• Geo
  • Eng
31.12.2015
გიორგი ქვილითაიას ინტერვიუ UEFA.com- ზე

დინამო თბილისის შეტევის ხაზის ლიდერი- გიორგი ქვილითაია ერთი მეორეს მიყოლებით „ბეჭდავს“ გოლებს მეტოქეთა კარში. ეს არც არის გასაკვირია, რადგან „გოლი“ გახლდათ მისი პირველი სიტყვა. Uefa.com-ი წარმოგიდგენთ თბილისელთა 22 წლის ფორვარდს.

უკანასკნელ 10 მატჩში 22 წლის გიორგი ქვილითაიამ მხოლოდ ორჯერ დატოვა მოედანი გატანილი გოლის გარეშე. აქედან გამომდინარე, დღეისათვის სამართლიანად ითვლება საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ. UEFA.com- თან საუბრისას გიორგიმ მოგვიყვა, თუ როგორ შეუყვარდა ფეხბურთი სულ პატარა ასაკიდან, როგორ გაემგზავრა უნგრეთში ორჯერ კარიერის ასაწყობად და როგორ ოცნებობს დღემდე ეროვნულ ნაკრებში მოხვედრაზე.

„ეხლა ნამდვილად წარმატებული პერიოდი მაქვს. ყველაფერს იღბალსაც ვერ დავაბრალებ, თუმცა მე გამიმართლა და საუკეთესო თანაგუნდელებთან მოვხვდი, მათ გარეშე კი ამდენ გოლს ვერ გავიტანდი.“ - ამბობს ქუთაისის ტორპედოსა და ფოთის კოლხეთის ყოფილი თავდამსხმელის მამუკა ქვილითაიას უფროსი ვაჟი.

„მე საერთოდ არ მომიწია იმაზე ფიქრი, თუ ვინ გამოვსულიყავი ცხოვრებაში და სპორტის რომელი სახეობა ამერჩია, - იხსენებს ქვილითაია. დაბადებიდან ვხედავდი ბურთს, მესმოდა ბურთი და ვგრძნობდი ბურთს. როგორც კი ავიდგი ფეხი, მაშინვე მოვსინჯე ბურთი. პირველი სიტყვაც კი, რომელიც წარმოვთქვი იყო- გოლი. მე საფეხბურთო ოჯახიდან ვარ და ეს სიტყვაც ყველაზე ხშირად მესმოდა. მე და ჩემი ძმა ფეხბურთს ვთამაშობთ, თუმცა მე მამაჩემს ვგავარ, რომელიც ფორვარდი იყო, ჩემი ძმა კი მეკარე გახდა.“ 14 წლის გიორგი მშობლიური აბაშიდან თბილისის საფეხბურთო სკოლა- ნორჩ დინამოელში გადმოვიდა. ცოტახანში დედაქალაქურმა აკადემიამ პირველ ლიგაში თავისი გუნდი - სასკო წარადგინა. ქვილითაიამ კი ოთხ თვეში 22 გოლს მოუყარა თავი.

მაშინ 19 წლის ფორვარდი პირდაპირ უნგრეთის უძლიერეს კლუბ- დიორში აღმოჩნდა. „იქ მე ორჯერ მოვასწარი თამაში. პირველ შემთხვევაში- ნახევარწლიანი იჯარით. იმ დროს კლუბი საუკეთესოდ ითვლებოდა უნგრეთში, თუმცა ჩათვალეს, რომ მომაგრება მჭირდებოდა. შემდეგ დავბრუნდი და სამ წლიანი კონტრაქტი გავაფორმე. ტრავმის შემდეგ ლიგის თასის ოთხ შეხვედრაში ათი გოლის გატანა მოვახერხე, თავი ასევე უმაღლეს ლიგაშიც გამოვიჩინე. თუმცა შემდეგ მაინც მომიწია გუნდიდან წასვლა. დიორი გაკოტრდა და მესამე დივიზიონში დაქვეითდა.“

უნგრეთში პირველი სტუმრობის შემდეგ გიორგი საქართველოში დაბრუნდა და გორის დილას შემადგენლობაში არც ისე ცუდი სეზონი ჩაატარა. როდესაც მეორედ მოუწია დიორის დატოვება, თავდამსხმელი არჩევანის წინაშე დადგა. „მქონდა რეალური შანსი დავრჩენილიყავი ევროპაში და მიმეღო სლოვაკური კლუბის შემოთავაზება, მაგრამ დინამოს მთავარი მწვრთნელის- გია გეგუჩაძის ფაქტორი გადამწყვეტი გამოდგა. თავიდან არ იყო იოლი, თუმცა დრომ აჩვენა, რომ მართებულად მოვიქეცი. სანამ დინამოში მოვხვდებოდი, ხშირი ტრავმიანობა იყო ჩემი თანმდევი. ახლა მწყობრში ვარ და პირველობის თხუთმეტივე შეხვედრა ძირითადში დავიწყე. უმნიშვნელოვანესია მწვრთნელის თანადგომა, რომელიც ყოველთვის მამხნევებს ჩემთვის მძიმე წუთებში.“

დინამოში ქვილითაია თავიდანვე არ გახსნილა. მისი ბომბარდირული შედეგი პირველი ორი ტურის შემდეგ და მანამდე უეფას ევროპა ლიგის შესარჩევში აზერბაიჯანულ გაბალასთან ორმატჩიან დუელში ნულზე იყო გაჩერებული. „მაშინ ჩვენ უბრალოდ შეთამაშებისთვის არ გვეყო დრო. ჩვენი დღევანდელი ფორმით ამ შეხვედრების საბოლოო შედეგი სულ სხვაგვარი იქნებოდა“ - ამბობს ქვილითაია, რომელსაც დინამოსთან 1+1 სახის კონტრაქტი აკავშირებს.

„ჩემი უახლოესი გეგმები დაკავშირებულია მხოლოდ დინამოსთან. ჩვენი მიზანია ეროვნულ ასპარეზზე ორივე ტიტულის მოგება და ევროთასებზე გამოსვლა, სადაც ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის ძალა შეგვწევს.“ ეხლანდელი შემადგენლობა მიტოვებს ამის იმედს - ამატებს გიორგი, რომელსაც კიდევ ერთი ნატვრა აქვს და არ ჩქარობს ოჯახის შექმნას, სანამ საბოლოოდ არ მოძლიერდება პროფესიულ ასპარეზზე. – „ძალიან მინდა ეროვნულ ნაკრებში მოხვედრა. ამაზე, რაც ბურთს დავდევ, იმ დღიდან ვოცნებობ.“

http://ru.uefa.com/memberassociations/news/newsid=2321566.html

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024