• Geo
  • Eng
06.02.2016
ჩვენი მეტოქე - ვოივოდინა

დინამოელები შეკრებაზე მესამე შეხვედრას 7 თებერვალს ნოვი სადის ვოივოდინას წინააღმდეგ გამართავენ. სერბებთან სპარინგი თბილისის დროით 19.00 საათზე დაიწყება. ვოივოდინა ჩვენი გუნდის დარად Susesi Luxury Resort- შია დაბინავებული.

ვოივოდინა 1914 წელს დაარსდა. ტიტები (ვოივოდინას ზედმეტსახელი) საშინაო მატჩებს კარაჯორჯეს სტადიონზე ატარებენ, რომელიც 14 500 გულშემატკივარს იტევს. გუნდის ოფიციალური ფერებია- წითელი და თეთრი.

ნოვი სადის გუნდი ორჯერ 1966 და 1989 წლებში გახდა იუგოსლავიის ჩემპიონი. ტიტებმა ოთხჯერ ვიცე ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს და ათჯერ ბრინჯაოს მედლები ირგუნეს. ვოივოდინამ 2014 წელს სერბეთის თასი მოიპოვა. ვოივოდინა სერბეთის მიმდინარე ჩემპიონატში 22 მატჩიდან დაგროვებული 35 ქულით გათამაშების ცხრილში მეხუთე ადგილს იკავებს. სერბები ბელეკში 26 იანვრიდან იმყოფებიან და უკვე 4 სპარინგის ჩატარებაც მოასწრეს. დაამარცხეს ოლექსანდრია 3:2, თავად დამარცხდნენ ვიტორულთან 0:1 და ითამაშეს ორი ფრე. შესაბამისად 1:1 ყარაგანდის შახტიორთან და 2:2 ზლატე მორავცესთან.

ნოვი სადის გუნდში აქამდე ორ დინამოელს უასპარეზია. 2009-2010 წლებში ვოივოდინას ღირსებას თბილისელთა ამჟამინდელი დირექტორი- მიხეილ ხუციშვილი იცავდა, ხოლო 2010-2012 წლებში გიორგი მერებაშვილი გამოდიოდა წითელ-თეთრი ფერებით.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024