• Geo
  • Eng
02.10.2015
დინამო თბილისი vs დინამო ბათუმი - მატჩამდე

საქართველოს 27- ე ეროვნული ჩემპიონატის, უმაღლესი ლიგის მეშვიდე ტურის შეხვედრას დინამო თბილისი საკუთარ არენაზე, დინამო ბათუმის წინააღმდეგ გამართავს. გუნდების დაპირისპირება 18.00 საათზე დაიწყება. ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ გვერდი ტრადიციულად მატჩის როგორც ტექსტურ, ასევე ვიდეო რეპორტაჟს შემოგთავაზებთ.

 

 

ჩვენი მეტოქე

საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი 1923 წელს დაარსდა. 1990 წელს გუნდის სახელი შეიცვალა სკ ბათუმით, თუმცა 1994 წელს კლუბმა ისევ პირვანდელი სახელი დაიბრუნა. საკლუბო ფერებად ლურჯი და თეთრია მიჩნეული. დღეისათვის ბათუმელები საშინაო შეხვედრებს ქობულეთში, ჩელე არენაზე ატარებენ. დინამო ბათუმმა 1993, 1995 და 1996 წლებში ითამაშა საქართველოს თასის ფინალში. 1997 წელს გუნდმა ბრინჯაო დაიმსახურა და ისევ თასის ფინალში დამარცხდა. 1998 წელს ბათუმელებმა ჩემპიონატის ვერცხლის მედლებს, საქართველოს თასი და სუპერთასი მიაყოლეს. ევრო ასპარეზზე ზღვისპირელებს 1995 წელს ჰქონდათ დებიუტი (თასების მფლობელთა თასი). ბელგრადის ობილიჩთან თამაში საერთო ჯამში 3:2 დასრულდა ბათუმელთა სასარგებლოდ. შემდეგ იყო დუელი გლაზგოს სელტიკთან და მარცხი ორი მატჩის ჯამში 2:7. ბათუმელებმა კიდევ სამი სეზონი იასპარეზეს ევროთასებზე. 2008 წელს გუნდი პირველ ლიგაში დაქვეითდა. 2012- ში ზღვისპირელები დაუბრუნდნენ ქართული ფეხბურთის ელიტას. იმ სეზონის ბოლოს ისევ პირველ ლიგაში დაქვეითდნენ და ერთ წლიანი პაუზის შემდეგ კვლავ უმაღლესი ლიგა. ამ ზაფხულს ბათუმელებმა ქვეყნის ვიცე ჩემპიონის სტატუსით ევროპა ლიგის გათამაშებაში მიიღეს მონაწილეობა. პირველ ეტაპზე დინამოელთა მეტოქე ომონია ნიქოზია გახლდათ. ზესტაფონში ჩატარებული დაპირისპირება ბათუმელთა სასარგებლოდ 1:0 დასრულდა. კვიპროსში კი მასპინძლებმა იმარჯვეს ორი უპასუხო ბურთით.

 

 

მწვრთნელი და დინამო ბათუმი

აჭარული კლუბის მთავარი მწვრთნელად გამოცდილი ქართველი ფეხბურთის სპეციალისტი- შოთა ჭეიშვილი მუშაობს. 2013/2014 სეზონში მისმა გუნდმა პირველი ლიგა მეორე ადგილზე დაასრულა და უმაღლესი ლიგის საგზური მიიღო. დასრულებულ გათამაშებაში ბათუმელებმა 30 ჩატარებული შეხვედრიდან 58 ქულა დააგროვეს და სატურნირო ცხრილი მეორე ადგილზე დაასრულეს. მიმდინარე პირველობაზე თბილისელებთან მატჩს ზღვისპირელები 6 ჩატარებული მატჩიდან დაგროვილი 9 ქულით და ცხრილში მერვე ადგილით ხვდებიან.

 

 

დინამომდე

ბათუმმა პირველობა ზუგდიდთან 5:0 გამარჯვებით გახსნა, რასაც გორში დილასთან 1:1 ფრე მოჰყვა. შემდეგ ისევ გამარჯვება და ფრე, შესაბამისად- ფოთის კოლხეთთან 2:0 და ტორპედო ქუთაისთან 1:1. თასის მერვედფინალის პირველი მატჩი ბათუმელებმა 2:3 დათმეს ვიტ ჯორჯიასთან. იმავე ანგარიშით დამარცხდა ჩვენი მომავალი მეტოქე ცხინვალთან. ბოლო მატჩი ზღვისპირელებმა ჩიხურასთან გამართეს და ფრედ 1:1 დაასრულეს.

 

 

დინამო თბ VS დინამო ბთ  – ურთიერთშეხვედრები

საქართველოს ჩემპიონატის ეგიდით ჩატარებული 47 მატჩიდან, 33- ჯერ მტკვრისპირელებმა იზეიმეს გამარჯვება, 8 შეხვედრა დასრულდა ფრედ, ხოლო 6 დაპირისპირებიდან ზღვისპირელები გამოვიდნენ გამარჯვებულები. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 101/42 თბილისელთა სასარგებლოდ.

ურთიერთშეხვედრებში ყველაზე მეტჯერ- ექვსჯერ დაფიქსირდა ანგარიში 3:1 და 3:0. ხუთჯერ და ექვსჯერ შეხვედრები 2:0 და 1:0 დასრულდა. ყველაზე უხვგოლიანი მატჩი 1994 წლის 18 სექტემბერს გაიმართა. ბათუმში ჩატარებულ შეხვედრაში რვა გატანილი გოლი ვიხილეთ. არჩილ არველაძის ჰეთ–თრიქს შოთა არველაძის დუბლი მიემატა და თბილისელებმა 5:3 იმარჯვეს. იმავე ანგარიშით იმარჯვა დინამო თბილისმა 2012 წლის 11 ნოიემბერს. დიდი ანგარიშით დინამო მეთექვსმეტე ჩემპიონატის მეცხრე ტურში დამარცხდა. 2004 წელს ჩატარებულ შეხვედრაში დედაქალაქელები 0:3 დამარცხდნენ. ყველაზე დიდი ანგარიშით მტკვრისპირელებმა მეტოქე 2007 წლის 29 სექტემბერს დაამარცხეს. მეცხრამეტე ჩემპიონატის მეშვიდე ტურში დინამომ შვიდი უპასუხო გოლი გაუტანა ბათუმელ სეხნიას. თავი კი გამოიჩინეს: სანდრო კობახიძემ და ჯორჯ აკირემმა დუბლებით, მიხეილ ხუციშვილმა, ილია სპასოევიჩმა და ლევან ხმალაძემ კი თითო გოლით.

ბოლო შეხვედრა ამ გუნდებს შორის, რომელიც 2015 წლის 9 მაისს ქობულეთში, ჩელე არენაზე გაიმართა, გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

ხვალინდელ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო თბილისელთა მეკარე გიორგი ბეგაშვილი და ნახევარმცველი- ვახო ჭანტურიშვილი გამოტოვებენ.

 

 

დინამო ბთ VS დინამო თბ  – მსაჯი

საქართველოს XXVII ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მეშვიდე ტურის შეხვედრას, რომელსაც ჩვენი გუნდი დინამო არენაზე ბათუმელი თანაკლუბელების წინააღმდეგ გამართავს- ლაშა სილაგავა განსჯის. ლაშა სილაგავას ასისტენტობას ზ. მენთეშაშვილი და ი. უკლება გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს კი დ. ხარიტონაშვილი შეასრულებს.

უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც ლაშა სილაგავამ იმსაჯა 30 სექტემბერს, ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე აქტობესა და ბეშიქთაშის დაპირისპირება გახლავთ, რომელშიც თურქებმა 2:0 იმარჯვეს. სილაგავამ მატჩის მონაწილე ფეხბურთელებს რვა ყვითელი და ერთი წითელი ბარათი უჩვენა.

ჩვენი გუნდის მონაწილეობით ლაშა სილაგავამ ბოლოს 2015 წლის 21 აგვისტოს იმსაჯა ლოკომოტივის წინააღმდეგ 4:1 დასრულებულ შეხვედრაში, მატჩის მთავარმა არბიტრმა ოთხი ყვითელი და ერთი წითელი ბარათი გამოიყენა.

ლაშა სილაგავა

დაბადების თარიღი: 1976 წლის 27 ივლისი
===========================================
უმაღლესი ლიგა - 153 თამაში / 522 ყვითელი / 22 წითელი / 24 პენალტი

პირველი ლიგა - 9 თამაში / 29 ყვითელი / 0 წითელი / 5 პენალტი

საქართველოს თასი - 27 თამაში / 75 ყვითელი / 2 წითელი / 2 პენალტი

საქართველოს სუპერთასი - 2 თამაში / 6 ყვითელი / 1 წითელი / 0 პენალტი

უეფა. ჩემპიონთა ლიგა. საკვალიფიკაციო ეტაპი – 2 თამაში / 7 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი

უეფა. ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი – 4 თამაში / 21 ყვითელი / 1 წითელი / 2 პენალტი

უეფა. ევროპა ლიგა. საკვალიფიკაციო ეტაპი - 5 თამაში / 36 ყვითელი / 4 წითელი / 2 პენალტი

უეფა.ევროპის ჩემპიონატი U21.საკვალიფიკაციო ეტაპი - 4 თამაში / 8 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

უეფა.ევროპის ჩემპიონატი U19.საკვალიფიკაციო ეტაპი - 6 თამაში / 30 ყვითელი / 1 წითელი / 2 პენალტი

 საერთაშორისო ამხანაგური მატჩი – 1 მატჩი / 5 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი

 მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი – 1 თამაში / 7 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

მალტის ჩემპიონატი – 1 თამაში / 4 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

 

ბათუმელთა სავარაუდო შემადგენლობა

ჩვენი ვარაუდით, ხვალინდელ მატჩში ბათუმის დინამოს სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:

ალავიძე - ტეტუნაშვილი, სუხიაშვილი, მგელაძე, მახარაძე - ქავთარაძე, ვარშანიძე, გოგიტიძე, შონია - ბერიაშვილი, ლუის ალბერტუ

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024