დინამო თბილისი უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ შეხვედრას ყაზახეთის დედაქალაქში ჩაატარებს. 12 ივლისს ასტანასთან შეხვედრა თბილისის დროით 18.00 საათზე დაიწყება.
საფეხბურთო კლუბი ასტანა 2009 წელს ორი კლუბის - მეგასპორტის და ალმა-ათას გაერთიანებით შეიქმნა. კლუბის თავდაპირველი სახელწოდება ლოკომოტივი გახლდათ. დედაქალაქურ კლუბს დღევანდელი სახელწოდება 2011 წლიდან ეწოდა და საკლუბო ფერებიც ყვითელ-ცისფერი გახდა, მანამდე კი რკინიგზელებს ლურჯ-თეთრი ფერები მოსავდა. ასტანა საშინაო მატჩებს 30 000-იან, ხელოვნურ საფარიან ასტანა არენაზე მართავს, სადაც სტუმრებს ყაზახეთის ეროვნული ნაკრებიც მასპინძლობს.
მიუხედავად იმისა, რომ ასტანა 2009 წელს დაარსდა, კლუბი ყველაზე ტიტულოვანი გახლავთ ყაზახეთში. ჩვენი მომავალი მეტოქე ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებული 7-ჯერ გახდა, ყაზახეთის თასი ასტანამ სამჯერ მოიგო, ხოლო სუპერთასი ექვსჯერ. აღსანიშნავია, რომ ყაზახურ პრემიერ ლიგაში 14 წლიანი ასპარეზობის განმავლობაში ასტანა მედლების გარეშე მხოლოდ სამჯერ - 2010, 2011 და 2012 წლებში დარჩა.
ასტანა ამ წლებში ევროთასებზეც წარმატებით ასპარეზობდა. გუნდი 2014 წელს ევროპა ლიგის პლეი ოფამდე მივიდა სადაც ესპანურ ვილიარეალთან დამარცხდა. მომდევნო წელს კი ყაზახეთის ჩემპიონმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც გააღწია, დაამარცხა რა პლეი ოფში კვიპროსული აპოელი. ჯგუფურ ეტაპზე ყაზახებმა ბენფიკასთან, მადრიდის ატლეტიკოსთან და გალათასარაისთან ერთად იასპარეზეს. მომდევნო 2016 წელს ასტანამ უკვე ევროპა ლიგის ჯგუფშიც ითამაშა, სადაც ყაზახებს მეტოქეობა ოლიმპიაკოსმა, იანგ ბოიზმა და უკვე ნაცნობმა აპოელმა გაუწიეს. 2017/18 წლის სეზონზე ისევ ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპი (მაქაბი თელ-ავივი, სლავია პრაღა და ასევე ნაცნობი ვილიარეალი) და ჯგუფში დაკავებული მეორე ადგილი. გათამაშების 1/16 ფინალში გასული ასტანა საბოლოოდ სპორტინგთან დამარცხდა. იმავე შემოდგომაზე ევროპა ლიგის ჯგუფში ყაზახებს მეტოქეობა კიევის დინამომ, რენმა და იაბლონეცმა გაუწიეს, ხოლო 2019 წელს ასევე ევროპა ლიგის ჯგუფი და მეტოქეებად - მანჩესტერ იუნაიტედი, ბელგრადის პარტიზანი და აზ ალკმაარი. შარშან ასტანა კონფერენციის ლიგაზე მეორე ეტაპიდან ჩაერთო და პოლონურ რაკუვთან დათმო დუელი.
ასტანას მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2022 წლიდან, ადგილობრივი ფეხბურთის სპეციალისტი, 43 წლის გრიგორი ბაბაიანი მოღვაწეობს. გრიგორი ბაბაიანი დედაქალაქურ კლუბში ასისტენტისა და დროებითი მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე 2012-2019 წლებშიც მუშაობდა.
ასტანას ყველა დროის საუკეთესო გოლეადორად 94 გოლით, ხორვატი შემტევი, 35 წლის მარინ ტომასოვი ითვლება. მასვე ეკუთვნის საგოლე გადაცემათა რეკორდიც (77). ყველზე მეტი მატჩი კი ასტანას რიგებში გუნდის კაპიტანმა, 30 წლის - აბზალ ბეისებეკოვმა ჩაატარა. მან ყვითელ-ცისფერი ფორმა 376 ოფიციალურ შეხვედრაში მოირგო.