• Geo
  • Eng
22.07.2023
ჩვენი მეტოქე - ჰამრუნ სპარტანსი

დინამო თბილისი უეფას კონფერენციის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ შეხვედრას მალტის ქალაქ ტა’ ქალში ჩაატარებს. 25 ივლისს მატჩი თბილისის დროით 22.00 საათზე დაიწყება.

 

საფეხბურთო კლუბი ჰამრუნ სპარტანსი 1907 წელს ჩამოყალიბდა. საკლუბო ფერები შავ-წითელშია გადაწყვეტილი. სპარტანსი საშინაო მატჩებს ქალაქ ჰამრუნის, ვიქტორ ტედესკოს სახელობის 2000-იან სტადიონზე მართავს, ევროთასის შეხვედრებს კი გუნდი ტა’ ქალის ეროვნულ სტადიონზე ატარებს.

 

ჰამრუნ სპარტანსმა მალტის პრემიერ ლიგა 9-ჯერ მოიგო. აღსანიშნავია, რომ მეშვიდე ტიტული სპარტანსმა შორეულ 1991-ში აღმართა. ბოლო ორი ჩემპიონობა კი წელს და ორი წლის წინ იზეიმა. მალტის თასი შავ- წითლებმა 6-ჯერ მოიგეს, ხოლო სუპერთასი 5-ჯერ. ევროთასებზე მასპინძლები რეგულარულად 80-იან წლებში და 90-იანების დასაწყისში ასპარეზობდნენ, თუმცა პირველ ეტაპს ვერასოდეს ცდებოდნენ. შარშან, კი სპარტანსმა კონფერენციის ლიგაზე თავისთვის საუკეთესო შედეგი აჩვენა. ჰამრუნმა პირველ რაუნდში სომხური ალაშკერტი დაამარცხა, შემდეგ ბოსნიურ ველეჟ მოსტარს გაცდა, მესამე რაუნდში სოფიის ლევსკის აჯობა და მხოლოდ პლეი ოფში დათმო ბრძოლა ბელგრადის პარტიზანთან. წელს ჰამრუნმა ჩემპიონთა ლიგაზე დაიწყო ასპარეზობა, თუმცა პირველი ეტაპი ჰაიფას მაქაბისთან დათმო (0-4 და 1-2) და კონფერენციის ლიგაზე გადმოერთო.

  

სპრტანსის მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2023 წლიდან, ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი, წარსულში იტალიის ნაკრების (5 მატჩი), ატალანტას, ლაციოს, ფიორენტინას და სამპდორიის მოთამაშე, 45 წლის ლუჩანო ძაური მოღვაწეობს.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024