• Geo
  • Eng
18.11.2015
დინამო vs სამტრედია - ურთიერთშეხვედრების ისტორიიდან

21 ნოემბერს, საქართველოს XXVII ეროვნული ჩემპიონატის მე- 12 ტურში დინამო თბილისი სამტრედიას დაუპირისპირდება. შეხვედრა დინამო არენაზე გაიმართება და 16.00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირი და ტექსტური რეპორტაჟის ნახვა დინამოს ოფიციალურ ვებ გვერდზე იქნება შესაძლებელი.

დინამოსა და სამტრედიის ურთიერთშეხვედრების ისტორია 31 მატჩს ითვლის. სხვადასხვა დროს სამტრედია სახელშეცვლილი ასპარეზობდა. პირველი სამი გათამაშება ჩვენმა მომავალმა მეტოქემ- სანავარდოს სახელით ჩაატარა. ხოლო 1998 წლიდან 2001 წლის ჩათვლით გუნდს- იბერია ერქვა. 31 ჩატარებული მატჩიდან დინამომ 24 პაექრობა გამარჯვებით დაასრულა. 3 შემთხვევაში გუნდებმა ფრედ ითამაშეს. 4 დაპირისპირება კი სამტრედიამ მოიგო. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი 76/17 თბილისელთა სასარგებლოდ.

ხუთი და მეტი ბურთით დინამომ ხუთჯერ დაამარცხა მეტოქე. 1991 წელს დინამომ 6:0 აჯობა ოპონენტს. მიხეილ ყაველაშვილის ჰეთ-თრიქს თითო გოლი თემურ ქეცბაიამ, გელა ინალიშვილმა და ზაზა რევიშვილმა მიამატეს. 1996 წელს თბილისელებმა იმავე ანგარიშით აჯობეს სამტრედიას. ალექსანდრე იაშვილი (2), როინ კერძევაძე, გიორგი დემეტრაძე, გელა ინალიშვილი და ლევან ხომერიკი გახდნენ გოლების ავტორები. ორი წლის შემდეგ ჩვენმა გუნდმა 7:2 იმარჯვა. მიხეილ აშვეთიასა და გიორგი შენგელიას დუბლს, გიორგი კიკნაძემ, დავით მუჯირმა და გელა ლურსმანაშვილმა (ს.კ.) შემატეს გოლები. 2000 წელს შეხვედრა 5:0 დასრულდა. თავის გამოჩენა თეიმურაზ გადელიამ, დავით დათვაძემ, არჩილ სახვაძემ, კახა გოგოლაძემ და ზაზა ზირაქიშვილმა მოახერხეს. 2011- ში დინამომ 7:1 დაამარცხა სამტრედია. ლევან ხმალაძემ და დონალდ ჯუისმა ორ-ორი გოლი გაუტანეს მეტოქეს. თითო გოლი პეტარ იელიჩის, ზურაბ არზიანის და გიორგი ხუმარაშვილის (ს.კ.) ანგარიშზეა. ყველაზე მეტჯერ 30 დაპირისპირებიდან დაფიქსირდა ანგარიში 1:0 (სულ შვიდჯერ). 5 მატჩი დინამომ მოიგო მინიმალური ანგარიშით და ორიც სამტრედიამ.

ბოლო მატჩი ჩემპიონატში ამ გუნდებს შორის 2015 წლის 22 თებერვალს სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა. თბილისელებმა მასპინძლებს მანუელ ონვუს გოლით 1:0 აჯობეს.

ბოლოს დინამო და სამტრედია ერთმანეთს საქართველოს თასის ფინალში, ამა წლის 26 მაისს შეხვდნენ. დინამომ მეტოქეს ხუთი უპასუხო გოლი გაუტანა. გიორგი პაპუნაშვილმა და მანუელ ონვუმ დუბლი გაახერხეს, ერთი გოლიც სამტრედიას დავით ვოლკოვმა გაუტანა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024