულდა და შემდეგ ეტაპზე ზუგდიდი გავიდა. ჩვენმა მომავალმა მეტოქემ მიჯრით ორი მატჩი წააგო, ჯერ ცხინვალთან 1:5 და შემდეგ ჩიხურასთან 1:4. ბოლოს ზუგდიდმა საქართველოს თასის მერვედფინალის პირველ მატჩში გორის დილას თავისივე სტადიონზე 2:1 აჯობა.

 

 

დინამო VS ზუგდიდი

თბილისურ ზუგდიდური დაპირისპირება დღემდე 42- ჯერ გაიმართა, საიდანაც 31 შემთხვევაში გამარჯვება ჩვენს ფეხბურთელებს დარჩათ, 7 მატჩი ფრედ დასრულდა, 4 თამაში კი ზუგდიდურმა კლუბმა მოიგო. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდება ჩვენი გუნდის სასარგებლოდ 113/28 არის.

სხადასხვა დროს თბილისელმა ფეხბურთელებმა ზუგდიდური ოდიშის, დინამოს, მგლებისა და ბაიას წინააღმდეგ იასპარეზეს. ამჯერად კი მტკვრისპირელები საფეხბურთო კლუბ ზუგდიდს დაუპირისპირდებიან. დიდი ანგარიშით დინამომ 16–ჯერ იმარჯვა. ამათგან აღსანიშნავია 1992 წელს მოპოვებული გამარჯვება, როდესაც თბილისელებმა მეტოქეს 7:2 მოუგეს. დინამომ ზუგდიდელი ოპონენტი სამჯერ ერთნაირი ანგარიშით 5:0 დაამარცხა – 1994, 1997 და 1999 წლებში. 2009 წლის 19 სექტემბერს ჩვენმა გუნდმა ანგარიშით 6:0 იმარჯვა. 2012 წელს 26 თებერვალს, ოცდამეერთე ტურში დინამო არენაზე გამართული მატჩი ანგარიშით 5:1 დასრულდა და ასევე 2012 წლის 20 მაისს თბილისელებმა საკუთარ მინდორზე 6:1 დაჯაბნეს მოწინააღმდეგე.

ამ გუნდების ბოლო შეხვედრა, რომელიც თბილისში 2015 წლის 13 მაისს გაიმართა, ჩვენი გუნდის გამარჯვებით- 7:0 დასრულდა. ეს ანგარიში ამ გუნდების შეხვედრაში დაფიქსირებული ყველაზე დიდი სხვაობაა. გიორგი ჩირგაძემ ჰეთ თრიქი შეასრულა, დუბლი ვახო ჭანტურიშვილის ანგარიშზეა, თითო გოლი კი გიორგი პაპუნაშვილმა და ჯაბა ჯიღაურმა გაიტანეს.

 

დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

ხვალინდელ შეხვედრას გუნდები დისკვალიფიცირებული ფეხბურთელების გარეშე შეხვდებიან.

 

 

დინამო VS ზუგდიდიმსაჯი

შეხვედრას დინამოსა და ზუგდიდს შორის- გოგა კიკაჩეიშვილი განსჯის. მას ასისტენტობას- დ. კვეტენაძე და ზ. ფიფია გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს კი- ა. ნონიკაშვილი შეასრულებს.

ბოლო შეხვედრა, რომელიც იმსაჯა გოგა კიკაჩეიშვილმა, 16 სექტემბერს საქართველოს თასზე გამართული შუქურა 3:1 ცხინვალი გახლავთ. მთავარმა არბიტრმა შეხვედრის მიმდინარეობისას ორ ფეხბურთელს უჩვენა ყვითელი ბარათი.

ჩვენი გუნდის მონაწილეობით ეროვნულ ჩემპიონატში გოგა კიკაჩეიშვილმა უკანასკნელად 2015 წლის 3 აპრილს იმსაჯა. თბილისელებმა გორის დილასთან ფრედ 2:2 ითამაშეს. აღნიშნულ შეხვედრაში გოგა კიკაჩეიშვილმა ხუთჯერ გააფრთხილა ფეხბურთელები.

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის გოგა კიკაჩეიშვილის მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

გოგა კიკაჩეიშვილი (დაბადების თარიღი: 1991 წლის 31 აგვისტო)

===========================================

უმაღლესი ლიგა - 34 თამაში / 133 ყვითელი / 7 წითელი / 5 პენალტი

პირველი ლიგა – 75 თამაში / 292 ყვითელი / 25 წითელი / 23 პენალტი

მეორე ლიგა – 31 თამაში / 90 ყვითელი / 4 წითელი / 16 პენალტი

საქართველოს თასი - 11 თამაში / 30 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი

 

ზუგდიდის სავარაუდო შემადგენლობა

ჩვენი ვარაუდით, ხვალინდელ მატჩში ზუგდიდელთა სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:

მამალაძე - ჯავაშვილი, მაჩაიძე, ქანთარია, მალანია - თიბილაშვილი, ტყემალაძე, წურწუმია, წყაროზია, გ. სამუშია - კვარაცხელია

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024