დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს სუპერთასის ნახევარინალური მატჩი გაიმართა, რომელშიც დინამომ დილას უმასპინძლა.
დედაქალაქელთა კარში 9 წლიანი პაუზის შემდეგ გიორგი ლორია დაბრუნდა, ხოლო ლურჯი მაისურით სადებიუტო შეხვედრა გაგი მარგველაშვილმა ჩაატარა. მატჩის პირველი ნახევარი ხისტად და მასპინძელთა სათამაშო უპირატესობით წარიმართა. ნახევარი საათის თავზე თამაშის დაწყებიდან, ზორან მარუშიჩმა მიიღო ტრავმა და მის ნაცვლად მინდორზე ასევე დინამოში დაბრუნებული ლევან ოსიყმაშვილი გამოჩნდა, ტაიმი კი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.
მეორე ნახევარში თამაშის რიტმმა და წვიმამ ერთად იმატა. დინამოს დებიუტშივე შეეძლო დაწინაურება, მაგრამ გიორგი ხარაიშვილის დარტყმული ევგენი კუჩერენკომ მოიგერია, დამატებაზე კი ბარნს ოსეიმ ააცილა კარს. ანგარიში მატჩის 72-ე წუთზე, იმრან ულად ომარმა უძლიერის დარტყმით გახსნა. მომდევნო შეტევაში თბილისელთა ლამაზი კომბინაცია არაზუსტი დარტყმით დასრულდა. საბოლოოდ მსაჯის მიერ კომპენსირებულ პერიოდში დილამ მოახერხა სხვაობის აღდგენა, გოლი ონორე გომისმა გაიტანა.
რეგლამენტის თანახმად მატჩისშემდგომი პენალტების სერია დაინიშნა, რომელშიც გიორგი ლორიამ თავისი კლასი კიდევ ერთხელ აჩვენა და ორი დარტყმა მოიგერია. დინამოლთაგან გოლები ჯიმი ტაბიძემ, გიორგი ხარაიშვილმა, ბარნს ოსეიმ და ჯადული იობაშვილმა გაიტანეს. დედაქალაქელებმა პენალტების სერიაში 4-2 მოიგეს და სუპერთასის ფინალის საგზური მოიპოვეს. გადამწყვეტი მატჩი კი 4 ივლისს ბათუმის დინამოსთან გამართავენ.
მატჩის ოქმი
ფოტოამბავი