• Geo
  • Eng
11.01.2016
ალექსანდრე ამისულაშვილი და უჩა ლობჟანიძე დინამოში ითამაშებენ

დინამო თბილისში საქართველოს ეროვნული ნაკრების ორი მცველი ჩაირიცხა. ამიერიდან დედაქალაქური გუნდის ღირსებას 33 წლის ალექსანდრე ამისულაშვილი და 28 წლის უჩა ლობჟანიძე დაიცავენ. აღსანიშნავია, რომ ორივე ფეხბურთელს აქამდე უკვე მოურგია ლურჯ-თეთრი ფორმა.

ალექსანდრე ამისულაშვილის ბოლო კლუბი თურქული ქარშიაკა გახლდათ. მანამდე ქართული კლუბების გარდა- კიევის დინამოში, დნიპროში, ტავრიაში, შინიკში, ნალჩიკის სპარტაკში, ქაისერსფორში, კრასნოდარში, კრილია სოვეტოვსა და ბაქოს ინტერში გამოდიოდა. დინამო თბილისის ღირსებას ალექსანდრე 2001/2004 და 2005/2006 სეზონებში იცავდა და ჩატარებულ 100 შეხვედრაში 11- ჯერ აიღო მეტოქეთა კარი. ამისულაშვილმა დინამოსთან 1,5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა და 5 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

უჩა ლობჟანიძე დინამოში 2005/2006 სეზონში გამოდიოდა, მანამდე კი დინამო 2- ის ღირსებას იცავდა. შემდეგ იყო ბათუმის დინამო, ზესტაფონი, დნიპრო, კრივბასი და კვიპროსის ომონია. ლობჟანიძის სათამაშო ფორმა დინამოში 3 ნომერი იქნება, კონტრაქტი კი თბილისურ გუნდთან ერთი წლით გააფორმა.

ორივე ფეხბურთელი დღეს, დინამოს საწვრთნელ ბაზაზე კლუბის პრეზიდენტმა- რომან ფიფიამ წარადგინა.

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024