• Geo
  • Eng
10.02.2016
დინამომ სლოვანი დიდი ანგარიშით დაამარცხა

მეოთხე სპარინგი - მეოთხე გამარჯვება. ასეთია ბელეკში შეკრებაზე მყოფი დინამოს შედეგი. ჩვენი გუნდის მორიგი ოპონენტი ბრატისლავის სლოვანი გახლდათ.

მატჩი უხვგოლიანი გამოდგა. სპარინგი მაღალ ტემპში და საინტერესოდ წარიმართა. პირველი 15 წუთი შეიძლება ითქვას სათამაშო უპირატესობა ჩვენს ოპონენტს გააჩნდა, თუმცა ამის შემდეგ თბილისელებმა გამოასწორეს თამაში და სადავეები ხელიდან სპარინგის ბოლომდე აღარ გაუშვიათ. ანგარიში 31- ე წუთზე უნაკლო თერთმეტმეტრიანით ალექსანდრე იაშვილმა გახსნა. მანამდე გიორგი ქვილითაიაზე იუხეშეს საჯარიმოში. შემდეგ იმავე ქვილითაიამ, რომელიც პირველ ტაიმში საკამოდ აქტიური გახლდათ, სოლო გარღვევით მეორედ აიღო სლოვანის კარი. პირველ ნახევარში ასევე აღსანიშნავია ნიკოლოზ ბეგაშვილის ორი სეივი. მეორე ნახევრის დებიუტში პარუნაშვილი-ჯიღაური-ჭანტურიშვილის კომბინაცია ამ უკანასკნელის ზუსტი დარტყმით დასრულდა და ანგარიშიც 3:0 გახდა. შემდეგ იყო მეტოქის მომენტი და ლიბორ ჰრდლიჩკას კარგი თამაში, რასაც ნიკოლოზ გელაშვილის გოლი მოჰყვა მუხას კარში. ნიკას ასისტენტობა ოთარ კიტეიშვილმა გაუწია. ამის შემდეგ გოლები მიყოლებით გავიდა. ჯერ სლოვანის ფეხბურთელებმა მოიპოვეს პენალტის შესრულების უფლება და ერთი გოლი გაქვითეს, შემდეგ კი ნიკა გელაშვილმა ლამაზი დარტყმით სტატუს ქვო აღადგინა და დუბლი გაიფორმა. ასისტენტობა კვლავ კიტეიშვილმა ჩაიწერა თავის აქტივში. მე- 80 წუთზე თბილისელებმა გოლი გაუშვეს და მატჩის საფინალო ანგარიშიც დაფიქსირდა. დინამომ 5:2 იმარჯვა. მეხუთე სპარინგს იურაი იარაბეკის გუნდი 13 თებერვალს ლვოვის კარპატთან გამართავს, 14- ში კი დინამოელები თბილისში დაბრუნდებიან.

დინამო 5:2 სლოვანი

გოლი: 1:0 იაშვილი (პენ) 31’  2:0 ქვილითაია 43’  3:0 ჭანტურიშვილი 48’  4:0 გელაშვილი 71’  4:1 ვიტეკი (პენ) 77’  5:1 გელაშვილი 79’  5:2 სიმოვიჩი 80’

დინამო: ბეგაშვილი (ჰრდლიჩკა 46), ჭელიძე (გველესიანი 46), რენე, ამისულაშვილი, გურული (თევზაძე 71), ცინცაძე, ალვარო (პარუნაშვილი 46), ჯიღაური (ს. ლობჟანიძე 65), ჭანტურიშვილი (ჯანელიძე 65), იაშვილი (კიტეიშვილი 46), ქვილითაია (გელაშვილი 46)

სლოვანი: მუხა, სეკულიჩი, სავიჩევიჩი, კუბიკი, გონსალესი, მილინკოვიჩი, სკოტი, სალატა, ვიტეკი, პოდანი, ადილეჰუ

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024