• Geo
  • Eng
13.08.2015
დინამო vs საპოვნელა - მატჩამდე

საქართველოს 27- ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის პირველი ტურის შეხვედრას ჩვენი გუნდი დინამო არენაზე ლიგის დებიუტანტის- თერჯოლის საპოვნელას წინააღმდეგ გამართავს. დაპირისპირება 20.00 საათზე დაიწყება და მის რეპორტაჟს დინამოს ვებ გვერდი შემოგთავაზებთ.

 

 

ჩვენი მეტოქე

სკ საპოვნელა თერჯოლა 1985 წელს დაარსდა. საპოვნელა 1993-1994 და 1994-1995 წლების სეზონში ასპარეზობდა საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში. 20 წლიანი განშორების შემდეგ იმერული კლუბი კვლავ დაუბრუნდა ქართული ფეხბურთის ელიტას. მანამდე რეგიონალ ლიგაშიც კი გამოდიოდნენ. უკანასკნელი გათამაშება კი წარმატებული გამოდგა საპოვნელასთვის. პირველი ლიგის მეორე ჯგუფში ჩვენმა მომავალმა მეტოქემ პირველი ადგილი დაიკავა. საპოვნელას ფეხბურთელებმა 36 თამაშში 64 გოლი გაუტანეს მეტოქეებს და 28 მიიღეს საკუთარ კარში. 77 ქულა დააგროვეს და უმაღლესი ლიგის საგზურიც მიიღეს. საპოვნელა საშინაო მატჩებს თერჯოლის ცენტრალურ არენაზე ატარებს, თუმცა ამ სეზონში მეტოქეებს ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე მიიღებს.

 

 

მწვრთნელი და საპოვნელა

2012 წლის ივლისიდან თერჯოლურ კლუბს- მირიან გეწაძე ხელმძღვანელობს. მისი თავკაცობით საპოვნელამ უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა. 36 მატჩიდან 77 ქულა დააგროვა და პირველი ლიგის მეორე ჯგუფში მეტოქეთათვის მიუწვდომელი შეიქმნა.

 

 

დინამომდე

ჩემპიონატისწინა მოსამზადებელი ეტაპი საპოვნელამ საქართველოში გაიარა. თერჯოლელებმა რამდენიმე სპარინგ მატჩიც გამართეს. 0:3 დამარცხდნენ ქუთაისის ტორპედოსთან, 1:0 აჯობეს ქობულეთის შუქურას, 2:3 ლანჩხუთის გურიასთან, 1:5 საბურთალოსთან, მარცხი ფოთის კოლხეთთან 0:1 და სამი უპასუხო ბურთით დაამარცხეს ხარაგაულის ჩხერიმელა.

 

 

დინამო VS საპოვნელა

ისტორიაში ეს გუნდები სულ ოთხჯერ შეხვედრიან ერთმანეთს. სამი მატჩი დედაქალაქელთა გამარჯვებით დასრულდა, ერთხელაც თერჯოლელმა ფეხბურთელებმა იმარჯვეს. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი 15/6 დინამოს სასარგებლოდ.

პირველი პაექრობა 1993 წლის 24 სექტემბერს თერჯოლაში შედგა და თბილისელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა. გამარჯვების გოლი გიორგი ანჩაბაძის ანგარიშზეა. იმავე წლის 11 დეკემბერს საპოვნელამ თბილისში იმარჯვა 2:1. თბილისელთაგან გოლი ალექსანდრე იაშვილმა გაიტანა. საერთოდ აღსანიშნავია, რომ ამ გუნდების ურთიერთშეხვედრებში იაშვილი 5 გოლით რეკორდსმენია და 20 წლის შემდეგ ისევ შეეცდება გოლის გატანას. დინამოსა და საპოვნელას შემდეგი შეხვედრა 1994 წლის 24 ნოემბერს თერჯოლაში გაიმართა. დუბლი შეასრულა ალექსანდრე იაშვილმა, ასევე ორი გოლი გაიტანა მიხეილ ყაველაშვილმა და ერთი შედეგიანი დარტყმაც მურთაზ შელიას ანგარიშზეა. თბილისელებმა 5:2 დაამარცხეს მეტოქე. ბოლოს ეს გუნდები ერთმანეთს 1995 წლის 19 მაისს დაუპირისპირდნენ და დინამო არენაზე გამართული მატჩი მასპინძლებმა 8:2 მოიგეს. დუბლი შეასრულეს ალექსანდრე იაშვილმა, გოჩა ჯამარაულმა და ლევან ყიფიანმა. თითო გოლი გიორგი დემეტრაძის და გიორგი ქინქლაძის ანგარიშზეა.

 

დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

ხვალინდელ შეხვედრას ორივე გუნდი დისკვალიფიცირებული ფეხბურთელების გარეშე ჩაატარებს.

 

 

დინამო VS საპოვნელა – მსაჯი

საქართველოს XXVII ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის პირველი ტურის შეხვედრას, რომელსაც ჩვენი გუნდი დინამო არენაზე, თერჯოლას საპოვნელას წინააღმდეგ გამართავს- ჯენერი ხორავა განსჯის. ჯენერი ხორავას ასისტენტობას დ. ჩიგოგიძე და დ. გაბისონია გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს კი გ. ავაზაშვილი შეასრულებს.

უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც ჯენერი ხორავამ იმსაჯა 17 ივნისს, მეორე ლიგაში გამართული, ლიახვი 2:0 ცხუმი გახლავთ, სადაც მატჩის მონაწილე ფეხბურთელებს 6 ყვითელი და 2 წითელი ბარათი უჩვენა.

ჩვენი გუნდის მონაწილეობით ჯენერი ხორავამ ბოლოს 2015 წლის 9 მარტს იმსაჯა. გორის დილას წინააღმდეგ დინამო არენაზე გამართულ სათასო შეხვედრაში, რომელიც დინამომ 1:0 მოიგო, მატჩის მთავარმა არბიტრმა ექვსი ყვითელი და ერთი წითელი ბარათი გამოიყენა.

ჯენერი ხორავა

დაბადების თარიღი: 1980 წლის 26 მაისი
===========================================
უმაღლესი ლიგა - 63 თამაში / 233 ყვითელი / 13 წითელი / 15 პენალტი

პირველი ლიგა - 30 თამაში / 113 ყვითელი / 11 წითელი / 9 პენალტი

მეორე ლიგა - 3 თამაში / 14 ყვითელი / 2 წითელი / 1 პენალტი

საქართველოს თასი - 12 თამაში / 48 ყვითელი / 4 წითელი / 3 პენალტი

ვირსლიგა - 1 თამაში / 2 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

 

საპოვნელას სავარაუდო შემადგენლობა

ჩვენი ვარაუდით, ხვალინდელ მატჩში თერჯოლელთა სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:

გიორგაძე - ბერუაშვილი, ენდელაძე, ჯიმშელეიშვილი, ბუცხრიკიძე - მაკარიძე, მურადაშვილი, შუღლაძე, ახვლედიანი - ბუხაიძე, ტყეშელაშვილი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024