• Geo
  • Eng
01.05.2023
დინამო თბილისი ფუტსალის ლიგა 2-ში იასპარეზებს
ფუტსალის კლუბმა დინამო თბილისმა უკვე ოფიციალურად მოიპოვა ფუტსალის ლიგა 2-ში ასპარეზობის უფლება. რეგულარული სეზონის დაუმარცხებლად დასრულების შემდეგ, კახაბერ მაისაიას გუნდმა წარმატებული სვლა პლეი-ოფში განაგრძო. 
 
გათამაშების ამ ეტაპზე დინამოელთა პირველი მეტოქე სელერო გახლდათ, ჩვენმა გუნდმა მეტოქე ორივე შეხვედრაში დამაჯერებლად (14:2 და 13:2) დაამარცხა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. დინამოს შემდეგი მოწინააღმდეგე კი, ჯიპა გახლდათ, ლურჯ-თეთრებმა ამჯერადაც დიდი ანგარიშით (8:2 და 4:2) გაიმარჯვეს და ფინალის საგზურთან ერთად, ფუტსალის ლიგა 2-ში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს. 
 
​რაც შეეხება პლეი-ოფის ფინალურ მატჩებს, ამ ეტაპზე კახაბერ მაისაიას გუნდის მეტოქე სეუ გახლავთ, რომელმაც რეგულარული სეზონი მეორე ადგილზე დაასრულა. წყვილის პირველი შეხვედრა უკვე გაიმართა და დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვება დინამოელებს დარჩათ. მატჩის ძირითადი დრო ფრედ - 4:4 დასრულდა, გამარჯვებული ვერც დამატებითმა დრომ (1:1) გამოავლინა და საბოლოოდ დინამომ მეტოქე პენალტების სერიაში, ანგარიშით - 4:1 დაამარცხა. 
 
ფუტსალის ლიგა 3-ის პლეი-ოფის ფინალი სამ მოგებამდე გაგრძელდება, გუნდებს შორის მომდევნო მატჩი 6 მაისს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.
 
განვლილი სეზონისა და სამომავლო გეგმების შესახებ კომენტარი დინამოს ბობრადირმა ლაშა-გიორგი ობოლაძემ და მთავრმა მწვრთნელმა კახაბერ მაისაიამ გააკეთეს:
 
ლაშა-გიორგი ობოლაძე: ახალ შემქნილი გუნდი ვართ, მიხარია, რომ კარგი ბიჭები შევიკრიბეთ. ერთად ვიბრძვით, რომ დინამოს სახელი ღირსეულად ვატაროთ. საბედნიროდ, ჯერ მატჩი არ წაგვიგია. განვლილი პერიოდი ბევრი მოთამაშისთვის სწავლის პერიოდიც იყო, რადგან ზოგიერთ მოთამაშეს ფუტსალის თამაში ახალი დაწყებული აქვს. გვიხარია, რომ ფუტსალის ლიგა 2-ის საგზური მოვიპოვეთ, ჩვენი მიზანია, რომ რაც შეიძლება მალე მოვხვდეთ ფუტსალის ლიგაში და შემდგომ ჩემპიონთა ლიგაზე ვიასპარეზოთ. 
 
კახაბერ მაისაია: განვლილ სეზონს დადებითად შევაფასებ, ძალიან დიდი სამუშო იქნა გაწეული როგორც ხელმძღვანელობის ასევე ჩვენი მხრიდან. ამჟამად ფინალურ სტადიაზე ვიმყოფებით და უკვე მოვიპოვეთ ფუტსალის ლიგა 2-ის საგზური. რა თქმა უნდა, ეს წარმატებაა, თუმცა ამ გუნდის მთავარი მიზანი ფუტსალის ლიგაში მოხვედრა და იქ ჩემპიონობაა. ამ ყველაფერს კი, ბუნებრივია ჩემპიონთა ლიგაზე ღირსეული გამოსვლა უნდა მოჰყვეს.
 
რაც შეეხება ფუტსალის ლიგა 3-ის ფინალს, რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია, რომ მოწინააღმდეგეს ვაჯობოთ და აღნიშნული გათამაშება ჩემპიონის რანგში დავასრულოთ. ამის შემდეგ კი დავიწყებთ ზრუნვას, რომ ლიგა 2-ში უფრო გაძლიერებული შემადგენლობით ვიასპარეზოთ. ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი ჩვენი გუნდის ყველა მოთამაშებს. მოგეხსენებათ, რომ ბევრმა მადგანმა ახლა დაიწყო ფუტსალის თამაში და ჩვენ ყველანი ერთად უდიდეს შრომას ვდებთ, იმისთვის, რომ სწორი, გამართული თამაში ვაჩვენოთ. 
FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024