• Geo
  • Eng
31.10.2015
დინამო vs ჩიხურა - მატჩამდე

უმაღლესი ლიგის მეათე ტურის შეხვედრას 1 ნოემბერს დინამოელები საკუთარ არენაზე საჩხერის ჩიხურას წინააღმდეგ გამართავენ. შეხვედრა 16.00 საათზე დაიწყება, ხოლო დაპირისპირების პირდაპირ რეპორტაჟს დინამოს ვებ გვერდის მეშვეობით იხილავთ.

 

 

ჩვენი მეტოქე

საჩხერის საფეხბურთო კლუბი ჩიხურა 1938 წელს დაარსდა. გუნდის ოფიციალური სიმბოლიკა ყვითელ და ლურჯ ფერებში არის გადაწყვეტილი. ჩვენი მომავალი მეტოქე საშინაო შეხვედრებს ივანწმინდას ცენტრალურ სტადიონზე მართავს, რომელიც 2000 მაყურებელს იტევს. ჩიხურა საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგას ხუთწლიანი პაუზის შემდეგ-  2012/2013 წლების სეზონში დაუბრუნდა. საქართველოს ჩემპიონატში საჩხერელთა საუკეთესო რეზულტატი 2013/2014 სეზონში დაფიქსირდა, გუნდმა უმაღლეს ლიგაში მესამე საფეხური დაიკავა. ის სეზონი ჩიხურასთვის წარმატებული გამოდგა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაზეც, საჩხერის გუნდმა გათამაშების ფინალში ჩვენი გუნდის წინააღმდეგ ითამაშა და საბოლოოდ ვერცხლის მედლებს დასჯერდა. ჩემპიონატში დაკავებული მესამე საფეხური და საქართველოს თასის ფინალისტობამ ჩიხურას ევროასპარეზზე შეხვედრების ჩატარების უფლება მისცა. გუნდმა უეფას ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდიდან დაიწყო თამაში, სადაც ჩვენმა მომავალმა მეტოქემ მაკედონიური ტურნოვოს ბარიერი დაძლია, იმარჯვა რა ორივე შეხვედრაში 1:0 და 3:1. მეორე ეტაპზე თურქულ ბურსასპორთან ორივე პაექრობა უგოლოდ დასრულდა. პენალტების სერიაში კი საჩხერლებმა იყოჩაღეს. მესამე რაუნდში აზერბაიჯანულ ნეფთჩისთან მატჩი ბაქოში 0:0 დასრულდა. თბილისური პაექრობა კი სტუმართა გამარჯვებით 3:2 მორჩა. წინა სეზონში კი გუნდმა 30 ჩატარებულ შეხვედრაში მოპოვებული 46 ქულით ეროვნული გათამაშება მეხუთე პოზიციაზე დაასრულა.

 

 

მწვრთნელი და ჩიხურა

საჩხერის ჩიხურას მთავარი მწვრთნელი 2008 წლიდან დღემდე სოსო ფრუიძე გახლავთ, რომელთან ერთადაც გუნდმა პირველ ლიგაში წარმატებას მიაღწია და უმაღლეს ლიგაში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. სოსო ფრუიძემ ჩიხურაში ექვსწლიანი მოღვაწეობის თავზე გუნდი ქართულ საფეხბურთო ელიტაში ანგარიშგასაწევ ძალად აქცია. 2013/2014 სეზონში გუნდმა წარმატებულად იასპარეზა ეროვნულ ჩემპიონატშიც და თასის გათამაშებაზეც. მოიპოვა საქართველოს სუპერთასი. იასპარეზა ევროთასებზე, სადაც თავი არ შეურცხვენია.  მიმდინარე პირველობაზე ზემო იმერლებს 9 ტურის მერე 14 ქულა აქვთ და მე- 7 ადგილზე იმყოფებიან.

 

 

დინამომდე ...

ჩიხურამ პირველობა ლოკომოტივთან 1:0 გამარჯვებით გახსნა. შემდეგ თასის 1/16 ფინალის პირველ მატჩში იმავე ანგარიშით ოზურგეთის მერცხალს აჯობა. ჩიხურა 0:1 დამარცხდა საბურთალოსთან, რასაც 4 მატჩიანი მოგებათა სერია მიაყოლა. თასზე საპასუხო შეხვედრაში მერცხალი დაამარცხა 4:0, პირველობაზე მარტვილის მერანს 3:0 მოუგო და ზუგდიდს ერთის წილ ოთხი გოლი გაუტანა. თასის მერვედფინალის პირველ დაპირისპირებაში კი 2:0 აჯობა თერჯოლის საპოვნელას. შემდეგ იყო მარცხი და ფრე, შესაბამისად გორის დილასთან 0:1 და ბათუმის დინამოსთან 1:1. საჩხერლებმა ქუთაისის ტორპედოს მოუგეს 3:0 და ცხინვალთან საყაიმო ანგარიშით 1:1 დაასრულეს მატჩი. ფოთის კოლხეთმა 1:0 აჯობა ჩვენს მომავალ მეტოქეს, ხოლო ბოლო შეხვედრაში ზემო იმერლებმა უგოლო ფრე ითამაშეს საპოვნელასთან და თასის მეოთხედფინალის საგზურიც მიიღეს.

 

 

დინამო vs ჩიხურა

დინამო და ჩიხურა ეროვნულ ასპარეზზე დღემდე ერთმანეთს 12 შეხვედრაში დაუპირისპირდნენ. დინამოს ანგარიშზე დიდი უპირატესობაა- 8 მოგება, 1 მარცხი და 3 ფრე. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი 35/9 თბილისელთა სასარგებლოდ. 2006 წლის 18 ნოემბერს დინამომ ანგარიშით 3:1 აჯობა მეტოქეს. გოლები  ხუციშვილმა, იაშვილმა და თავბერიძემ (საკუთარ კარში) გაიტანეს. მეორე მატჩი 2007 წლის 16 მაისს გაიმართა და ჩვენმა გუნდმა მშრალი ანგარიშით- 5:0 იმარჯვა. გატანილი გოლებით ფეიქრიშვილი, იაშვილი, მერებაშვილი, ხუციშვილი და გურამ კაშია გამოირჩნენ. მესამე შეხვედრა ამ გუნდებს შორის 2012 წლის 26 სექტემბერს საჩხერეში შედგა და უგოლოდ დასრულდა. მეოთხედ დინამო თბილისი საჩხერლებს 2 დეკემბერს დინამო არენაზე დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით 5:2 იმარჯვა. ჩისკომ აღნიშნულ შეხვედრაში ჰეთ თრიქი შეასრულა. თითო გოლი კი ალვაროს და დვალის ანგარიშზეა. 2013 წლის 6 აპრილს ჩატარებულ მატჩში დინამომ სამი უპასუხო ბურთით იმარჯვა. ჩისკოს დუბლს ერთი გოლი ხმალაძემ მიამატა. მეექვსე შეხვედრა ამ გუნდებს შორის საჩხერეში 12 მაისს გაიმართა და ჩვენი გუნდის გამარჯვებით 4:2 დასრულდა. გოლები გრაიციარის, ჩისკოს, მერებაშვილის და კოტოს ანგარიშზეა. 2013 წლის 20 ოქტომბერს დინამომ ანგარიშით 6:1 დაამარცხა მეტოქე. ჩისკომ მორიგი ჰეთ თრიქი შეასრულა, დვალმა კი დუბლი. ერთი გოლიც ძარიას ანგარიშზეა. 2014 წლის 2 მარტს ზესტაფონში გაიმართა ამ გუნდების დაპირისპირება. თბილისელებმა 5:1 აჯობეს ჩიხურას. ჩისკომ ისევ ჰეთ თრიქი გაიფორმა. თითო გოლი მერებაშვილმა და პაპუნაშვილმა გაიტანეს. 4 აპრილს ივანწმინდაში თამაში ფრედ 1:1 დასრულდა. გოლი მარცვალაძის ანგარიშზეა. შემდეგი დაპირისპირება დინამოზე 7 მაისს გაიმართა და უგოლოდ მორჩა. შარშან 7 დეკემბერს ივანწმინდაში, ჩიხურამ თავის ისტორიაში პირველად დაამარცხა დინამო- 1:0.

ბოლოს გუნდები ერთმანეთს თბილისში შეხვდნენ. 22 მაისს ჩატარებული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 3:0 მორჩა. გოლები საჩხერელთა კარში- გიორგი პაპუნაშვილმა, ლაშა თოთაძემ და ვახო ჭანტურიშვილმა გაიტანეს.

 

დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

ხვალინდელ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო დინამოს ცენტრალური მცველი- გიორგი გველესიანი გამოტოვებს. 

 

 ჩიხურას სავარაუდო შემადგენლობა

ჩვენი ვარაუდით, ხვალინდელ მატჩში საჩხერელთა სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:

კუპატაძეკაშია, გრიგალაშვილი, მეგრელიშვილი, ჩიკვაიძე განუგრავა, ჭეჭელაშვილი, დობროვოლსკი, დეკანოიძე  – მუმლაძე, სარდალიშვილი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024