დინამო თბილისი საქართველოს XXVII ეროვნული ჩემპიონატის მე- 12 ტურის შეხვედრას საკუთარ არენაზე სკ სამტრედიის წინააღმდეგ გამართავს. 21 ნოემბერს შეხვედრა 16:00 საათზე დაიწყება. მატჩის ვიდეო და ტექსტური რეპორტაჟის ნახვა ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ–გვერდის მეშვეობით შეგეძლებათ.
ჩვენი მეტოქე
სკ სამტრედია 1936 წელს ჩამოყალიბდა. საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე ლიგაში წლების განმავლობაში წარმატებულად ასპარეზობდა სამტრედიის ლოკომოტივი. შემდგომში კლუბი სხვადასხვა სახელით (სამტრედია, სანავარდო, იბერია) ასპარეზობდა საქართველოს ჩემპიონატში.
საშინაო მატჩებს სამტრედია- ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე ატარებს, რომლის ტევადობაც 3000 გულშემატკივარზეა გათვლილი. სამტრედიის სათამაშო ფერები ძირითადად თეთრ და ლურჯ ფერებშია გადაწყვეტილი. ყველაზე დიდი წარმატება საფეხბურთო კლუბ სამტრედიას 1994-1996 წლებში ჰქონდა, გუნდმა 1995 წელს საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა. 20 წლის შემდეგ სამტრედია საქართველოს თასის ფინალში გავიდა, სადაც 0:5 დამარცხდა დინამო თბილისთან.
კლუბში სხვდასხვა დროს უთამაშიათ ცნობილ ფეხბურთელებს: ტარიელ დვალიშვილს, დევიზ დარჯანიას, ფირუზ კანთელაძეს, გივი ბაბუნიძეს, თემურ ძაგნიძეს, სერგეი შვეცოვს. უფრო ახლო წარსულში ზაზა ჯანაშიას, კახი გოგიჩაიშვილს, გია და მიხეილ ჯიშკარიანებს, გიორგი დარასელიას, ზურაბ იონანიძეს, გრიგოლ ჭანტურიას და კახი კალაძეს.
მწვრთნელი და სამტრედია
სკ სამტრედიის მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2015 წლის ივნისიდან გიორგი ცეცაძე მუშაობს. მისი თავკაცობით გუნდმა მიმდინარე სეზონში 11 მატჩი ჩაატარა. აქედან გუნდმა 6 მატჩი მოიგო, 1 ფრედ ითამაშა და 4 წააგო. დღეისათვის სამტრედია სატურნირო ცხრილში 19 ქულით მეხუთე ადგილს იკავებს. თასის მეოთხედფინალში კი სამტრედია ბოლნისის სიონს დაუპირისპირდება.
დინამომდე...
2015/2016 წლების სეზონი სამტრედიამ მიჯრით მოპოვებული 5 გამარჯვებით გახსნა. ქობულეთის შუქურასთან 2:0 მოგებულ შეხვედრას თასის 1/16 ფინალში იმავე ანგარიშით ხელვაჩაურის მაჭახელასთან გამარჯვება მოჰყვა. შემდეგ სამტრედიამ საპოვნელას აჯობა 3:2 და თასის საპასუხო შეხვედრაში 3:0 მოუგო მაჭახელას. შემდეგ იყო გამარჯვება თბილისის ლოკომოტივთან 3:2 და პირველი მარცხი საბურთალოსთან იმავე ანგარიშით. თასის მერვედფინალის პირველ მატჩში იმერლებმა ლიახვს მოუგეს 3:0, მერანის მარტვილი კი 4:0 დაჯაბნეს. ფრე ზუგდიდთან 3:3 და გამარჯვება გორის დილასთან ხუთი უპასუხო ბურთით. შემდეგ იყო მარცხი და მოგება, შესაბამისად ბათუმის დინამოსთან 0:2 და ქუთაისის ტორპედოსთან 3:1. თასის საპასუხო დაპირისპირებაში ცეცაძის შეგირდებმა ლიახვს 4:1 მოუგეს. ჩვენი მომავალი მეტოქე ცხინვალთან მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდა, რასაც კიდევ ერთი წაგება მოჰყვა, ამჯერად საჩხერის ჩიხურასთან იმავე ანგარიშით.
დინამო - სამტრედია
დინამოსა და სამტრედიის ურთიერთშეხვედრების ისტორია 31 მატჩს ითვლის. სხვადასხვა დროს სამტრედია სახელშეცვლილი ასპარეზობდა. პირველი სამი გათამაშება ჩვენმა მომავალმა მეტოქემ- სანავარდოს სახელით ჩაატარა. ხოლო 1998 წლიდან 2001 წლის ჩათვლით გუნდს- იბერია ერქვა. 31 ჩატარებული მატჩიდან დინამომ 24 პაექრობა გამარჯვებით დაასრულა. 3 შემთხვევაში გუნდებმა ფრედ ითამაშეს. 4 დაპირისპირება კი სამტრედიამ მოიგო. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი 76/17 თბილისელთა სასარგებლოდ.
ხუთი და მეტი ბურთით დინამომ ხუთჯერ დაამარცხა მეტოქე. 1991 წელს დინამომ 6:0 აჯობა ოპონენტს. მიხეილ ყაველაშვილის ჰეთ-თრიქს თითო გოლი თემურ ქეცბაიამ, გელა ინალიშვილმა და ზაზა რევიშვილმა მიამატეს. 1996 წელს თბილისელებმა იმავე ანგარიშით აჯობეს სამტრედიას. ალექსანდრე იაშვილი (2), როინ კერძევაძე, გიორგი დემეტრაძე, გელა ინალიშვილი და ლევან ხომერიკი გახდნენ გოლების ავტორები. ორი წლის შემდეგ ჩვენმა გუნდმა 7:2 იმარჯვა. მიხეილ აშვეთიასა და გიორგი შენგელიას დუბლს, გიორგი კიკნაძემ, დავით მუჯირმა და გელა ლურსმანაშვილმა (ს.კ.) შემატეს გოლები. 2000 წელს შეხვედრა 5:0 დასრულდა. თავის გამოჩენა თეიმურაზ გადელიამ, დავით დათვაძემ, არჩილ სახვაძემ, კახა გოგოლაძემ და ზაზა ზირაქიშვილმა მოახერხეს. 2011- ში დინამომ 7:1 დაამარცხა სამტრედია. ლევან ხმალაძემ და დონალდ ჯუისმა ორ-ორი გოლი გაუტანეს მეტოქეს. თითო გოლი პეტარ იელიჩის, ზურაბ არზიანის და გიორგი ხუმარაშვილის (ს.კ.) ანგარიშზეა. ყველაზე მეტჯერ 30 დაპირისპირებიდან დაფიქსირდა ანგარიში 1:0 (სულ შვიდჯერ). 5 მატჩი დინამომ მოიგო მინიმალური ანგარიშით და ორიც სამტრედიამ.
ბოლო მატჩი ჩემპიონატში ამ გუნდებს შორის 2015 წლის 22 თებერვალს სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა. თბილისელებმა მასპინძლებს მანუელ ონვუს გოლით 1:0 აჯობეს.
ბოლოს დინამო და სამტრედია ერთმანეთს საქართველოს თასის ფინალში, ამა წლის 26 მაისს შეხვდნენ. დინამომ მეტოქეს ხუთი უპასუხო გოლი გაუტანა. გიორგი პაპუნაშვილმა და მანუელ ონვუმ დუბლი გაახერხეს, ერთი გოლიც სამტრედიას დავით ვოლკოვმა გაუტანა.
დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები
ხვალინდელ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო სამტრედიის ფეხბურთელი- გიორგი მჭედლიშვილი გამოტოვებს.
დინამო vs სამტრედია - მსაჯი
ხვალინდელ შეხვედრას მალტელ მსაჯთა ბრიგადა– ფილიპ ფარუჯას ხელმძღვანელობით განსჯის. მას ასისტენტობას ი. სპიტერი და მ. ბორგი გაუწევენ. სათადარიგო მსაჯის ფუნქციებს კი კ. პისანი შეასრულებს.
უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც ფილიპ ფარუჯამ იმსაჯა, 2 ნოემბერს მალტის პირველობაზე გამართული- ბირკირკარა 4:1 ბალზანი გახლავთ. აღნიშნულ მატჩში ფილიპ ფარუჯამ ოთხ ფეხბურთელს უჩვენა ყვითელი ბარათი.
ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით მეტი თვალსაჩინოებისათვის ფილიპ ფარუჯას მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:
ფილიპ ფარუჯა
===========================================
მალტის პრემიერ ლიგა - 37 თამაში / 152 ყვითელი / 6 წითელი / 6 პენალტი
სამტრედიის სავარაუდო შემადგენლობა
ჩვენი ვარაუდით, ხვალინდელ მატჩში სამტრედიის სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:
მეშველიანი – შერგელაშვილი, სანდოხაძე, მთივლიშვილი, გოგიაშვილი – დათუნაიშვილი, ენდელაძე, რაჟამაშვილი, ცნობილაძე – ზივზივაძე, სიხარულიძე