შაბათს 3 ოქტომბერს დინამო თბილისი საქართველოს პირველობის მეშვიდე ტურის მატჩში დინამო ბათუმს უმასპინძლებს. შეხვედრა დინამო არენაზე 18.00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს მაყურებელი დინამოს ვებ გვერდზე იხილავს.
3 ოქტომბერს თბილისელებს აქამდე 12 ოფიციალური მატჩი გაუმართავთ. 6 მოგება, 3 ფრე და 3 მარცხი. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი 13/8 დინამოს სასარგებლოს.
1949 წელს დინამომ ერევანი 2:1 დაამარცხა. ანდრო ზაზროევმა და ბასა ღოღობერიძემ გაიტანეს გოლები. 1958 წელს თბილისელებმა იმავე ანგარიშით მოსკოვის ლოკომოტივს მოუგეს. მიხეილ მესხმა და შოთა იამანიძემ გამოიჩინეს თავი. 1969, 1971 და 1976 წლებში სამივე მატჩი, შესაბამისად- მოსკოვის ცსკა- თან, დონის როსტოვის სკა- თან და კიევის დინამოსთან ერთნაირი ანგარიშით 0:0 დასრულდა. 1982 წელს რამაზ შენგელიას გოლით დინამომ ალმა-ატის კაირათი 1:0 დაამარცხა.
1998 წელს დინამომ ვიტ ჯორჯიას აჯობა 2 უპასუხო გოლით. გოლები ლევან ცქიტიშვილმა და გიორგი შენგელიამ გაიტანეს. შემდეგ წელს თბილისელებმა 3:0 ბოლნისის სიონს მოუგეს. კლიმენტი წიტაიშვილი, მიხეილ აშვეთია და რატი ალექსიძე გახლავთ შედეგიანი დარტყმის ავტორები. 2004 წელს კი თბილისელები იმავე ანგარიშით ბათუმთან დამარცხდნენ.
1973 წელს უეფას თასის 1/32 ფინალში დინამო ბულგარეთში სლავიას დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა. 1979 წელს თბილისელებმა ჩემპიონთა თასის 1/16 ფინალში ლივერპულს უმასპინძლეს. დინამოს ისტორიაში ეს ღირსშესანიშნავი მატჩი ჩვენი გუნდის გამარჯვებით 3:0 დასრულდა. გოლები სტუმართა კარში ვლადიმერ გუცაევმა, რამაზ შენგელიამ და ალექსანდრე ჩივაძემ გაიტანეს. 2002 წელს უეფას თასის 1/64 ფინალში ლიბერეცის სლოვანთან დავმარცხდით 0:1.