დღეს ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონმა საქართველოს პირველობის მეთექვსმეტე ტურის შეხვედრას უმასპინძლა. ერთმანეთს თერჯოლის საპოვნელა და დინამო თბილისი დაუპირისპირდნენ. მეორე წრის პირველი შეხვედრის პირველი წუთები გუნდებმა მძიმედ დაიწყეს. ძირითადი ბრძოლა მოედნის ცენტრში უპირატესობის მოსაპოვებლად გაგრძელდა, სახიფათო მომენტებს რაც შეეხება- გუნდებმა თითო თითოჯერ გაცვალეს. ტაიმის შუაში მასპინძელთა შეტევისას ლიბორ ჰრდლიჩკამ იყოჩაღა და ჯაბა დვალს ბურთი ფეხიდან აართვა, ხოლო ბოლო წუთზე ალექსანდრე იაშვილის დარტყმული მოიგერია გიორგი სომხიშვილმა. მანამდე ნიკოლოზ გელაშვილის თავით დარტყმული ოდნავ აცდა თერჯოლელთა კარს.
მეორე ტაიმი კი სულ სხვა სცენარით, დაძაბულად და დრამატულად წარიმართა. სათამაშო უპირატესობა მთლიანად დინამომ მოიპოვა და არაერთი სახიფათო შეტევაც განახორციელა. მატჩის 67- ე წუთზე კი თბილისელთა კართან საჯარიმო დარტყმა დაინიშნა, რომელიც თენგიზ ჩიკვილაძემ გოლად გარდასახა და მასპინძლები დააწინაურა. სტუმრებმა მოედანზე გიორგი ქვილითაია შეუშვეს, რომელმაც 79- ე წუთზე მცველების შეცდომით ისარგებლა და სტატუს ქვო აღადგინა 1:1. ბოლო წუთებმა საინტერესოდ ჩაიარა, მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე კი იურაი იარაბეკის გუნდმა თერთმეტმეტრიანი დარტყმის უფლება მოიპოვა. გამარჯვების მომტანი გოლი კი მასპინძელთა კარში ალექსანდრე იაშვილმა გაიტანა.
მომდევნო, მე- 17 ტურის მატჩს თბილისელები დინამო არენაზე 23 თებერვალს, თანაქალაქელი ლოკომოტივის წინააღმდეგ გამართავენ.
საპოვნელა 1:2 დინამო
გოლი: 1:0 ჩიკვილაძე 67’ 1:1 ქვილითაია 79’ 1:2 იაშვილი (პენ) 90+5’
გაფრთხილება: მაკარიძე 17’ შარიქაძე 24’ გურული 25’ ჭანტურიშვილი 73’
საპოვნელა: სომხიშვილი, ჩიკვილაძე, ჭელიძე, ვაჭარაძე, ოდიკაძე, შარიქაძე, ნარიმანიძე, ბოლქვაძე, მიქაბერიძე (ტყეშელაშვილი 64), მაკარიძე (ბუხაიძე 46), დვალი
დინამო: ჰრდლიჩკა, გურული (არაბული 75), ამისულაშვილი, რენე, უ. ლობჟანიძე, ცინცაძე (პარუნაშვილი 48), ჯიღაური, კიტეიშვილი, ჭანტურიშვილი, იაშვილი, გელაშვილი (ქვილითაია 55)
მსაჯი: ჯ. ხორავა