• Geo
  • Eng
01.12.2015
მეოთხედფინალის წინ

ხვალ 2 დეკემბერს ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი საქართველოს თასის მეოთხედფინალის პირველ დაპირისპირებას უმასპინძლებს. ადგილობრივი ტორპედო დავით ყიფიანის სახელობის ტროფეის მოქმედ მფლობელს მიიღებს. მორიგი ქართული დერბი 17.00 საათზე დაიწყება და მისი რეპორტაჟის ნახვა დინამო თბილისის საიტზე იქნება შესაძლებელი.

საქართველოს თასის გათამაშების ეგიდით ეს გუნდები ერთმანეთს შვიდჯერ დაუპირისპირდნენ. პირველად 1992 წლის 29 აპრილს შეხვდნენ. ნახევარფინალური მატჩი თბილისელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა. გოლები ქუთაისელებს გელა ინალიშვილმა და კახა კაჭარავამ გაუტანეს. საპასუხო პაექრობა ქუთაისში ფრედ 1:1 დამთავრდა, გოლი კი შოთა არველაძის ანგარიშზეა. მომდევნო წელს მტკვრისპირელები და რიონისპირელები ისევ ნახევარფინალში შეხვდნენ ერთმანეთს. 6 მაისს თბილისში შოთა არველაძის ჰეთ თრიქით დინამომ 3:0 იმარჯვა, ხოლო 14 მაისს ქუთაისში თბილისელებმა 3:1 მოიგეს. არჩილ არველაძემ ორი გოლი გაუტანა მასპინძლებს, ერთი ზუსტი დარტყმაც შოთა არველაძის ანგარიშზეა. ნახევარფინალურ სტადიაზე გაიმართა 2000 წელს ჩატარებული შეხვედრებიც. ორივე პაექრობა ფრედ დასრულდა. 2 მაისს თბილისში 1:1 (ვალტერ გუჩუას გოლით), 9 მაისს კი ქუთაისში უგოლოდ 0:0. თასზე ბოლო ქართული დერბი 2004 წლის 26 მაისს შედგა. ყიფიანის სახელობის ტიტულის ფინალში, რომელიც მიხეილ მესხის სტადიონზე ჩატარდა თბილისელებმა ქუთაისელებს 2:1 აჯობეს. გადამწყვეტ შეხვედრაში გოლები შოთა კაშიამ და ლევან სილაგაძემ გაიტანეს. აღსანიშნავია, რომ დინამოს ისევე როგორც დღეს- გია გეგუჩაძე თავკაცობდა.

ხვალინდელ შეხვედრას ჯენერი ხორავა გაუძღვება. მას ასისტენტობას ა. კოკაია და ზ. ბერულავა გაუწევენ. დამატებითი ასისტენტები დ. სანოძე და გ. ავაზაშვილი იქნებიან. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს კი გ. ვადაჭკორია შეასრულებს. 

ტორპედოს სავარაუდო შემადგენლობა

ჩვენი ვარაუდით, ხვალინდელ მატჩში ქუთაისელთა სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება: თევდორაძე - მამასახლისი, ჭიჭინაძე, ტაბატაძე, ქიმაძე - კლიმიაშვილი, ნერგაძე, სიჭინავა, კუხიანიძე , ბაბუნაშვილი - შინდაგორიძე

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024