• Geo
  • Eng
25.09.2015
დილა vs დინამო - მატჩამდე

შაბათს, 26 სექტემბერს ეროვნული ჩემპიონატის მეექვსე ტურში დინამო თბილისი გორის დილას დაუპირისპირდება. შეხვედრა გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე 16.00 საათზე დაიწყება. ტრადიციულად მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს დინამოს ოფიციალური ვებ გვერდი წარმოგიდგენთ.

 

 

ჩვენი მეტოქე

გორის საფეხბურთო კლუბი 1949 წელს შეიქმნა და არსებობის მანძილზე სახელწოდება რამდენჯერმე შეიცვალა. 1961 წლიდან კი დილა ეწოდა. გუნდი საშინაო შეხვედრებს გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ატარებს, რომელიც 8 300 მაყურებელზეა გათვლილი. კლუბის სიმბოლიკა ძირითადად ცისფერ და ბორდოსფერშია გადაწყვეტილი. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დაწყებიდან 18 წლის შემდეგ – 2008 წელს, გორის დილა უმაღლეს ლიგას დაემშვიდობა. პირველ ლიგაში დაქვეითებულმა გორელებმა მომდევნო – 2009/2010 წლების სეზონი მეორე ლიგაში დაიწყეს. დილა უმაღლეს ლიგას სამწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. გუნდმა ჯერ 2009/2010 წლების სეზონში მოიპოვა პირველ ლიგაში ასპარეზობის უფლება, შემდეგ კი 2010/2011 წლების სეზონში უმაღლესი ლიგის საგზურიც მოიპოვა. პირველი ლიგის მესამეადგილოსანმა გორის დილამ გადათამაშებაში სამტრედიას 2:0 მოუგო და ქართული ფეხბურთის ელიტაში დაბრუნდა. გორის დილამ თავისი პირველი ტიტული 2011/2012 წლების სეზონში მოიპოვა. შიდაქართლელებმა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების ფინალურ შეხვედრაში ზესტაფონს 4:1 მოუგეს. დასრულებული სეზონი კი გორელთათვის ტრიუმფალური აღმოჩნდა. დილამ თავის ისტორიაში პირველად საქართველოს ჩემპიონატის ოქროს მედლები მოიპოვა. ასევე დილამ ვერცხლის მედლები ირგუნა სუპერთასის ფინალში, სადაც 0:1 დამარცხდა დინამოსთან.

 

 

მწვრთნელი და დილა

2014 წლის ივნისიდან გორის დილას მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალგაზრდა სპეციალისტი- უჩა სოსიაშვილი დაინიშნა. მისი ხელმძღვანელობით გუნდი წინა ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. 30 მატჩიდან დილამ 64 ქულა დააგროვა კონკურენტებისთვის მიუწვდომელი გახდა. მიმდინარე გათამაშებაში გორელებმა 5 მატჩიდან ოთხში იმარჯვეს და ერთი ფრე ითამაშეს. 13 ქულით დილა მეორე ადგილზეა.

 

 

დინამომდე

გორელებმა მიმდინარე ჩემპიონატი ფოთელებთან 2:0 გამარჯვებით გახსნეს. შემდეგ იყო ფრე 1:1 ბათუმის დინამოსთან. სუპერთასზე დინამო თბილისთან 0:1 მარცხის შემდეგ დილამ 2 მატჩი მიჯრით მოიგო. ქუთაისის ტორპედოსთან 2:0 და ცხინვალთან 3:0. თასის 1/8 ფინალის პირველი შეხვედრა დილამ 1:2 დათმო ზუგდიდთან. ბოლო მატჩში კი ჩიხურას აჯობეს 1:0.

 

 

დინამო VS დილა

ეროვნული ასპარეზზე ეს გუნდები ერთმანეთს 53- ჯერ შეხვედრიან. ურთიერთშეხვედრებში დინამოს უპრეცენდენტო უპირატესობა აქვს. 41 შემთხვევაში გამარჯვება თბილისელებს დარჩათ, 11 შეხვედრა ფრედ  დასრულდა და 1 თამაში გორელებმა მოიგეს. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდება ჩვენი გუნდის სასარგებლოდ 143/26 არის.

ყველაზე დიდი ანგარიშით დინამომ 2005 წლის 2 აპრილს იმარჯვა. XVI ჩემპიონატის ოცდამეექვსე ტურში გამართული შეხვედრა 9:0 დასრულდა. ასევე ცხრა ბურთი გავიდა 1993 წლის 16 ნოემბერს ჩატარებულ მატჩში. V ჩემპიონატის მეთხუთმეთე სათამაშო დღეს თბილისელებმა 7 ბურთი გაიტანეს, გორელთა 2 გოლის საპასუხოდ. აღსანიშნავია, რომ სამ–სამჯერ დაფიქსირდა ხუთბურთიანი სხვაობა- 6:1 და 5:0, ხოლო ოთხ–ოთხჯერ შეხვედრა დასრულდა ანგარიშით 4:1 და 4:0 . ფრედ ჩატარებული შეხვედრებიდან ხუთი მატჩი უგოლოდ, ხოლო ორ-ორი შეხვედრა კი ანგარიშით 2:2 და 1:1 დასრულდა.

უკანასკნელად საქართველოს ჩემპიონატში დინამო თბილისი გორის დილას 2015 წლის 3 აპრილს დაუპირისპირდა. მატჩი თბილისში, დინამო არენაზე გაიმართა და საყაიმო ანგარიშით- 2:2 დასრულდა. ვახო ჭანტურიშვილმა დუბლი შეასრულა აღნიშნულ მატჩში.

ერთი თვის წინ ეს გუნდები ერთმანეთს საქართველოს სუპერთასის მოსაგებად დაუპირისპირდნენ. 25 აგვისტოს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული ფინალი დინამოს გამარჯვებით 1:0 დამთავრდა. გოლი გორელთა კარში ამ ჯერზეც ვახო ჭანტურიშვილმა გაიტანა. 

 

 

შეხვედრის მთავარი მსაჯი

საქართველოს ჩემპიონატის მეექვსე ტურის შეხვედრას, რომელსაც ჩვენი გუნდი 26 სექტემბერს გორში დილას წინააღმდეგ გამართავს– გიორგი ვადაჭკორია განსჯის. მას ასისტენტობას ბ. ჭიჭინაძე და ლ. თოდრია გაუწევენ. დამატებითი ასისტენტები დ. სანოძე და გ. ავაზაშვილი იქნებიან. სათადარიგო მსაჯის ფუნქციებს კი შ. ქუხილავა შეასრულებს.

ჩვენი გუნდის მონაწილეობით გიორგი ვადაჭკორიამ ბოლოს 25 აგვისტოს საქართველოს სუპერთასი იმსაჯა. დინამო თბილისმა გორის დილას 1:0 აჯობა. აღნიშნულ მატჩში გიორგი ვადაჭკორიამ ფეხბურთელებს 10 ყვითელი ბარათი უჩვენა.

უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც გიორგი ვადაჭკორიამ იმსაჯა, 23 სექტემბერს მეორე ლიგაში გამართული- კოლხი 1:10 მცხეთა გახლავთ. ჩატარებულ პაექრობაში გიორგი ვადაჭკორიამ ერთი ფეხბურთელი გააფრთხილა.

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის, გიორგი ვადაჭკორიას მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

გიორგი ვადაჭკორია  (8.06.1977)

===========================================

უმაღლესი ლიგა - 142 თამაში / 585 ყვითელი / 24 წითელი / 40 პენალტი

პირველი ლიგა – 15 თამაში / 39 ყვითელი / 2 წითელი / 5 პენალტი

მეორე ლიგა – 52 თამაში / 142 ყვითელი / 3 წითელი / 19 პენალტი

საქართველოს თასი – 12 თამაში / 47 ყვითელი / 2 წითელი / 1 პენალტი

საქართველოს სუპერ თასი – 3 თამაში / 20 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი

უეფა.ევროპა ლიგა. საკვალიფიკაციო ეტაპი – 5 თამაში / 17 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი

უეფა.ევროპის ჩემპიონატი U21. საკვალიფიკაციო ეტაპი – 4 თამაში / 13 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

უეფა.ევროპის ჩემპიონატი U17. საკვალიფიკაციო ეტაპი – 4 თამაში / 18 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი

საერთაშორისო ამხანაგური მატჩები – 2 თამაში / 4 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

 

 

დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

ხვალინდელი მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გორელთა მთავარი მწვრთნელი- უჩა სოსიაშვილი ტრიბუნიდან მიადევნეს თვალს.

 

დილას სავარაუდო შემადგენლობა

ჩვენი ვარაუდით, ხვალინდელ მატჩში გორის დილას სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:

შევჩენკო - ღონღაძე, კვახაძე, თომაშვილი, ნავალოვსკი - ძარია, ფალავანდიშვილი, პაპავა, გოგუა - მარცვალაძე, მოდებაძე

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024