• Geo
  • Eng
12.12.2015
პირველი წრე პირველი ადგილით

დღეს ქობულეთში ჩელე არენამ საქართველოს ჩემპიონატის პირველი წრის ბოლო შეხვედრას უმასპინძლა. ადგილობრივი შუქურა დინამო თბილისს დაუპირისპირდა. აღნიშნულ შეხვედრას დედაქალაქელები სატურნირო ცხრილში პირველი ადგილით შეხვდნენ, ხოლო მასპინძლები მერვე პოზიციით.

ქობულეთის მზიან ამინდში ორივე გუნდმა შეხვედრა აქტიურად დაიწო. ტაიმის შუაში გიორგი გურულმა და გრიგოლ დოლიძემ სახიფათო დარტყმები გაცვალეს. მომდევნო შეტევაში კი ლაშა ჩალაძის ძლიერად დარტყმული ბურთი ოდნავ აცდა თბილისელთა კარს. ცოტახანში ალექსანდრე იაშვილი საჯარიმოს მისადგომებიდან გზავნიდა ბურთს, მაგრამ მისი დარტყმულიც არაზუსტი გამოდგა. 33- ე წუთზე კი თბილისელებმა სწრაფი შეტევით გახსნეს ანგარიში. ჯაბა ჯირაური სახიფათოდ შეიჭრა შუქურას საჯარიმოში, ძლიერად დაარტყა, დამატებაზე გიორგი ქვილითაიამ ითამაშა ზუსტად, ჩემპიონატში მეთორმეტე გოლი გაიტანა და სტუმრები დააწინაურა. ტაიმის ბოლოსკენ შუქურას მცველთა შეცდომით გურულს შეექმნა კარგი მომენტი, თუმცა დინამოელთა მცველმა ვერ ისარგებლა ამ სიტუაციით.

მეორე ტაიმი ათი წუთის დაწყებული იყო, გიორგი ქვილითაიას დარტყმული მასპინძელთა კარის ხარიხამ რომ მოიგერია. მომდევნო შეტევაში კი ისევ ქვილითაია ამწვავებდა სიტუაციას, მისი ახლო მანძილიდან თავით დარტყმული აზამატ ჯიოევმა მოიგერია. ხარიხამ 68- ე წუთზე კიდევ ერთხელ გადაარჩინა მასპინძელთა კარი, როდესაც რენემ საბა ლობჟანიძის ჩაწოდებულ ბურთს შეაგება თავი, შემდეგ კი ქვილითაიამ მოარტყა ბურთი ძელს. მასპინძლებმა 71- ე წუთზე მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება. შუქურას შეტევა გიორგი ჩელებაძემ დააგვირგვინა. მატჩის დასრულებამდე ათი წუთით ადრე ჩელებაძემ და ქვილითაიამ სახიფათო დარტყმები გაცვალეს, ორივე შემთხვევაში მეკარეებმა ივარგეს. კუთხურიდან საბა ლობჟანიძის მიერ ჩაწოდებულს გიორგი გურული გამოეხმაურა და თავური დარტყმით წინ გაიყვანა დინამო. ბოლო წუთზე ჯაბა ჯიღაურმა რენეს გამჭოლი გადაცემის შემდეგ მიიღო ბურთი საჯარიმოს მისადგომთან ახლოს, ძლიერად და ზუსტად გაისროლა და მატჩის ბედიც გადაწყვიტა. თბილისელებმა ამ მოგებით 40 ქულა დააგროვეს და ზამთრის შესვენას სატურნირო ცხრილში პირველი ადგილით შეეგებნენ.

მომდევნო მატჩს დინამო 16 დეკემბერს თბილისში გამართავს. თასის მეოთხედფინალის საპასუხო დაპირისპირებაში ქართული დერბი შედგება.

შუქურა  1:3  დინამო

გოლი: 0:1 ქვილითაია 33’  1:1 ჩელებაძე 71’  1:2 გურული 83’  1:3 ჯიღაური 90’

გაფრთხილება: ჯანელიძე 40’  თარხნიშვილი 61’ 

შუქურა: ჯიოევი, კომახიძე (ლობჯანიძე 55), ბრაჭული, ჭეიშვილი, გეგეჭკორი, შარიქაძე, თარხნიშვილი, დოლიძე, ჩალაძე, ჩელებაძე, ურიდია (კერძევაძე 76)

დინამო: ჰრდლიჩკა, კაკაბაძე, რენე, გველესიანი, გურული, ცინცაძე, პარუნაშვილი, ჯიღაური, ჯანელიძე (ჭელიძე 88), იაშვილი (ლობჟანიძე 65), ქვილითაია (არაბული 84)

მსაჯი: გ. კიკაჩეიშვილი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024