• Geo
  • Eng
21.11.2015
მერვე საშინაო მოგება

დღეს დინამო არენაზე გათამაშების ლიდერმა მე- 12 ტურის შეხვედრაში ჩემპიონატის მეხუთეადგილოსანი მიიღო და საინტერესო მატჩი სათავისოდ 3:1 დაასრულა.

მატჩი გუნდებმა საშუალო რიტმში დაიწყეს. მე- 12 წუთზე სტუმრებმა სახიფათო მომენტი შექმნეს მასპინძელთა კართან. ახლო მანძილიდან თავით გიორგი დათუნაიშვილი უტევდა, ლიბორ ჰრდლიჩკამ კი დინამოელთა კარი იხსნა. მე- 19 წუთზე ჰრდლიჩკას თავისი ოსტატობის ჩვენება, დავით რაჟამაშვილის დარტყმის შემდეგაც დასჭირდა. მომდევნო შეტევაში კი გაბრიელ თებიძემ იხსნა საკუთარი კარი. მახვილი კუთხიდან ძლიერად ოთარ კაკაბაძე ურტყავდა. შეხვედრის 31- ე წუთზე ბუდუ ზივზივაძემ გახსნა ანგარიში. მეკარე მიწვდა ბურთს, მაგრამ ბოლომდე ვერ შეუცვალა მიმართულება 0:1. ზემოთხსენებული შეტევის დროს ტრავმა მიიღო გიორგი თევზაძემ და მის ნაცვლად მოედანზე გიორგი გველესიანი შემოვიდა. ტაიმის დასრულებამდე 5 წუთით ადრე, ალექსანდრე იაშვილის გადაცემის შემდეგ, ვახო ჭანტურიშვილმა კარის აღების რეალური შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან. დინამოელებმა საბოლოოდ რამდენიმე ფაზიანი შეტევა მაინც გოლით დაასრულეს. ჩაჭრილ ბურთზე ზუსტად ჯაბა ჯიღაურმა ითამაშა და სტატუს ქვო აღადგინა 1:1. ორ წუთში კი ალექსანდრე იაშვილის (რომელიც დინამოს მაისურით საიუბილეო, მე- 100 შეხვედრას ატარებდა) მიერ ჩაწოდებულ ჯარიმას, ძლიერი თაურ დარტყმით გიორგი გურული გამოეხმაურა, თბილისელები დააწინაურა 2:1 და ტაიმიც გათავდა.

მეორე ტაიმის მე- 7 წუთზე თეიმურაზ მარკოზაშვილის დარტყმული ბურთი დინამოს კარის ხარიხამ მოიგერია. საპასუხო შეტევაში თებიძემ ითამაშა ზუსტად და სამტრედია გაშვებულ გოლს გადაარჩინა. სტუმართა კარს ვახო ჭანტურიშვილი უტევდა. 61- ე წუთზე ჯაბა ჯიღაური შეიჭრა სამტრედიის საჯარიმოში და ზუსტი დარტყმით 3:1 გახადა ანგარიში. შეიძლება ითქვას, რომ საწყისი წუთების შემდეგ მატჩი საკმაოდ აქტიურად წარიმართა. 70- ე წუთზე ოთარ კიტეიშვილის დარტყმული, სტუმართა კარს ოდნავ აცდა. შეტევა კი რენე ფერირამ წამოიწყო და რამდენიმე მეტოქის გვერდის ავლით სამტრედიის საჯარიმოში შევიდა. ცოტახანში ავთო ენდელაძის სახიფათო შეტევა ლიბორ ჰრდლიჩკამ განმუხტა. მე- 80 წუთზე მათე ცინცაძემ მოედნის ცენტრიდან ზუსტად იპოვნა ვახო ჭანტურიშვილი, მისი გასროლილი კი ოდნავ აცდა თებიძის კარს. მატჩის ბოლო წუთზე ოთარ კაკაბაძე ემუქრებოდა სტუმართა კარს, მაგრამ საბოლოოდ არაზუსტად ითამაშა. საბოლოოდ დინამომ 3:1 აჯობა სამტრედიას, 31 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილს ლიდერობს.

მომდევნო მატჩს თბილისელები 28 ნოემბერს ლანჩხუტის გურისთან გამართავენ.

დინამო  3:1  სამტრედია

გოლი: 0:1 ზივზივაძე 31’  1:1 ჯიღაური 43’  2:1 გურული 45’  3:1 ჯიღაური 61’ 

გაფრთხილება: თევზაძე 6’  ენდელაძე 23’  პარუნაშვილი 31’  რენე 56’ 

დინამო: ჰრდლიჩკა, კაკაბაძე, რენე, გურული, თევზაძე (გველესიანი 34), მ. ცინცაძე, პარუნაშვილი, ჯიღაური, ჭანტურიშვილი, იაშვილი (კიტეიშვილი 62), ქვილითაია (ლობჟანიძე 86)

სამტრედია: თებიძე, სანდოხაძე, გოგიაშვილი, შერგელაშვილი, მთივლიშვილი, ცნობილაძე (სიხარულიძე 46), დათუნაიშვილი, ენდელაძე, რაჟამაშვილი, ზივზივაძე, მარკოზაშვილი (ჯიქია 66)

მსაჯი: ფ. ფარუჯა (მალტა)

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024