დინამო არენის მედია დარბაზში დინამო თბილისის პრესკონფერენცია და ახალწვეულების წარდგენა შედგა. მთავარმა მწვრთნელმა მალხაზ ჟვანიამ და სპორტულმა მენეჯერმა ირაკლი ვაშაკიძეს სეზონისთვის გუნდის მზადების შესახებ ისაუბრეს და დინამოს ახალწვეულებს გუნდის სათამაშო ფორმები გადასცეს. საქართველოს ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის და ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი, საქართველოს ნაკრების წევრი, 29 წლის გამოცდილი ფორვარდი ირაკლი მოდებაძე 8-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
საქართველოს ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი და ქართული სპორტული გამოცემების სიმბოლური გუნდების მუდმივი წევრი, საქართველოს ეროვნული ნაკრების კანდიდატი, 24 წლის გიორგი ჯანელიძე 9 ნომერი იქნება.
25 წლის საყრდენი ნახევარმცველი თორნიკე გორგიაშვილი, რომელსაც საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაშიც იწვევენ და თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ საქართველოს ჩემპიონატში 7 ნომრიანი მაისურით გამოვა.
25 წლის ცენტრალური მცველი გიორგი ხიდეშელი, რომელსაც საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში და ეროვნულ გუნდშიც უთამაშია 5 ნომრით იასპარეზებს.
24 წლის მეკარემ ნიკა დაუშვილმა 89 ნომერი აირჩია.
ახალგაზრდა მათე ცინცაძე, რომელსაც 19 წელი ამა წლის 7 იანვარს შეუსრულდა და საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები 6 ნომერი იქნება.
მაისურები გადაცემის შემდეგ მალხაზ ჟვანიამ და ირაკლი ვაშაკიძემ სპორტულ ჟურნალისტებისთვის საინტერესო კითხვებს უპასუხეს.