• Geo
  • Eng
17.09.2015
20 სექტემბერი დინამოს ისტორიაში

კვირას 20 სექტემბერს დინამო თბილისი საქართველოს ჩემპიონატის მეხუთე ტურის შეხვედრაში საფეხბურთო კლუბ ზუგდიდს მიიღებს. მატჩი დინამო არენაზე 18.00 საათზე დაიწყება.

20 სექტემბერს დინამოელებს თავის ისტორიაში 9 ოფიციალური მატჩი აქვთ გამართული. 5 შეხვედრა თბილისელთა მოგებით დასრულდა, 3 მატჩი ფრედ ვითამაშეთ და ერთხელაც დავმარცხდით. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 13/3 დინამოს სასარგებლოდ.

1946 წელს დინამომ მოსკოვის კრილია სოვეტოვი მიიღო და გიორგი ანთაძის გოლით 1:0 აჯობა მეტოქეს. 1955 წელს თბილისელები მოსკოვის სპარტაკთან 1:2 დამარცხდნენ. გოლი ზაურ კალოევის ანგარიშზეა. 1961 წელს მოსკოვის ცსკა- თან დაპირისპირება ჩვენი გუნდის სასარგებლოდ 3:0 მორჩა. შოთა იამანიძემ ორჯერ აიღო არმიელთა კარი, ერთი გოლი ილია დათუნაშვილმა გაიტანა. 1964 წელს ვლადიმერ ბარქაიას გოლი და 1:0 მოგება კიშინიოვის მოლდოვასთან. მომდევნო სეზონზე მოსკოვში თანაკლუბელთან უგოლო ფრე ვითამაშეთ. 1969 წელს იმავე გუნდს თბილისში 3:1 ვაჯობეთ. ლევან ნოდიას დუბლს ერთი გოლი გოჩა გავაშელმა მიამატა.

1998 წელს ზუგდიდში ოდიშს ეთამაშა დინამო. მიხეილ აშვეთიამ დუბლი შეასრულა. ლევან ცქიტიშვილმა და გიორგი შენგელიამ თითო გოლი გაიტანეს. საბოლოოდ დინამომ 4:0 მოუგო მასპინძლებს. 2003 და 2004 წლებში ბოლნისის სიონთან და თბილისის ლოკომოტივთან შეხვედრები 0:0 დასრულდა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024