საქართველოს 27- ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მეთექვსმეტე ტურის შეხვედრას ჩვენი გუნდი ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ლიგის დებიუტანტის- თერჯოლის საპოვნელას წინააღმდეგ გამართავს. დაპირისპირება 14.00 საათზე დაიწყება და მის რეპორტაჟს დინამოს ვებ გვერდი შემოგთავაზებთ.
ჩვენი მეტოქე
სკ საპოვნელა თერჯოლა 1985 წელს დაარსდა. საპოვნელა 1993-1994 და 1994-1995 წლების სეზონში ასპარეზობდა საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში. 20 წლიანი განშორების შემდეგ იმერული კლუბი კვლავ დაუბრუნდა ქართული ფეხბურთის ელიტას. მანამდე თერჯოლელები რეგიონალ ლიგაშიც კი გამოდიოდნენ. უკანასკნელი გათამაშება კი წარმატებული გამოდგა საპოვნელასთვის. პირველი ლიგის მეორე ჯგუფში ჩვენმა მომავალმა მეტოქემ პირველი ადგილი დაიკავა. საპოვნელას ფეხბურთელებმა 36 თამაშში 64 გოლი გაუტანეს მეტოქეებს და 28 მიიღეს საკუთარ კარში. 77 ქულა დააგროვეს და უმაღლესი ლიგის საგზურიც მიიღეს. 27- ე ჩემპიონატის პირველი წრე საპოვნელამ 8 ქულით დაასრულა და ზუგდიდთან ერთად 14-15 ადგილებს იყოფს სატურნირო ცხრილში. საპოვნელა ამ სეზონის პირველ წრეში მეტოქეებს ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე მასპინძლობდა.
მწვრთნელი და საპოვნელა
2016 წლიდან თერჯოლურ კლუბს- ზვიად ჯელაძე ხელმძღვანელობს. მისი თავკაცობით საპოვნელამ თურქეთში ზამთრის შეკრება გაიარა, სადაც მეორე წრისთვის მოემზადა. იმერლებმა თურქეთში ოთხი სპარინგ მატჩი გამართეს, საიდანაც ორში ფრედ ითამაშეს და ორში დამარცხდნენ. ნოვი პაზართან და ზიმბრუსთან შესაბამისად 0:0 და 1:1 და მარცხი კასპიისთან 0:1, ხოლო ბეროესთან 0:6.
დინამომდე
პირველ წრეში საპოვნელამ 15 მატჩი გამართა, ორჯერ იმარჯვა, ორჯერ ფრედ ითამაშა და თერთმეტჯერ დამარცხდა. ჩვენმა მომავალმა მეტოქემ პირველ წრეში გაიტანა 10 გოლი და საკუთარ კარში მიიღო 36. დაგროვილი 8 ქულით თერჯოლელთა გუნდი ზუგდიდთან ერთად სატურნირო ცხრილში 14-15 ადგილებს იყოფს.
დინამო VS საპოვნელა
ისტორიაში ეს გუნდები სულ ხუთჯერ შეხვედრიან ერთმანეთს. ოთხი მატჩი დედაქალაქელთა გამარჯვებით დასრულდა, ერთხელაც თერჯოლელმა ფეხბურთელებმა იმარჯვეს. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი 19/6 დინამოს სასარგებლოდ.
პირველი პაექრობა 1993 წლის 24 სექტემბერს თერჯოლაში შედგა და თბილისელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა. გამარჯვების გოლი გიორგი ანჩაბაძის ანგარიშზეა. იმავე წლის 11 დეკემბერს საპოვნელამ თბილისში იმარჯვა 2:1. თბილისელთაგან გოლი ალექსანდრე იაშვილმა გაიტანა. საერთოდ აღსანიშნავია, რომ ამ გუნდების ურთიერთშეხვედრებში იაშვილი 6 გოლით რეკორდსმენია. დინამოსა და საპოვნელას შემდეგი შეხვედრა 1994 წლის 24 ნოემბერს თერჯოლაში გაიმართა. დუბლი შეასრულა ალექსანდრე იაშვილმა, ასევე ორი გოლი გაიტანა მიხეილ ყაველაშვილმა და ერთი შედეგიანი დარტყმაც მურთაზ შელიას ანგარიშზეა. თბილისელებმა 5:2 დაამარცხეს მეტოქე. მეოთხედ ეს გუნდები ერთმანეთს 1995 წლის 19 მაისს დაუპირისპირდნენ და დინამო არენაზე გამართული მატჩი მასპინძლებმა 8:2 მოიგეს. დუბლი შეასრულეს ალექსანდრე იაშვილმა, გოჩა ჯამარაულმა და ლევან ყიფიანმა. თითო გოლი გიორგი დემეტრაძის და გიორგი ქინქლაძის ანგარიშზეა. ბოლოს დინამო და საპოვნელა ერთმანეთის პირისპირ 2015 წლის 14 აგვისტოს წარდგნენ. მასპინძლებმა უმაღლეს ლიგაში ახალაღზევებულ მეტოქეს ოთხი უპასუხო ბურთი გაუტანეს. სტუმრებს ორი გოლი ჯაბა ჯიღაურმა გაუტანა, ერთი ბურთი ალექსანდრე იაშვილის ანგარიშზეა და ერთი გოლიც თერჯოლელებმა საკუთარ კარში გაიტანეს.
დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები
ხვალინდელ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო საპოვნელას ფეხბურთელი ირაკლი ქათამაძე გამოტოვებს.
საპოვნელა VS დინამო – მსაჯი
საქართველოს XXVII ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მეთექსმეტე ტურის შეხვედრას, რომელსაც ჩვენი გუნდი ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე, თერჯოლას საპოვნელას წინააღმდეგ გამართავს- ჯენერი ხორავა განსჯის. ჯენერი ხორავას ასისტენტობას ლ. თოდრია და ა. კოკაია გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს კი პ. მაჭარაძე შეასრულებს.
უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც ჯენერი ხორავამ იმსაჯა 16 დეკემბერს, საქართველოს თასზე გამართული, სიონი 0:0 სამტრედია გახლავთ, სადაც მატჩის მონაწილე ფეხბურთელებს 8 ყვითელი ბარათი უჩვენა.
ჩვენი გუნდის მონაწილეობით ჯენერი ხორავამ ბოლოს 2015 წლის 2 დეკემბერს იმსაჯა. ქუთაისის ტორპედოს წინააღმდეგ გამართულ სათასო შეხვედრაში, რომელიც დინამომ 1:0 მოიგო, მატჩის მთავარმა არბიტრმა ორი ყვითელი ბარათი გამოიყენა.
ჯენერი ხორავა
დაბადების თარიღი: 1980 წლის 26 მაისი
===========================================
უმაღლესი ლიგა - 69 თამაში / 263 ყვითელი / 15 წითელი / 16 პენალტი
პირველი ლიგა - 35 თამაში / 127 ყვითელი / 12 წითელი / 11 პენალტი
მეორე ლიგა - 3 თამაში / 14 ყვითელი / 2 წითელი / 1 პენალტი
საქართველოს თასი - 16 თამაში / 69 ყვითელი / 5 წითელი / 3 პენალტი
ვირსლიგა - 1 თამაში / 2 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი
საპოვნელას სავარაუდო შემადგენლობა
ჩვენი ვარაუდით, ხვალინდელ მატჩში თერჯოლელთა სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:
სომხიშვილი - ჩიკვილაძე, ენდელაძე, ოდიკაძე, ჭელიძე - მაკარიძე, კოშკაძე, მიქაბერიძე, ბოლქვაძე - ტყეშელაშვილი, დვალი